არადა, ბერგამოული გუნდისთვის სეზონი მძიმედ დაიწყო - პირველ 4 შეხვედრაში "ატალანტამ" 3 წააგო და მაშინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯან პიერო გასპერინის გათავისუფლებაზე ალაპარაკდნენ. გასპერინიმ პოსტი შეინარჩუნა და შემდეგ "ატალანტა" აღმართს დაადგა. ჟურნალისტებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და გასპერინის საინტერესო თემებზე ესაუბრნენ.
მოსიარულე მკვდრები
გინახავთ სერიალი "მოსიარულე მკვდრები"? - დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო "ატალანტაში" სეზონის სტარტზე. პირველ შეხვედრაში მწარე მარცხები ვიწვნიეთ, კლუბის მესვეურები და სხვა წარმომადგენლები კი ბაზაზე ზომბებივით დადიოდნენ. მიზანი
ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ "ატალნტას" ევროსაგზურის მოპოვება შეუძლია. თუ ახალ წელს საუკეთესო ხუთეულში შევხვდით, შემდეგ შეიძლება ამაზე დაფიქრება. სეზონი გრძელია, სერია A-ში კი იოლი მატჩი არ არსებობს. მომდევნო ტურში "რომა" ჩამოდის, შემდეგ კი უახლოეს 4 ტურში ორი ურთულესი გასვლა გვაქვს "იუვენტუსთან" და "მილანთან". წინ უმძიმესი გამოცდები გველის და მეცინება, როდესაც დღეს ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მელაპარაკებიან. მთავარია, გუნდმა პროგრესი განაგრძოს, თითოეულ თამაშში მაქსიმუმი გავიღოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
ატალანტა-რომა
"რომა" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და, რა თქმა უნდა, ბერგამოში მოსაგებად ჩამოვა. მეტოქე პირველ ნომრად შეეცდება თამაშს, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. მეტოქე სახიფათოა ფლანგებიდან, რადგან მოჰამედ სალაჰის და სტეფან ელ შაარავის სახით, სწრაფი გარემარბები ჰყავს. ჩვენც გვაქვს ჩვენი კოზირები და მათ გამოყენებას შევეცდებით. "ატალანტას" წარმატების ფორმულა? - თამაში ბევრი კომპონენტისგან შედგება, თუმცა, თუ გუნდი ერთ მუშტად არაა შეკრული, ფიასკო გარდაუვალია. "ატალანტას" წარმატების ფორმულა ერთსულოვნებაა.
მომავალი
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 58 წლის ვარ, ჩემთვის დღემდე მთავარი სპორტული მოტივაციაა. ეს მამოძრავებს და სწორედ ამაში ვპოულობ ძალას. "ატალანტა" არ არის მდიდარი კლუბი, მე კი მიზნად დავისახე, რომ ჩვენ იტალიური ფეხბურთის ელიტაში შევიდეთ. ეს არის აზარტი და ის მიზანი, რომელიც ენთუზიაზმს მმატებს. ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა მთავარი და მერწმუნეთ, ხვალ რომ ჩინეთიდან ზღაპული წინადადება მივიღო, "ატალანტაზე" უარს ნამდვილად არ ვიტყვი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"