რომა-ინტერის გამოხმაურება: დღეს "რომა" უფრო ძლიერია

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგა, სადაც "რომამ" "ინტერს" უმასპინძლა. ორივე გუნდს ჰქონდა გამონათებები, მაგრამ მთლიანობაში არასტაბილურად ასპარეზობდნენ და აღნიშნულ მატჩს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა. ბურთს უფრო ხშირად სტუმრები აკონტროლებდნენ, რაც ბუნებრივია, რადგან მატჩის დიდი ნაწილი, "ინტერი" მდევრის როლში იყო და აქტიურობდა.

მატჩის პერიპეტიების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, "რომამ" უფრო დალაგებული, ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ლუჩანო სპალეტის
გუნდი არასტაბილურია, მაგრამ პერიოდულად, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს; აი, ფრანკ დე ბურს კი ძალიან ბევრი აქვს სამუშაო - "ინტერის" თამაშში უამრავი ხარვეზია, გაწყვეტილი კავშირი რგოლებს შორის და კიდევ არაერთი პრობლემაა. მატჩის შემდგომ მწვრთნელებმა ვრცელი კომენტარები გააკეთეს...

ლუჩანო სპალეტი (რომა): "მშვენიერი მოგება, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა პასუხი. მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ვასპარეზობთ, მაგრამ ამ მოგებით ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. წინ სანაკრებო პაუზაა და მოგვეცემა იმის დრო, რომ ვითარება დეტალურად გავაანალიზოთ. ხანდახან მეტოქე გვაიძულებს, რომ უბურთოთ ვირბინოთ და ასეთ დროს ძალიან ვიღლებით. ეს დაუშვებელია და გუნდი უფრო კარგად მომზადებული უნდა იყოს მძიმე მატჩებისთვის. ჩვენი მიზანია ყველა კონკრეტული შეხვედრის მოგება, დანარჩენი კი გამოჩნდება".

ფრანკ დე ბური (ინტერი): "ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში და შესაბამისად, დავისაჯეთ. მეორე ნახევარში შედარებით გამოვასწორეთ თამაში, უპირატესობასაც დავეუფლეთ, მაგრამ სულელური გოლი გავუშვით მანოლასისგან და შრომა წყალში ჩავყარეთ. ხშირად ვკარგავდით ბურთს მარტივ სიტუაციებში, რაც ასევე დაუშვებელია. მეორე ტაიმში იყო მონაკვეთები, როდესაც შესანიშნავად ვთამაშობდით და სწორედ ასე უნდა იყოს მთელი 90 წუთის განმავლობაში. გაბრიელ ბარბოსა თადარიგში რჩება იმიტომ, რომ ჯერ არაა მზად ფიზიკურად. ვარჯიში სჭირდება და დრო იმისთვის, რომ თანაგუნდელებს დაეწიოს. მთლიანად გუნდს სჭირდება დრო, რომ უკეთ ათამაშდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გრცხვენიათ რა თამაში იყო და რას წერთ.
დათო
13:13 04-10-2016
0

სიახლეები პოპულარული