პაოლო მალდინი: "მილანს" ვარსკვლავები სჭირდება

AutoSharing Option
"მილანის" ახალი მესვეურების მოლაპარაკება პაოლო მალდინისთან წარუმატებლად დასრულდა და, როგორც გუნდის ცოცხალი ლეგენდა აცხადებს, ის არ აპირებს კლუბის მენეჯმენტში მუშაობას. მალდინიმ ამ და სხვა თემებზე საინტერესო კომენტარები გააკეთა:

არშემდგარი დაბრუნება
მქონდა შეხვედრა კლუბის ჩინელ ინვესტორებთან და გაგვიჭირდა საერთო ენის გამონახვა. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არ იქნება ჩემი მხრიდან ეთიკური. ცხადია, რომ ვერ დავინახე საკუთარი თავი იმ გუნდში, რომელმაც "მილანი" უნდა მართოს.

ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი გული "როსონერის" ეკუთვნის და მინდა გულშემატკივართან პირნათელი ვიყო. ვერ მოვკიდებდი იმ საქმეს ხელს,
რომელშიც არ ვარ დარწმუნებული. მჯერა, რომ "მილანი" აღმავლობის გზას დაადგება, მაგრამ ჩემი თავი ამ პროექტში ვერ დავინახე.

სხვა შეთავაზებები
მქონდა არაერთი საინტერესო წინადადება, თუმცა ფეხბურთში დაბრუნებისგან ჯერჯერობით, თავს ვიკავებ. დროის დიდ ნაწილს ოჯახთან ერთად ვატარებ, თუმცა მაქვს ჩემი ბიზნესი, რასაც ყურადღება და შრომა სჭირდება. ცხოვრების წესს შევიცვლი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის რეალური საფუძველი მექნება. ფული ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა და ეს იმითაც დავამტკიცე, რომ მთელი კარიერა ერთ გუნდში გავატარე.

მქონდა ფინანსურად მაცდური შეთავაზებები არაბული ქვეყნებიდან და რუსეთიდან, თუმცა უარი განვაცხადე. მაგალითად, როდესაც ლუჩანო სპალეტი "ზენიტის" მესაჭე იყო, გუნდის საწვრთნელო შტაბში მუშაობა შემომთავაზა შესანიშნავი პირობებით, მაგრამ ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა.

მონტელა და ახალი "მილანი"
თავიდანვე ვამბობდი, რომ ვინჩენცო მონტელა თავის საქმეს კარგად გაართმევდა თავს და ჯერჯერობით, ჩემი სიტყვები მართლდება. ახალი თაობის მწვრთნელებს შორის, მონტელა საუკეთესოა და მისი დიდი გულშემატკივარი ვარ.

"მილანში" ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები შეიკრიბნენ, მაგრამ დიდი მიზნების მისაღწევად, მათ დახმარება სჭირდებათ. კლუბის მესვეურებმა აუცილებლად უნდა იაქტიურონ სატრანსფერო ბაზარზე და "მილანში" ისევ უნდა გამოჩნდნენ ვარსკვლავები. იმედია, ეს ასეც მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული