მჩ 2018. შესარჩევი ციკლი. სამხრეთი ამერიკა. XIV ტური: ბრაზილია პირველია

AutoSharing Option
* ბრაზილიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
* სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ტურნირიდან პირდაპირ 4 საუკეთესო ნაკრები გადის, მე-5 კი პლეი ოფს ითამაშებს.
* არგენტინის ნაკრებს (ბოლო ტურის გარდა) დისკვალიფიცირებული მესის გარეშე მოუწევს საგზურისთვის ბრძოლა.

არგენტინის ნაკრები ლა პასში კიდევ ერთხელ დაეცა და შერცხვა. ანხელ დი მარიას მომენტს (0:1-ზე) თუ არ ჩავთვლით, "ალბისელესტეს" ბევრი არც არაფერი ჰქონია და უსახურად ითამაშა.

მთავარი ამბავი ლიონელ მესის არყოფნა გახლდათ - ლაინსმენის შეურაცხყოფისთვის ლეო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სასჯელი, ცოტა არ იყოს,
არაადეკვატურია, ზედმეტად მკაცრი, მაგრამ ფაქტია, არგენტინა ბოლო ტურამდე ლიდერის გარეშე იქნება, ბოლო ტურში კი ეკვადორთან საგარეო შეხვედრაა და "ალბისელესტემ" ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ იქამდე გაინაღდოს გასვლა, თორემ შეიძლება თავისიანებს მესიმაც ვეღარ უშველოს. პროგრამა-მინიმუმი ვენესუელასთან და პერუსთან საშინაო მატჩების მოგებაა.

წყალი შეუდგა ედგარდო ბაუსას, რომელმაც ისევ უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო. ბოლო მომენტში მომჯობინდა მისი ფავორიტი ლუკას პრატო და იგი ძირითადში მოხვდა. თუმცა ბაუსამ მესისა და დისკვალიფიცირებული გონსალო იგუაინის არყოფნაში არც ტრავმამოშუშებული პაულო დიბალა ათამაშა, არც პიპიტას ნაცვლად გამოძახებული ლუკას ალარიო და არც ესეკიელ ლავეცი.

სამაგიეროდ, ძირითადში მოხვდა ანხელ კორეა და შეცვლაზე შევიდა სერხიო აგუერო. ცალკე "იკარდისტები" არ ჩუმდებიან და მოკლედ, ვინ იცის, ბაუსა იმაზე ადრე წავიდეს, ვიდრე მესი დაბრუნდება. კულუარებში უკვე დაიწყეს საუბარი, ასეთი ნაკრებით მსოფლიოზე გასვლას მაინც არ აქვს აზრი და ბაუსას გაუშვებენ, ნაკრებში კი "სევილიაში" მომუშავე ხორხე სამპაოლის მიიწვევენო.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, პაბლო ესკობარის ჩაწოდებისას, დაცვაც ჩავარდა და სერხიო რომეროსაც დაკარგული ჰქონდა კარი, ხოლო ხუან კარლოს არსეს თავური მშვენიერი გამოდგა, კარისკენ ზურგით მდგომმა კეფით დაარტყა. მეორე ტაიმის დებიუტში მარსელო მორენო გამორჩათ და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა "ცხრიანმა" ბურთი მიიღო, დაამუშავა და ზუსტადაც გაისროლა.

- მჩ 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა: მესის 4 მატჩი და არგენტინა კატასტროფის პირას [VIDEO]

* * *
არგენტინელებს ის მაინც გაახარებდათ, რომ უშუალო კონკურენტმა ეკვადორმა, რომელთანაც "ალბისელესტეს" ბოლო ტურში სტუმრობა ელის, საშინაო მატჩი წააგო კოლუმბიასთან. ხოსე პეკერმანის ბიჭებმა ყველაფერი კლასის ხარჯზე გააკეთეს და 34-ე წუთზე უკვე 0:2-ს იგებდნენ, მთავარი ვარსკვლავების, ხამეს როდრიგესისა და ხუან კუადრადოს გოლებით.

ამ დუეტმა თანაგუნდელ იერი მინასთან ერთად კარგად წაიცეკვა ორივე გოლისას და მათ სხვებიც აჰყვნენ. ხამესმა საგოლე პასიც მიითვალა, თავად კი გატანისას ცოტა გაუმართლა. აუცილებლად აღვნიშნოთ ედვინ კარდონას კარგი თამაშიც. ის 24 წლისაა და თუ ასე გააგრძელებს, მალე ევროპაში ვიხილავთ.

როდესაც მასპინძლებს ლუის კაისედო გაუძევეს, ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდა. არადა, ეკვადორმა შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად დაიწყო. შანსს ეს ნაკრები ახლაც ინარჩუნებს, მაგრამ ძალიან რთული კალენდარი აქვს და ფაქტია, ბოლო დროს მოუკლო.

* * *
გადაჭედილი სტადიონის თვალწინ, ბოლოდროინდელი არადამაჯერებელი თამაშებითა და არადამაკმაყოფილებელი შედეგებით გაღიზიანებული ჩილე რომ შავ დღეში ჩააგდებდა ვენესუელას, ალბათ, არცთუ მოულოდნელი გახლდათ. თანაც, პიცის ბიჭებს თავიდანვე წაუვიდათ თამაში. ალექსის სანჩესმა "მონუმენტალზე" ბრწყინვალედ ითამაშა.

ამჯერად, ფორტუნამ "არსენალის" შემტევს ზურგი არ აქცია და მის მიერ შესაშურად შესრულებული საჯარიმო დარტყმისას ბურთი ხარიხას მოხვდა, მაგრამ არგენტინასთან მატჩისგან განსხვავებით, კარში ჩაეშვა. მერე ესტებან პარედესის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი "გამოაცხო", ოღონდ სანჩესის დიდი დახმარებით და 22-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო.

ამის შემდეგ ჩილელებმა ენერგია შემდეგი მატჩებისთვის შემოიტოვეს, მომენტებს მაინც ქმნიდნენ, მაგრამ ბურთი მეტოქესაც გააგორებინეს. სალომონ რონდონმაც თავურით ერთი გაქვითა, ეს იყო და ეს.

* * *
გაცოცხლდა პერუ - რაღაც შანსი რიკარდო გარეკას ბიჭებმა კიდევ დაიტოვეს მას მერე, რაც ურუგვაი პრინციპულ შეხვედრაში დაამარცხეს. არადა, კარლოს სანჩესის გოლით ოსკარ ტაბარესის ბიჭები წინ გავიდნენ, მაგრამ უბერებელმა პაოლო გერერომ მალევე გაათანაბრა, ხოლო შემდგომ წინგასულ პერუელებს დამხმარედ ურტავისკაია მოევლინათ, რომელმაც არბიტრს თავი გააგდებინა და ათი კაცით დარჩენილმა სტუმრებმა ვეღარაფერი გაახერხეს.

ლუის სუარესი იყო და მან საგოლე პასიც გააკეთა, მაგრამ მერე იყო გერეროს ოსტატური გოლი და საგოლე გადაცემა ედისონ ფლორესზე. ურუგვაელებმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს და წარმოიდგინეთ, რა გარემო იქნება მონტევიდეოში, როდესაც ტაბარესის გუნდი არგენტინას დაუხვდება - მაგარი თამაში გველის.

* * *
მივადექით ბრაზილიასაც, რომელიც უკვე 9-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა პირველ ადგილზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაც ოფიციალურად გაინაღდა.

"სელესაო" ალბათ, პირველ ადგილსაც მალე გაინაღდებს ტურნირში. ტიტეს შეგირდებმა ამჯერად, პარაგვაისთან იფრინეს და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს. წინა ტურში ჰეთ თრიკის ავტორი პაულინიო ამჯერად, ორი საგოლე პასით გამოირჩა.

მან ჯერ ფილიპე კოუტინიოს გაატანინა, რომელთანაც კედელი გაათამაშა და ლივერპულელმა შორეული გამოზომილი დარტყმით დაბალ კუთხეში "ჩასვა" კარში ბურთი. მერე ნეიმარმა თავისივე გამომუშავებული საეჭვო პენალტი გააცუდა, მაგრამ ცოტა ხანში დიდებული სოლო-რეიდი დააგვირგვინა გოლით. ბოლოს კი მარსელომაც შეაგდო...

- მჩ 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა: ბრაზილიამ რუსეთის საგზური გაინაღდა [VIDEO]

ბოლივია-არგენტინა 2:0
გოლები: 1:0 არსე (31), 2:0 მორენო (52)

ეკვადორი-კოლუმბია 0:2
გოლები: 0:1 ხ. როდრიგესი (20), 0:2 კუადრადო (34)
გაძევება: ლ. კაისედო (61. ეკვადორი)

პერუ-ურუგვაი 2:1
გოლები: 0:1 კ. სანჩესი (30), 1:1 გერერო (34), 2:1 ფლორესი (62)
გაძევება: ურეტა (76. ურუგვაი)

ჩილე-ვენესუელა 3:1
გოლები: 1:0 სანჩესი (5), 2:0 ე. პარედესი (7), 3:0 ე. პარედესი (22), 3:1 რონდონი (63)

ბრაზილია-პარაგვაი 3:0
გოლები: 1:0 კოუტინიო (34), 2:0 ნეიმარი (64), 3:0 მარსელო (86)
ბრაზილია (4-1-4-1): ალისონი - ფაგნერი, მარკინიოსი (46. ტ. სილვა), მირანდა, მარსელო - კაზემირო - კოუტინიო (87. ვილიანი), აუგუსტო, პაულინიო, ნეიმარი - ფირმინო (87. დ. სოუზა)
გამოუყენებელი პენალტი: ნეიმარი (53. ბრაზილია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 14 10 3 1 35-10 33
2. კოლუმბია 14 7 3 4 18-15 24
3. ურუგვაი 14 7 2 5 26-17 23
4. ჩილე 14 7 2 5 24-19 23
5. არგენტინა 14 6 4 4 15-14 22
6. ეკვადორი 14 6 2 6 23-20 20
7. პერუ 14 5 3 6 22-23 18
8. პარაგვაი 14 5 3 6 13-21 18
9. ბოლივია 14 3 1 10 12-32 10
10. ვენესუელა 14 1 3 10 17-34 6

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 7 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი); 6 - არტურო ვიდალი (ჩილე), ნეიმარი (ბრაზილია), ალექსის სანჩესი (ჩილე); 5 - გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია), ჯოზეფ მარტინესი (ვენესუელა), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია), პაოლო გერერო (პერუ).

მომდევნო ტური
31 აგვისტო:
ჩილე-პარაგვაი, ბრაზილია-ეკვადორი, ვენესუელა-კოლუმბია, პერუ-ბოლივია, ურუგვაი-არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ან ჩინელებმა ძალიან მაგარი ჩემპიონატი გააკეტეს ან ბრაზილიის საქმე წახდა ვგულისხმობ პალინიოს
გენო
16:03 30-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული