ხოსე კალეხონმა გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ "ნაპოლის" მცველი რაულ ალბიოლი ლაზარეთშია, მოედანს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

"ნაპოლის" ვებგვერდი იუწყება, რომ 31 წლის ესპანელი უკანახაზელი თავს კარგად გრძნობს, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სერია A-ს მომდევნო ტურში, "უდინეზეს" წინააღმდეგ ითამაშებს.

"ნაპოლის" ბანაკიდან კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც, მანოლო გაბიადინი გუნდიდან აბარგებაზე ფიქრობს და არც კლუბია მისი გაშვების წინააღმდეგი. 24 წლის შემტევი ვერ მოერგო ნეაპოლურ გუნდს და სათამაშო დრო მხოლოდ მაშინ ეძლევა, როდესაც სხვა ფორვარდები ტრავმირებულნი არიან. სწორედ ასეა ამჯერად, როდესაც
არკადიუშ მილიკია დაშავებული და მისი ადგილი გაბიადინის უკავია, თუმცა მანოლო ვერ ავლენს საუკეთესო შესაძლებლობებს. გავრცელებული ცნობებით, გაბიადინის დაბრუნებით გენუის "სამპდორიაა" დაინტერესებული.

პრესაში გავრცელდა "ნაპოლის" ესპანელი შემტევის, ხოსე კალეხონის კომენტარი, რომელმაც გონსალო იგუაინზე ისაუბრა და მისი "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა:

"იგუაინმა გააკეთა თავისი არჩევანი და გადავიდა გუნდში, რომელიც "ნაპოლის" უშუალო კონკურენტი და უმთავრესი მეტოქეა. სანამ გონსალო ჩვენთან იყო, გულშემატკივრები მას აღმერთებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტურინში გადაბარგდა, განწყობა რადიკალურად შეიცვალა.

უნდა ცხოვრობდე ნეაპოლში, რომ მიხვდე, თუ რას ნიშნავს არგენტინელის ეს გადაწყვეტილება. დიახ, ქომაგები მტრულად არიან განწყობილნი გონსალოს მიმართ, რადგან მათ უნდათ, რომ "ნაპოლის" მაისურა ატარონ მხოლოდ ამ გუნდის ერთგულმა ფეხბურთელებმა, "იუვენტუსში" გადასვლა კი ერთგულებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. იგუაინმა კარგად იცოდა, რა ნაბიჯს დგამდა და ისიც იცის, თუ რატომ არ დაუკრავენ მას ტაშს ნეაპოლში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული