თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიური სამეკარეო სკოლა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.
იტალიელებს ყოველთვის ჰყავდათ უმაღლესი კლასის მეკარეები, რამდენიმემ კი უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მარტო დინო ძოფის დასახელება რად ღირს, რომელიც 1968-83 წლებში იცავდა იტალიის ეროვნული ნაკრების კარს და "სკუადრა აძურას" მაისურით 112 მატჩი გამართა. ძოფმა 1968 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 1982 წელს კი, 40 წლის ასაკში, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
დღეს ბევრს დავობენ, ძოფი უნდა იდგეს იტალიის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში თუ ჯანლუიჯი ბუფონი,
ბუფონის და ძოფის გარდა, არაერთი უმაღლესი დონის იტალიელი მეკარის გახსენება შეიძლება - თუნდაც ვალტერ ძენგა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მეკარის სიმბოლოდ და სინონიმად იყო მიჩნეული. აპენინელები დღემდე დიდი სიამაყით იხსენებენ ორ გოლკიპერს - ერთი ჯამპიერო კომბი გახლავთ, რომელიც თურმე სასწაულებს სჩადიოდა კარის ხაზზე და 1934 წელს, "სკუადრა აძურასთან" ერთად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა; ხოლო მეორე, ალდო ოლივეირა, რომელმაც სწორედ კომბი ჩაანაცვლა და 1938 წელს მოიგო მუნდიალი.
იტალიელები ბევრ ისეთ მეკარეს იხსენებენ, რომლებიც კლუბში ბრწყინავდნენ, ნაკრებში კი დიდი კონკურენციის გამო შანსი არ მისცემიათ. მაგალითად, ფაბიო კუდიჩინი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში "მილანის" შემადგენლობაში ბრწყინავდა, მაგრამ იტალიის ნაკრებში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია - მიზეზი გასაგებია, მაშინ კარში დინო ძოფი იდგა. არადა, კუდიჩინის ბევრი "მილანის" ყველა დროის საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს, ეს კი სახუმარო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ.
"მილანის" კიდევ ორ დაჩაგრულ მეკარეზე ქვემოთ მოგითხრობთ, რადგან სწორედ ის გოლკიპერები უნდა გავიხსენოთ, რომლებსაც იტალიის ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემიათ. სხვა ქვეყნებში ისინი ალბათ ეროვნული ნაკრების შეუცვლელი მეკარეები იქნებოდნენ, მაგრამ არა იტალიაში, სადაც ამ პოზიციაზე ყოველთვის უდიდესი კონკურენციაა. გავიხსენოთ დაჩაგრული იტალიელი მეკარეები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული...
სებასტიანო როსი
ბევრი მიიჩნევს, რომ 90-იანი წლების "მილანი", რომელიც არიგო საკიმ შექმნა და შემდეგ მისი საქმე ფაბიო კაპელომ წარმატებით გააგრძელა, ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო. იმ "მილანის" კარს სებასტიანო როსი იცავდა, რომელმაც "როსონერის" შემადგენლობაში 12 წელი ითამაშა და 240 მატჩი გამართა. როსი იყო ლეგენდარული "მილანის" შეუცვლელი მეკარე, მისი დახსასიათება კი ერთი სიტყვით შეიძლება: საიმედო.
მიუხედავად ამისა, როსის არასდროს უთამაშია იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. დიახ, სებასტიანოს ერთხელაც არ მოურგია "სკუადრა აძურას" ფორმა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, ფაბიო კუდიჩინისთან ერთად, სწორედ როსია "მილანის" ყველა დროის საუკეთესო მეკარე. მართლაც პარადოქსია, რომ 90-იანი წლების უძლეველი "მილანის" შუცვლელი მეკარე იტალიის ნაკრებს არასდროს დასჭირვებია.
ლუკა ბუჩი
ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იტალიელი მეკარე, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "პარმაში" გაატარა. ლუკა ბუჩი ემილიურ გუნდში მთელი 10 წლის განმავლობაში თამაშობდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 181 მატჩი აქვს გამართული. ეს ის "პარმაა", რომელშიც უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა, რომელმაც მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა და რომელმაც არაერთი ტროფეი მოიგო.
ერთი ხანობა, ბუჩი ჯიჯი ბუფონმა შეავიწროვა, თუმცა შემდეგ "იუვენტუსში" გადავიდა და კარში ისევ ლუკა ჩადგა. იმ შესანიშნავი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა სწორედ ბუჩი გახლდათ, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 4 მატჩი აქვს გამართული. ბუჩი დიდ საფეხბურთო ფორუმებზეც ხვდებოდა, თუმცა მხოლოდ მესამე მეკარის რანგში და თამაშის საშუალება არ მისცემია.
ლუკა მარკეჯანი
თუ ნევიო სკალას "პარმა" გახსოვთ და იქ შესანიშნავად მოთამაშე ლუკა ბუჩი, მაშინ სვენ გორან ერიქსონის "ლაციოც" გემახსოვრებათ, რომლის კარსაც ლუკა მარკეჯანი იცავდა. ამ მართლაც შესანიშნავმა კიპერმა რომაული გუნდის შემადგენლობაში 10 წელი ითამაშა და "ბიანკოჩელესტეს" კარი 243-ჯერ დაიცვა.
იმ "ლაციოში" უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? - ალესანდრო ნესტა, ფერნანდო კოუტო, ხუან სებასტიან ვერონი, დიეგო სიმეონე, პაველ ნედვედი, ნესტორ სენსინი, სერჟიო კონსეისაო, მარსელო სალასი, ერნან კრესპო, კრისტიან ვიერი და კიდევ არაერთი გამორჩეული ფიგურა, ამ გუნდის კარს კი სწორედ მარკეჯანი იცავდა.
"ლაციოს" კარის დარაჯს ეროვნულ ნაკრებში ხშირად იძახებდნენ, მაგრამ თამაშის საშუალება მხოლოდ 9-ჯერ მიეცა და ისიც, მეტწილად ამხანაგურ შეხვედრებში. ისევე, როგორც ლუკა ბუჩი, ლუკა მარკეჯანიც ვალტერ ძენგას, ჯანლუკა პალიუკას, ანჯელო პერუცის და შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონის ჩრდილში იყო მოქცეული.
კარლო კუდიჩინი
კიდევ ერთი ძალიან ნიჭიერი იტალიელი მეკარე, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში ინგლისში გადაბარგდა და კარიერის საუკეთესო წლები "ჩელსიში" გაატარა. კარლო კუდიჩინიმ ლონდონური გუნდის შემადგენლობაში 10 წელი ითამაშა და ამ პერიოდში "არისტოკრატთა" კარი 142-ჯერ დაიცვა.
კუდიჩინის ჰქონდა ჩავარდნები, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც უბრალოდ შეუდარებელი იყო და ინგლისის თვის თუ წლის საუკეთესო მეკარის წოდებასაც ხშირად იღებდა. იმ პერიოდში, აქტიურად საუბრობდნენ კუდიჩინისთვის ინგლისის მოქალაქეობის მიღების თემაზე, რათა მას სწორედ ალბიონელთა ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა და იქ დევიდ სიმენი შეეცვალა, თუმცა კუდიჩინიმ ინგლისის ნაკრებში თამაში თავადვე იუარა. არადა, კარლოს იტალიის ნაკრების მაისური არასდროს მოურგია.
ფოტოზე: პალიუკა, პერუცი, ბუფონი - ეს სამეული ემზადებოდა 1998 წლის მუნდიალისთვის, შემდეგ პერუცი ტოლდომ ჩაანაცვლა
კრისტიან აბიატი
"მილანის" კიდევ ერთი დაჩაგრული მეკარე, რომელსაც ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. კრისტიან აბიატიმ "როსონერის" შემადგენლობაში 281 მატჩი გამართა და ამით ყველაფერია ნათქვამი. კარიერის საუკეთესო წლები კრისტიანმა სწორედ "მილანის" რიგებში გაატარა, თუმცა მის კარიერაში იყო ეტაპი, როდესაც იჯარით ჯერ "იუვენტუსში" ითამაშა, შემდეგ "ტორინოში" და ბოლოს, მადრიდის "ატლეტიკოში".
ეს ის პერიოდია, როდესაც "როსონერიში" ნელსონ დიდა გაპირველდა. აბიატიმ ორი ათეული წელი უმაღლეს დონეზე ითამაშა და მისი კვალიფიკაცია არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. მიუხედავად ამისა, ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი პრაქტიკულად არ მისცემია - მხოლოდ 4-ჯერ იასპარეზა "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში და ისიც, ამხანაგურ შეხვედრებში.
ფრანჩესკო ტოლდო
ზემოთ ჩამოთვლილი მეკარეებისგან განსხვავებით, ფრანჩესკო ტოლდო მთლად მივიწყებული არ იყო და იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 28 მატჩი მოაგროვა.
თუმცა "ფიორენტინას" და "ინტერის" კარის დარაჯი ამ სიაში მაინც მოხვდა, რადგან მისი გაქანების მეკარეს გაცილებით მეტი შეეძლო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფრანჩესკო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული მეკარე იყო მსოფლიოს მასშტაბით, მე-20 საუკუნის მიჯნაზე და 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში კი ბევრი მას უბრალოდ საუკეთესოდ მიიჩნევდა.
რომ არა ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, ტოლდო კარიერას ისე დაასრულებდა, რომ არც ერთ დიდ საფეხბურთო ფორუმზე არ ექნებოდა ნათამაშები.
ჯიჯის ტრავმამ ფრანჩესკოს ევროპის ჩემპიონატისკენ გაუხსნა გზა და თუ როგორ ითამაშა იქ, წესით, კარგად უნდა გახსოვდეთ. "სკუადრა აძურას" მეკარე შეუდარებელი იყო, ჰოლანდიასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში კი სასწაულები აკეთა და იტალიელთა ფინალში გასვლა დიდწილად მისი დამსახურება გახლდათ.
თავად განსაჯეთ, ჰოლანდიელებმა ტოლდოს კარში 6 პენალტი დაარტყეს და აქედან მხოლოდ 1 გაიტანეს! თქმა არ სჭირდება, რომ ტოლდო ფენომენალური შესაძლებლობების მეკარე იყო, მაგრამ მას ჯანლუიჯი ბუფონთან მოუწია კონკურენცია და ამიტომ ისიც დაჩაგრულთა სიაშია...
მომავალი
მიმდინარე სეზონში, ევროპის ტოპ-5 ლიგიდან ყველაზე მეტჯერ კარი მშრალად ჯანლუიჯი დონარუმამ შეინახა, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა და "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს. იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამპიერო ვენტურას თქმით - რომ არა ჯანლუიჯი ბუფონი, დონარუმა უკვე "აძურას" პირველი მეკარე იქნებოდა.
პატარა ჯიჯი დიდი ჯიჯის მემკვიდრედ მოიაზრება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიაში კიდევ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარეა - სანამ დონარუმა გამოჩნდებოდა, მატია პერინზე ამყარებდნენ განსაკუთრებულ იმედებს, რომელიც "ჯენოაში" ასპარეზობს და შესანიშნავად ირჯება.
დიდი მოლოდინია სიმონე სკუფეტზე, რომელიც "უდინეზეს" საკუთრებაა და 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი სერია A-ში. "მილანს" ჰყავს 16 წლის ალესანდრო პლიცარი, რომელზეც ლეგენდები დადის და რომელსაც დონარუმაზე არანაკლებ დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.
საინტერესოა, ვინ ვის ჩრდილში მოექცევა და ვის მოახვედრებენ თუნდაც 20 წლის შემდეგ დაჩაგრულ იტალიელ მეკარეთა ჩამონათვალში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"