ჯუზეპე მაროტა: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უნდა გაუქმდეს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა მუდმივად ყურადღების ცენტრშია მოქცეული, მისი ფრაზები და კომენტარები კი ხშირად ხვდება იტალიური პრესის ფურცლებზე.

ამჯერად, მაროტა "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა და საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება. ზამთრის შესვენება ახლოვდება და შესაბამისად, იყო საუბარი "იუვენტუსის" სატრანსფერო გეგმებზეც.

სატრანსფერო გეგმები
აქტიურად ვმუშაობ მასიმილიანო ალეგრისთან ერთად და სულ მალე გვექნება ის მონახაზი, რომლითაც სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიმოქმედებთ. ვეცდებით, გავაძლიეროთ გუნდი, თუმცა დღეს ჩვენი უმთავრესი მიზანი მაინც წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა. სულ მალე ხელშეკრულებებს გავახანგრძლივებთ ლეონარდო ბონუჩისთან და პაულო დიბალასთან, შემდეგ კი
სხვების ჯერი დადგება.

საერთოდ, მგონია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უნდა გაუქმდეს, რადგან ამ პერიოდში რთულია სრულფასოვანი ტრანსფერების გაჩარხვა და გუნდის რეალურად გაძლიერება.

უამრავი ფეხბურთელი აფორმებს საიჯარო ხელშეკრულებებს, რაც ბევრ იურიდიულ პრობლემას ქმნის. ჩემი აზრით, გუნდმა ერთი სეზონი მაინც უნდა ჩაატაროს იმ შემადგენლობით, რომელიც ზაფხულში დაარეგისტრირა.

აქსელ ვიტსელი
დიდი ხანია, ვსაუბრობთ აქსელ ვიტსელის "იუვენტუსში" შესაძლო გადმოსვლაზე და როგორც ჩანს, ეს საგა გაგრძელდება. რეალობა რთულია და ჩახლართული - ვიტსელს "ზენიტთან" მხოლოდ ნახევარწლიანი ხელშეკრულება დარჩა, რის შემდეგაც ის სრულიად თავისუფალი იქნება და გადავა იქ, სადაც მოისურვებს.

ამიტომ, ბელგიელის სანაცვლოდ, დღეს მიზანშეუწონელია დიდი თანხის გადახდა, 5 და 6 მილიონ ევროდ კი რუსებს მისი გაშვება არ უნდათ. ჩვენ ვერ გადავიხდით 25 მილიონ ევროს ფეხბურთელში, რომელიც ზაფხულში შესაძლოა, უფასოდ შემოგვიერთდეს. მეორე მხრივ, შესაძლოა, თავად ვიტსელმა სხვა გუნდში მოისურვოს წასვლა და არც ამისგან ვართ დაზღვეულნი. ჩვენ ვეცდებით, რომ "ზენიტთან" ზამთარში მივაღწიოთ შეთანხმებას, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

საფეხბურთო აგენტები
საფეხბურთო აგენტების როლი ძალიან გაიზარდა. თუ ადრე მხოლოდ იურიდიული კონსულტანტების რანგში გვევლინებოდნენ, დღეს სწორედ ისინი მართავენ მოლაპარაკების პროცესს კლუბსა და ფეხბურთელს შორის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სპორტული დირექტორები სკაუტებად ვიქეცით, რომლებიც საინტერესო ფეხბურთელებს ვეძებთ, დანარჩენს კი კლუბის მესვეურები და აგენტები ერთმანეთში არკვევენ.

შესაბამისად, გაიზარდა მათი ჰონორარები და კოლოსალური შემოსავლები აქვთ. ყველამ ვიცით, რომ პოლ პოგბას ტრანსფერში მინო რაიოლამ 27 მილიონი ევრო აიღო. მეორე მხრივ, უცნაური სანახავია, როდესაც ფეხბურთელების აგენტების როლს ოჯახის წევრები ირგებენ - ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც ვანდა ნარა, რომელიც მაურო იკარდის მეუღლე და ამავდროულად, აგენტია.

ისინი ვერ ერკვევიან იურიდიულ დეტალებში, არ ესმით ამ საქმის არსი და მაინც სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან. ვფიქრობ, აგენტების როლი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

გალიანი ლეგა კალჩოს პრეზიდენტად
ადრიანო გალიანიმ უკვე განაცხადა, რომ ტოვებს "მილანს" და, როგორც ვიცი, ის აპირებს "ლეგა კალჩოს" პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას. პირადად მე, გალიანის დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს, რადგან ამ პოსტისთვის იდეალური კანდიდატია. გალიანის აქვს უდიდესი გამოცდილება, სიბრძნე, გამჭრიახობა და სუფთა წარსული.

ადრიანოს უმუშავია სატელევიზიო ტრანსლირების გაყიდვების მიმართულებით და ეს გამოცდილება აუცილებლად გამოადგება. პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გალიანის ხელში სერია A და მთლიანად, იტალიური საკლუბო ფეხბურთი პროგრესის გზას დაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული