ამ უქმეებზე, "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს და ეს მატჩი აქედანვე იწვევს დიდ ინტერესს. გავეცნოთ საინტერესო კომენტარებს მოახლოებული ჯახის შესახებ.
მაურიციო სარი (ნაპოლი): "წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება, რომელიც უშეღავათო ბრძოლაში ჩაივლის. იქნები ბევრი ბრძოლა, ვნება და ემოცია, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და საჭირო მომენტში,
ლუჩანო სპალეტი (რომა): "ნეაპოლში თამაში ურთულესია და ეს არაერთხელ გამომიცდია საკუთარ თავზე. ჩვენც და მეტოქეც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და შესაბამისად, წინ საინტერესო მატჩი გველის. გამოავლენს თუ არა ეს თამაში "იუვენტუსის" მთავარ კონკურენტს? - ასეთ ფორმულირებას არ ვეთანხმები, რადგან წინ გრძელი სეზონია და შესაბამისად, კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. დიახ, ეს არის ბრძოლა 6 ქულისთვის, მაგრამ არა "იუვეს" მთავარი კონკურენტის გამოსავლენად".
ფრანჩესკო ტოტი (რომა): "ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქში, ნეაპოლშიც მოსაგებად ჩავდივართ, თუმცა სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, იქ ამის გაკეთება ჯოჯოხეთურად რთულია. მეტოქე შეგვიტევს და პრესინგს შემოგვთავაზებს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, რადგან მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას. თუ "ნაპოლის" ბურთი დავუთმეთ, სასურველ მიზანს ვერ მივაღწევთ. ვიქნები თუ არა ძირითად შემადგენლობაში? - ამას მხოლოდ მატჩის დღეს გავიგებთ და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს".
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "გამოავლენს თუ არა ეს მატჩი "იუვენტუსის" მთავარ კონკურენტს? - ვფიქრობ, ერთ კონკრეტულ მატჩს ამხელა მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. წინ საინტერესო თამაშია, სასწორზე კი 6 ქულა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ კონკურენტთა თამაშით და მათთან ფორა გავზარდოთ. ასე რომ, წინ უაღრესად მნიშვნელოვანი ტურია".
კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ "იუვენტუსი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია. ეს მართლაც ასეა და სწორია, როდესაც მწვრთნელი ვითარებას ჯანსაღად აფასებს. უნდა აღიარო, რომ ფავორიტი კონკურენტია, შენ კი მშვიდად გააგრძელო მუშაობა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ გულის სიღრმეში, სარი ოპტიმისტია და ის ნამდვილად უმიზნებს საჩემპიონო ტიტულს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლუჩანო სპალეტისა და მის "რომაზე" - შესაბამისად, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება, რომელსაც მეც ინტერესით მივადევნებ თვალს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"