"იუვენტუსი" - ლიდერი მოედანზე და მის მიღმა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების "დინამოსთან" შეხვედრის წინ, "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა და არა მარტო ერთ კონკრეტულ თამაშზე, სხვა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ალეგრიმ ამ სეზონის სტარტი შეაფასა.

სერია A
იტალიის ჩემპიონატის დაწყებიდან 6 ტურია გასული, ჩვენ აქტივში კი 15 ქულაა. რამდენიმე გამარჯვება შედარებით იოლად მოვიდა, რამდენიმე მატჩში კი გაგვიჭირდა. "ინტერთან" მარცხსაც პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან მიწაზე დავეშვით და სწორი დასკვნები გამოვიტანეთ.

არ შეიძლება იყო კმაყოფილი საკუთარი თამაშით და თქვა, რომ სრულყოფილებას მიაღწიე - ყოველთვის არის გზა, საითაც უნდა იარო, რომ
უკეთესი გახდე. უნდა მოვუმატოთ კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე და მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დიდი მიზნების მიღწევა. ტიტულებს იგებენ ის გუნდები, რომლებსაც არ აქვთ დიდი ჩავარდნები და მთელი წლის განმავლობაში პროგრესირებენ. სწორედ ასე უნდა ვიაროთ ჩვენ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ.

ჩემპიონთა ლიგა
გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელოდებიან ჩემპიონთა ლიგის მატჩებს და ეს სრულიად გასაგებია. "იუვენტუსი" მომწიფდა იმისთვის, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გაიბრწყინოს. თითოეული მატჩისთვის იდეალურად უნდა მოვემზადოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, რაც "სევილიასთან" მატჩმა ნათლად დაგვანახა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ თუნდაც ზაგრების "დინამო" სუსტი გუნდია, ძალიან ცდება.

არის თუ არა "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? - დიახ, ერთ-ერთი ფავორიტია, რაც ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა. გუნდები "იუვეს" წინააღმდეგ გაორმაგებული ენერგიით თამაშობენ, რაც გვირთულებს საქმეს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა, იქ კი წასაგებად არავინ თამაშობს.

ახალწვეულები
გონსალო იგუაინი უკვე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უკეთ ათამაშდება. ახალ გუნდთან ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება და გონსალო კიდევ უფრო სახიფათო გახდება მეტოქეებისთვის. მომწონს მისი მებრძოლი ხასიათი და შემართება.

ბევრს საუბრობდნენ მასში გადახდილი კოლოსალური თანხის შესახებ, მე კი ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მირალემ პიანიჩი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაცემულ ავანსებს სრულად გაამართლებს. ხშირად ამბობენ, რომ თამაშს ნახევარდაცვა იგებს, იქ კი პიანიჩს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

მირალემს ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდი აქვს და უახლოეს მომავალში გაცილებით უკეთ ათამაშდება. მცირე სათამაში დრო აქვს მარკო პიაცას, თუმცა გუნდისთვის ისიც მნიშვნელოვანი ფიგურაა და მომავალში უფრო ხშირად მიეცემა თამაშის საშუალება. დაცვაში მეჰდი ბენატიამ გაგვაძლიერა და ვფიქრობ, მისი სახით, საკვანძო ფეხბურთელი დავიმატეთ. სეზონი გრძელია და როტაცია დაცვაშიც უნდა მოხდეს.

კონკურენტები
"ნაპოლიმ" გონსალო იგუაინი დაკარგა, მაგრამ გუნდში არიან მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც უმაღლესი მიზნისთვის შეუძლიათ ბრძოლა. მაურიციო სარის გუნდმა ჩემპიონატში კარგი სტარტი აიღო და ვფიქრობ, ჩვენ შორის დიდი კონკურენცია იქნება. "ინტერს" დიდი პოტრნციალი აქვს, რაც "ჯუზეპე მეაცაზე" თამაშისას საკუთარ ტყავზე ვიგრძენით. თუ ფრანკ დე ბურის გუნდმა სტაბილურობა მოიპოვა, მათი შეჩერება ყველას გაუჭირდება. აუცილებლად მოუმატებს "რომა", რადგან ამ გუნდსაც დიდი რესურსი გააჩნია. ვფიქრობ, სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ უმაღლესი მიზნებისთვის.

ამაყი ანიელი
უკვე მეორე წელია, რაც "იუვენტუსი" წლის ფინანსურ ანგარიშს ასაჯაროვებს და ცნობილია, რომ ტურინულ კლუბს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ხარჯი. ანუ, ყველა სიკეთესთან ერთად, "იუვენტუსი" ფინანსურად მომგებიანი პროდუქტია და ბუნებრივია, რომ უპირველესად ეს ანიელების დამსახურებაა.

"იუვენტუსის" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ აუღო ალღო კლუბის მართვას და წარმატებით უძღვება საქმეს. არადა, "იუვემდე", ანდრეას "ფერარი" ჩააბარეს, რომელიც ასევე ანიელებს ეკუთვნით და იქ კი ნაკლებად წარმატებული იყო. მოკლედ, ანდრეა ანიელიმ "იუვენტუსის" პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი თავი იპოვა, დღეს კი კლუბის წარმატებებით ამაყობს და ვრცელ კომენტარს აკეთებს:

"კალჩოპოლის პროცესების შემდეგ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასეთ მოკლე პერიოდში, "იუვენტუსი" ფინანსურად წარმატებილი პროდუქტი იქნებოდა. მუხლჩაუხრელი და სწორი მუშაობით შევძელით ის, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ. მაშინ, როდესაც სხვა იტალიური კლუბები წელიწადს 100-მილიონიანი გარღვევით ასრულებენ, ჩვენ მოგებაზე გავდივართ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებშიც ყველაზე მეტს ვხარჯავთ და სახელფასო ფონდიც სხვებზე მაღალი გვაქვს.

ჩვენი სურვილია, რომ სხვა იტალიურმა კლუბებმა მოგვბაძონ და ისინიც წარმატებულნი გახდნენ. ეს არაა უბრალო სიტყვები, რადგან ჩვენ დავიწყეთ სემინარების ჩატარება, რომლის მიზანია სხვებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება. მიხარია, რომ ამ პროექტმა დიდი ინტრერესი გამოიწვია და სხვა კლუბები არ თაკილობენ ამ გამოცდილების მიღებას. "იუვენტუსი" ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული