დედაქალაქური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი "გაძეტა დელო სპორტს" აქტუალურ თემებზე ესაუბრა...
სკუდეტო თუ მხოლოდ ლიგის საგზური?
მაქსიმალისტი ვარ და მსურს, რომ "რომამ" სკუდეტოსთვის იბრძოლოს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. სეზონი გრძელია, კიდევ ბევრი რამ შეიცვლება და ვფიქრობ, გვაქვს იმის რესურსი, რომ "იუვენტუსს" ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ. ტურინელებს უკვე ორი წაგება აქვთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონი არც მათთვისაა დალხენილი. "რომა" ედინ ჯეკო
ედინ ჯეკო ბრწყინვალე ფორვარდია და ნამდვილად არ მიკვირს, რომ ბომბარდირთა დავაში პირველობს. გასულ სეზონში, ედინს ჰქონდა პრობლემები და ვერ გამოავლინა საუკეთესო შესაძლებლობები, მაგრამ დაძლია ჩავარდნა და დღეს საუკეთესო ფორვარდია იტალიაში. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელის ნდობა და ჯეკომ იცის, რომ მასზე განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებ. "ნაპოლის" მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ რთულია ფონს გასვლა ცენტრფორვარდის გარეშე.
მოჰამედ სალაჰი
სალაჰი ბრწყინვალე ფორმაშია, მისი სისწრაფეები კი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. მოჰამედი შეგიძლია გაამწესო ნებისმიერ ფლანგზე და ასევე, ათამაშო ფორვარდის უკან. სამწუხაროდ, სალაჰი თვენახევარი დაგვტოვებს და აფრიკის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრება, ამ პერიოდში კი მისი შეცვლა მოგვიწევს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მეტი შეუძლიათ და უნდა მოუმატონ. თუნდაც სტეფან ელ შაარავი, რომელიც კარგად ირჯება, თუმცა გაცილებით მეტი რესურსი აქვს. ვფიქრობ, სალაჰის არყოფნაში, ელ შაარავი მეტად დაიტვირთება და მისი დიდი იმედი მაქვს.
მომდევნო მატჩი
სერია A-ს მომდევნო ტურში "ატალანტას" ვსტუმრობთ და დიდ ბრძოლას ველოდებით. ბერგამოელები შესანიშნავად ასპარეზობენ და მეხუთე ადგილი უკავიათ სატურნირო ცხრილში. "ატალანტა" კარგად დაბალანსებული გუნდია, რომელიც თანაბარი წარმატებით უტევს და იცავს თავს. ბერგამოში სამი ქულის მოპოვება ურთულესი იქნება, არადა, ჩვენ სწორედ ეს მიზანი გვაქვს. სერია A ურთულესი ტურნირია, ყველა შეხვედრაში მოსაგებად გვიწევს ბრძოლა, რომ "იუვენტუსს" გაქცევის საშუალება არ მივცეთ, თუმცა ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"