იმპერატორის იუბილე 250 გოლით და მომავლის იმედით

AutoSharing Option
27 სექტემბერს ფრანჩესკო ტოტი 40 წლის გახდა. "რომას" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია და თავისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ტოტი "რომას" მთავარ გუნდში 1993 წლიდან ასპარეზობს - ამ პერიოდში, "ჯალოროსის" მაისურით 763 მატჩი აქვს გამართული და 306 გოლი გატანილი.

სერია A-ში ფრანჩესკოს ანგარიშზე 250 გოლია და მასზე წინ მხოლოდ სილვიო პიოლაა 274 გოლით. ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ეს სეზონი არ იქნება ტოტისთვის ბოლო "რომას" შემადგენლობაში და ის კიდევ ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. საგულისხმოა, რომ პიოლის
რეკორდამდე ფრანჩესკოს 24 გოლი აშორებს და თუ მიმდინარე სეზონში მარაგი კიდევ უფრო გაზარდა და სარეკორდო მაჩვენებელს მიუახლოვდა, პიოლის გადასწრება მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ეს კონტრაქტის გახანგრძლივების ალბათობას აუცილებლად გაზრდის.

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ღიად დაუჭირა მხარი ტოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და ისიც კი განაცხადა, რომ თუ ფრანჩესკო წავა, გუნდში არც ის დარჩება. საგულისხმოა, რომ თავად ტოტის მწვრთნელის ამ ჟესტისთვის საპასუხო რევერანსით არ უპასუხია, ფეხბურთელის მეუღლემ კი მწვრთნელი სულაც გამოლანძღა - შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ტოტის და სპალეტის შორის კონფლიქტი მოხდა და მაშინ, მწვრთნელმა კლუბის მესვეურებს ულტიმატუმიც კი წაუყენა: ან მე და ან ტოტიო. დღეს, მწვრთნელს და ფეხბურთელს უკეთესი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ტოტის მეუღლე ილარი ბლაზი სპალეტიზე დღემდე ნაწყენია, რაზეც მისი კომენტარი მოწმობს:

"სპალეტი ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ მისი სიტყვები აცდენილია მის საქციელს. დღეს, დასჭირდა, რომ ფრანჩესკოზე კარგი ეთქვა და იმიტომაც შეიცვალა პოზიცია. იყო პერიოდი, როდესაც ტოტი მოკვეთილი იყო მთავარი გუნდიდან და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ფრანჩესკოს რომ "ტრიგორიას" ბაზაზე არ მიესვლება, ეს იგივეა, რომ ის სახლიდან გააგდო.

რამდენიმე თვის წინ, სპალეტიმ ურცხვად განაცხადა, რომ ტოტის კი სურს უმაღლეს დონეზე თამაში, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს. სამწუხაროა, რომ წლებმა მწვრთნელს გონიერება არ შესძინა, ტოტი კი ისევ უმაღლეს დონეზე თამაშობს. ჩემთვის, სპალეტი პატარა კაცია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული