მჩ 2018. შესარჩევი ციკლი. ფაქტები და სტატისტიკა: ბეჭდაუდებლები და გოლგაუშვებელი

AutoSharing Option
ის, რომ ჯიჯი ბუფონმა თავისი დიდებული კარიერის მე-1000 შეხვედრა ალბანეთის ნაკრებთან ითამაშა, უკვე ყველამ იცის.

ისევე, როგორც ცნობილია კრიშტიანო რონალდოს მე-600 გოლი კარიერაში, რომელიც უნგრეთის ნაკრების კარში გავიდა. ახლა კი სხვა საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ჩავუსხდეთ, რომლებიც მუნდიალის ამ საკვალიფიკაციო ტურმა დაგვიტოვა სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში.

ზოგადი: 1 738 გოლის ამბავი
* 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 კონფედერაციის 209 გუნდი მონაწილეობს. ფინალური ეტაპის საგზური ჯერ მხოლოდ 1 გუნდს აქვს 32-დან (მასპინძელ რუსეთს) მოპოვებული.

* საკვალიფიკაციო ეტაპზე 604 მატჩი
ითამაშეს, გავიდა 1 738 გოლი, რაც საშუალოდ 2,88 გოლია მატჩში.

* ფეხბურთელებმა 100 წითელი ბარათი და 1 998 ყვითელი ბარათი მიიღეს.

* ყველაზე მეტი გოლი ავსტრალიის ნაკრებმა გაიტანა - 38, ყველაზე მეტი გოლი საუდის არაბეთის ფორვარდმა მოჰამედ ალ საჰლავიმ გაიტანა - 15.

* აზიაში საკვალიფიკაციო ეტაპის 88% გავიდა, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიაში - 81%, ოკეანეთში - 77%, სამხრეთ ამერიკაში - 72%, აფრიკაში - 68%, ევროპაში - 48%.

* მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე უამრავი გოლი გავიდა, მაგრამ მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ შეძლო გატანა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით, ასევე - თავით, პენალტის ნიშნულიდან და საჯარიმოს გარედან.

ამერიკა: ბრაზილია, პირველი მერცხალი
* მას მერე, რაც ბრაზილიამ ურუგვაი დაამარცხა, გუნდს ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს (7), რაც სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპი ასეთი ფორმატით ტარდება.

* ხამეს როდრიგესმა (კოლუმბია) ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 საგოლე პასი).

* კლინტ დემპსის (აშშ) მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში 16 გოლი დაუგროვდა, რაც იმდენივეა, რაც საუკეთესო მიღწევა, რომელიც ჟოზი ალტიდორს ეკუთვნის.

* ბრაზილიის ნაკრები თითქმის რუსეთშია: გუნდს 30 ქულა აქვს, რაც მდევარზე 7 ქულით მეტია. "სელესაომ" 32 გოლი გაიტანა, 8-ით მეტი, ვიდრე სხვამ კონტინენტზე და გაუშვა ყველაზე ცოტა გოლი - 10.

Sportall.Ge

ევროპა: რონალდო და ტადიჩი
* ევროპაში ზუსტად 400 გოლია გასული, საშუალო შედეგიანობა კი 2,96-ია მატჩზე. ანუ გოლი ევროპაში ყოველ 31 წუთში ერთხელ გადის.

* ევროპაში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა - 9. შემდეგ მოდის რობერტ ლევანდოვსი (გერმანია) - 8 და რომელუ ლუკაკუ (ბელგია) - 6.

* ევროპაში ყველაზე მეტი საგოლე პასი სერბ დუშან ტადიჩს ეკუთვნის - 7, მეორე ადგილზეა ბოსნიელი მირალემ პიანიჩი - 6, მესამეზე - ბელგიელი დრის მერტენსი - 5. შეგახსენებთ, რომ ტადიჩმა თბილისში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

* ევროპაში ყველაზე მეტი პასი სერხიო ბუსკეტსმა (ესპანეთი) გააკეთა - 405. ტოპ-ხუთეულში მხოლოდ ესპანელი და გერმანელი ფეხბურთელები არიან.

* მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გოლი გაუშვა, ევროპას მხოლოდ ინგლისის ნაკრები შემორჩა, რომელსაც გოლი არ გაუშვია I წრის ხუთივე საკვალიფიკაციო მატჩში.

* გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასეთი კარგი სტარტი არასოდეს ჰქონია - 5-დან 5 გამარჯვება, ბურთების შეფარდება - 20:1.

* ჯეიმი ვარდიმ (ინგლისი) ლიტვას გოლი ბურთთან პირველივე შეხებით გაუტანა.

* კილიან მბაპე გახდა საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი 1955 წლის მერე. მბაპე 18 წლისა და 95 დღისაა. 1955 წელს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა მარიან ვისნიესკის, რომელიც მაშინ 18 წლისა და 61 დღის იყო. "ლანსის" ყოფილი ფორვარდი ამჟამად 80 წლისაა.

* 2016 წლიდან მოყოლებული, კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრების 14 თამაშში ამდენივე გოლი გაიტანა.

* ვიტოლო უკვე ესპანეთის ნაკრების მთავარი მეგოლეა საკვალიფიკაციო ეტაპზე - 4 გოლი.

* ესპანეთის ნაკრები დაუმარცხებელია ბოლო 12 საკვალიფიკაციო მატჩში - 11 მოგება და 1 ფრე.

* გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 28 შესარჩევ მატჩში არ დამარცხებულა - 23 მოგება, 5 ფრე. ბოლოს გუნდმა ინგლისთან წააგო 2001 წელს - 1:5.

* დანი ბლინდმა 9 საკვალიფიკაციო მატჩში 5 მატჩი წააგო, ზუსტად იმდენი, რამდენიც ჰოლანდიის ნაკრების წინა 4-მა მწვრთნელმა ერთად - 58 შეხვედრაში!

* დევიდ ჰილის (2007) შემდეგ კონორ ვაშინგტონი პირველი ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელია, ვინც "უინძორ პარკზე" ზედიზედ სამ სანაკრებო მატჩში გაიტანა.

* მაიკლ ო'ნილმა (ჩრდილოეთი ირლანდია) წააგო მხოლოდ 1 საკვალიფიკაციო მატჩი ბოლო 10 შეხვედრიდან (5 მოგება, 4 ფრე).

* ადამ ლალანამ (ინგლისი) ბოლო 5 სანაკრებო მატჩში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 1 საგოლე პასი).

* ჯერმეინ დეფო გახდა ინგლისის ნაკრების 22-ე ფეხბურთელი, ვინც 20-გოლიან ზღვარს უწია.

* 17 წლისა და 225 დღის მატეის დე ლიგტი გახდა ჰოლანდიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი 1931 წლის მერე.

* უელსმა საკვალიფიკაციო ეტაპებზე 2014 წლის მერე პირველი წითელი ბარათი მიიღო.

* ირლანდიისა და უელსის მატჩის პირველ ტაიმში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო კარში ზუსტად დარტყმა.

* ჯენკ თოსუნი (თურქეთი) ძალიან გადაეკიდა ნორდულ ქვეყნებს, მისი ხუთი გოლიდან ოთხი მოდის შვედეთთან (2016) და ფინეთთან (2017) მატჩებზე, თანაც ორივე შემთხვევაში მატჩი 24 მარტს გაიმართა.

* მარკო ვერატი (იტალია) ალბანეთთან მატჩში 110-ჯერ შეეხო ბურთს, მოიგო 6 ორთაბრძოლა და გუნდს 8-ჯერ დაუბრუნა ბურთი. სამივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა მატჩში.

* ჩირო იმობილემ იტალიის ნაკრების ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 15 შეხვედრაში მან თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.

* დანიელე დე როსიმ იტალიის ნაკრებში მე-20 გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-12 ადგილზე მყოფ პაოლო როსის დაეწია.

* ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი პენალტი იტალიის ნაკრებმა დაარტყა - 3.

* იტალიის ნაკრებს არ წაუგია მსოფლიოს ჩემპიონატის არც ერთ საკვალიფიკაციო მატჩში შინ - 51 მატჩი: 44 მოგება, 7 ფრე. უნიკალური მიღწევაა!

* 2016 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთის ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი ოლივიე ჟირუს აქვს გატანილი - 10. შემდეგ მოდის ანტუან გრიზმანი - 9 და დიმიტრი პაიე - 7.

* უსმან დემბელემ (საფრანგეთი) 10-ჯერ სცადა, დრიბლინგით გასცდენოდა მეტოქეს და 6-ჯერ ეს გამოუვიდა. 2013 წლის მერე (რიბერი) ეს საუკეთესო მაჩვენებელია საფრანგეთის ნაკრებში.

* 23 გოლით ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის მომბარდირთა სიის ათეულში შევიდა.

* ბოლო ხუთ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ორი გოლი გაუშვა პენალტის ნიშნულიდან, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 20 შეხვედრაში.

* გერმანიის მშრალი სერია ბაქოში 678-ე წუთზე შეწყდა.

* რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში პოლონეთის ნაკრების 5 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

* მას მერე, რაც ჰოლანდიის ნაკრებმა ბოლო მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, "ორანიემ" მხოლოდ ყაზახეთი, ბელორუსი, ლატვია და ლუქსემბურგი დაამარცხა. ძალზე დამაფიქრებელი ფაქტია ჰოლანდიური ფეხბურთის მოყვარულთათვის.

* ტიმო ვერნერი გერმანიის ნაკრების მე-15 ახალწვეულია 2014 წლის მუნდიალის მერე.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული