ჯამპიერო ვენტურამ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - ბალოტელი ისევ ოფსაიდში

AutoSharing Option
12 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, იტალიის ნაკრები ლიხტენშტაინს ესტუმრება, 15 ნოემბერს კი, ამხანაგურ შეხვედრაში, გერმანიას მილანში უმასპინძლებს.

"სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ იმ 28 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც ამ პაექრობებში დაეყრდნობა.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მატია პერინი (ჯენოა);
მცველები: ლუკა ანტონელი (მილანი), დავიდე ასტორი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (მანჩესტერი, ინგლისი), მატია დე შილიო (მილანი), ალესიო რომანიოლი (მილანი), დანიელე რუგანი (იუვენტუსი), დავიდე ძაპაკოსტა (ტორინო);
ნახევარმცველები: დანილო კატალდი (ლაციო), დანიელე დე როსი (რომა), კლაუდიო
მარკიზიო (იუვენტუსი), მარკო პაროლო (ლაციო), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), ანტონიო კანდრევა (ინტერი), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მატეო პოლიტანო (სასუოლო), ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), მარტინს ედერი (ინტერი), მანოლო გაბიადინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ლაციო), ნიკოლა პავოლეტი (ჯენოა), სიმონე ძაძა (ვესტ ჰემი, ინგლისი)

განაცხადს მიღმა დარჩენილები
იტალიის ნაკრები დანაკლისით ხვდება მოახლოებულ შეხვედრებს და განსაკუთრებით ეს დაცვით ხაზზე ითქმის. მიმდინარე სეზონში, ჯორჯო კიელინი ტრავმებმა გატანჯეს, ამჯერადაც ლაზარეთშია და შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება. კიელინის შეუერთდა ანდრეა ბარძალი, რომელმაც "კიევოსთან" შეხვედრაში მხარი დაიზიანა. ბუნებრივია, ბარძალი სანაკრებო ბატალიებს გამოტოვებს. "სკუადრა აძურას", ალერსანდრო ფლორენცის სახით, განაპირა მცველიც აკლია, რომელმაც ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და რამდენიმე თვეში დაუბრუნდება მოედანს.

განაცხადს მიღმაა გრაციანო პელე, რომელმაც ესპანეთთან შეხვედრაში შეცვლა ვერ აიტანა, მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა და ამისთვის ჯერ კიდევ ისჯება. ესპანეთთან მატჩის შემდეგ ვენტურამ პელე მაკედონიაში არ წაიყვანა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და არც უახლოესი ორი მატჩისთვის გამოიძახა ჩინეთში გადახვეწილი ფორვარდი.

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა კვლავ ოფსაიდში დატოვა მარიო ბალოტელი, რომელიც "ნიცაში" კარგად თამაშობს და გოლებიც გააქვს, თუმცა ვენტურასთვის, ჯერჯერობით, ეს საკმარისი არაა. "აძურას" მწვრთნელმა ღიად განაცხადა, რომ ბალოტელის მომავალშიც სტაბილურად მაღალ დონეზე მართებს ასპარეზობა და ასეთ შემთხვევაში, მას მიეცემა შანსი.

ახალი სახეები
იტალიის ნაკრების განაცხადში სამი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ჯერ არასდროს უთამაშიათ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ამის შანსი უახლოეს ორ შეხვედრაში მიეცემათ...

მიმდინარე სეზონში, მატეო პოლიტანო შესანიშნავად ირჯება და "სასუოლოს" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა. სანამ დომენიკო ბერარდი დაშავდებოდა, სწორედ ის და პოლიტანო აწიოკებდნენ მეტოქე მცველებს ფლანგებიდან. მატეოს ფრთიდან უყვარს თამაში და გარემარბის პოზიციაზეა ყველაზე სახიფათო, თუმცა 3-5-2 სქემაში ფლანგის ნახევარმცველადაც შეიძლება მისი გამწესება. პოლიტანოსთვის ეს პირველი გამოძახებაა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

დავიდე ძაპაკოსტა ერთხელ უკვე იყო გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში, თუმცა თამაშის საშუალება არ მიეცა. 24 წლის მცველი იმედოვნებს, რომ დებიუტი ამჯერად მაინც შედგება. დავიდე მარჯვენა მცველია, ეროვნულ გუნდში კი ფლორენცის ტრავმამ გაუხსნა გზა.

დანილო კატალდი "ლაციოს" საყრდენი ნახევარმცველია, ეროვნულ ნაკრებში მის დებიუტს კი დიდი ხანია ელოდებიან საფეხბურთო ჟურნალისტები და ექსპერტები. კატალდი 22 წლისაა, მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ბუნებრივია, რომ ვერც ეროვნულ ნაკრებში მოხვდებოდა შემთხვევით. დანილო კლასიკური საყრდენი ნახევარმცველია და დანიელე დე როსისა და მისივე თანაგუნდელის, მარკო პაროლოს ალტერნატივად უნდა მოვიაზროთ.

გარემარბები
ჯამპიერო ვენტურა მეტწილად 3-5-2 ტაქტიკას იყენებს, ამ სქემაში კი განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ფლანგის ფეხბურთელებს. სქემაში, რომელიც "სკუადრა აძურაში" ანტონიო კონტემ დაამკვიდრა, ვერ ვხედავთ ვერც კლასიკურ გარემარბებს და ვერც განაპირა მცველებს. სამაგიეროდ, ვხედავთ ფლანგის ნახევარმცველებს, რომლებსაც პრაქტიკულად, მთელი ფრთის კონტროლი ევალებათ. პირობითად, ამ ფეხბურთელებს შეგვიძლია ვუწოდოთ გარემარბები.

თუ კლასიკური გაგებით რგოლები 4 ნაწილად იყოფა: მეკარეები, მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმეკლები, ვენტურამ მათ მეხუთე რგოლი დაამატა: გარემარბები და როდესაც განაცხადს ასაჯაროებს, იქ ფლანგის ფეხბურთელები ყოველთვის ცალკე არიან გამოყოფილნი. შეგვიძლია მათ შემტევი ნახევარმცველებიც ვუწოდოთ, რადგან თავისუფლად შეუძლიათ, რომ თუნდაც 4-3-2-1, 4-2-3-1, ან 4-3-1-2 სქემების შემთხვევაში, ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს შორის იმოქმედონ და სიღრმიდან შეუტიონ.

სწორედ ამ პოზიციაზე ირჯება დებიუტანტი მატეო პოლიტანო, ისევე, როგორც ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებული ლორენცო ინსინიე, რომელსაც აქამდე ვენტურა არ სწყალობდა. აქვეა ანტონიო კანდრევა, ნიკოლა სანსონე, ჯაკომო ბონავენტურა, ფედერიო ბერნარდესკი და თქმა არ სჭირდება, რომ მათ განსაკუთრებული როლი აკისრიათ. აქვე ვთქვათ, რომ კვლავ ოფსაიდში დარჩა სტეფან ელ შაარავი, რომელსაც სწორედ ამ პოზიციაზე შეუძლია თამაში, დომენიკო ბერარდი კი ისევ ლაზარეთშია და ტრავმას იშუშებს.

3-5-2 ტაქტიკა მოქნილია იმ კუთხითაც, რომ თუ შესატევად გაქვს საქმე, ფლანგებზე შეგიძლია გარემარბები გაამწესო - მაგალითად, კანდრევა, ინსინიე, ბერდარდესკი ან ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ფეხბურთელი და თუ დაცვის გაძლიერება გსურს, შეგიძლია განაპირა მცველებით ჩაანაცვლო, რაც იძლევა 5-3-2 ტაქტიკურ მონახაზს.

გაბიადინი ლაპადულამ შეცვალა. მართალია, მწვრთნელმა მანოლო გაბიადინი ნაკრებში გამოიძახა, მაგრამ "ნაპოლის" ფორვარდმა კუნთი დაიზიანა და "სკუადრა აძურას" ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად სასწრაფო წესით "მილანის" 26 წლის ფორვარდი ჯანლუკა ლაპადულა გამოიძახეს. ლაპადულამ ამ სეზონში სულ ერთი გოლი გაიტანა ჩემპიონატში.

გომესი იტალიის ნაკრებში ვერ ითამაშებს
ბოლო პერიოდში, აქტიურად განიხილებოდა არგენტინელი ნახევარმცველის, ალეჰანდრო გომესის იტალიის ნაკრებში შესაძლო გამოძახების შესახებ. "ატალანტას" შეხვედრას "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა დაესწრო და არც დაუმალავს, რომ სტადიონზე სხვა ფეხბურთელებთან ერთად, გომესსაც დააკვირდებოდა.

თავად ალეჰანდრომაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ "აძურას" ღირსებას სიამოვნებით დაიცავდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი გამოდგა - ერთია მოქალაქეობა, რომელსაც ქვეყანა იძლევა და მეორე, საფეხბურთო მოქალაქეობა, რომელსაც მოთამაშეს ფიფა ანიჭებს. მართალია, გომესმა რამდენიმე კვირის წინათ მიიღო იტალიის პასპორტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრებში ასპარეზობის უფლება ექნება.

საქმე ისაა, რომ ფიფას წესებით, ფეხბურთელს შეუძლია ეროვნული გუნდის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ნაკრებში და თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებისას, ორმაგ მოქალაქეობას ფლობდა.

ალეჰანდრო გომესს რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში და რადგან იმ დროს ის არ იყო იტალიის მოქალაქე, მას ეკრძალება "სკუადრა აძურაში" ასპარეზობა. ასე რომ, გომესს ისღა დარჩენია, არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან ელოდოს მიწვევას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული