ყველა ველით ბრაზილია-არგენტინის შეხვედრას (10 ნოემბერს), რომელიც "ალბისელესტესთვის" ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ედგარდო ბაუსას გუნდი მძიმედ გამოიყურებოდა, ბოლო 3 მატჩი ვერ მოიგო და მე-5 ადგილს ჩილეს უყოფს, რომლის ცუდი თამაში ასევე გვაკვირვებს, ჩილელები ხომ უკანასკნელი 2 კოპა ამერიკის გამარჯვებულნი არიან.
თანაც, ამ ნაკრებების ზურგსუკან პარაგვაი
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბრაზილიელები მოსისხლე მტერს იმ სტადიონზე მასპინძლობენ, რომელზედაც გერმანიასთან 1:7 განადგურდნენ. დიახ, 2014 წლის საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელუ ორიზონტეში, "მინეირეაოზე" ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა და ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში დიდი შავი ლაქა გაჩნდა, მაგრამ თავად ეს მშვენიერი სტადიონი, რომელიც 61 846 მაყურებელს იტევს, ამ მარცხში ყველაზე ნაკლებად გახლდათ დამნაშავე. თუმცა, რასაკვირველია, ფეხბურთელებსა და ფანებს ეს ფაქტი ჯერაც ბოლომდე მოუშუშებელ იარებს ცოტა გაუღვივებს.
"ცხადია, იქ დაბრუნება ყველასთვის ემოციური მომენტი იქნება. იმ ფეხბურთელებისთვისაც, რომლებსაც გერმანიასთან არ უთამაშიათ. თუმცა ჩვენ ყველა სიტუაციაში მუშაობისთვის უნდა ვიყოთ მზად და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. 2 წელი გავიდა და ახლა სხვა სიტუაციაში ვართ" - განაცხადა ტიტემ.
55 წლის ადენორ ლეონარდო ბაკი, იგივე ტიტე პოსტზე მას მერე მივიდა, რაც ბრაზილიამ შინ წააგო პერუსთან და დუნგას მეორედ მოსვლა წარუმატებლად დასრულდა. ამის მერე, როგორც აღვნიშნეთ, ტიტემ 4-დან 4 მოიგო და ნაკრები გაალიდერა, მაგრამ მთავარი გამოცდა მას ახლა ექნება. მერე რა, რომ არგენტინა საკეთესო ფორმაში ვერ არის, სამაგიეროდ, ლიონელ მესი დაბრუნდა…
დიახ, ლეო დაბრუნდა და თანაც, ძალიან კარგ ფორმაშია, თითქოს, არც დაშავებულა. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. "ალბისელესტეს" კიდევ უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს ნაკრები მესიზეა აწყობილი და მესიზეა დამოკიდებული. ლეო და მისი მეგობრები შეეცდებიან, ბრაზილიას "მინეირაოზე" კიდევ ერთი კოშმარი მოუწყონ და "სელესაოსთან" მტრობასაც რომ შევეშვათ, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, არგენტინელებს ახლა ქულები ძალიან სჭირდებათ. უახლოესი ორი მატჩი შესაძლოა, გადამწყვეტიც კი გამოდგეს - ბრაზილიის მერე ბაუსას ბიჭები კოლუმბიას მასპინძლობენ და არც ის იქნება ადვილი შეხვედრა.
ტიტე აქცენტს "ლივერპულის" დუეტზე გააკეთებს - ფილიპე კოუტინიო და რობერტო ფირმინო, დიდი ალბათობით, ძირითადში იქნებიან. ისინი მშვენივრად შეთამაშდნენ და იმაში, რომ მერსისაიდელები პრემიერლიგაში გალიდერდნენ, მთავარი "დამნაშავენი" არიან. "ჩელსის" ვილიანი სავარაუდოდ, კვლავ თადარიგში იქნება და მოგვიანებით შევა მინდორზე. რა თქმა უნდა, იქნება ნეიმარი და ძველი მეტოქეების დუელში ერთმანეთის პირისპირ მეგობრები და თანაკლუბელები წარდგებიან - ნეიმარი მესის წინააღმდეგ!
ვერ ვიხილავთ კაზემიროს, მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო. თუმცა ტიტეს ახალს არავის დაუძახებს, რადგან მას ეს გათვლილი ჰქონდა და ისედაც 24 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული თავის დაზღვევის მიზნით. კაზემირო ავტომატურად ამოვარდა და მწვრთნელს აღარც არავის მოწვევა დასჭირდება და აღარც არავის განაწყენება.
იქნება 19 წლის გაბრიელ ჟესუსიც, რომელიც თავის სანაკრებო კარიერას საუცხოოდ იწყებს და იანვრიდან "მანჩესტერ სიტიში" ველოდებით, სადაც მაგალითად, თანამემემულე ფერნანდინიო ელოდება. ასევე ელიან არგენტინელები - აგუერო, საბალეტა, ოტამენდი… რომელთა წინააღმდეგაც მოუწევს ახლა თამაში ახალგაზრდა ფორვარდს.
ფერნანდინიო, მარსელო და პაულინიო კი ის სამი ფეხბურთელია, რომლებიც გერმანიასთან ავადსახსენებელი მატჩის დარად, ამჯერადაც მინდორზე იქნებიან. მაშინ "მინეირასოზე" იყო ვილიანიც, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, "ჩელსის" შუახაზელს სასტარტოში არ ველით.
"ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რაც მოხდა, მაგრამ ბრაზილიას შეუძლია გადაწეროს ისტორია და ახალი, კარგი თავგადასავალი შექმნას. ჩვენ სწორედ ამისთვის ვემზადებით" - აღნიშნა პაულინიომ.
ბაუსას ნაკრებში საინტერესოა "რასინგიდან" მარკოს აკუნიას მოწვევა. ედგარდომ არც მექსიკური "ტიგრესის" ფეხბურთელები დატოვა უყურადღებოდ. ისევ უხმო ლუკას პრატოსა და ჩინეთში გადახვეწილ ესეკიელ ლავესის. გამოძახებულია ბრაზილიური "სან პაოლოს" მცველი ხულიო ბუფარინიც, რომელსაც აკუნიას დარად, შესაძლოა, დებიუტი ჰქონდეს. არ იქნება ტრავმირებული პაოლო დიბალა, მაგრამ იქნება "იუვენტუსის" მეორე შემტევი გონსალო იგუაინი, რომელსაც სავარაუდოდ, ძირითადშიც ვიხილავთ.
"რასაკვირველია, ვნერვიულობ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბრაზილიასთან მატჩი მოდის, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ იმ ადგილზე არ ვართ, რომელზეც გვინდა ყოფნა და ეს საკვალიფიკაციო ეტაპი მაღალ დონეზე უნდა ჩავამთავროთ, ბიჭები მზად არიან" - განაცხადა ბაუსამ.
ბრაზილიის ნაკრები
მეკარეები: ალისონი (რომა), ალექს მურალია (ფლამენგო), ვევერტონი (ატლეტიკო პარანაენსე)
მცველები: ჟილი (შანდონგი), მარკინიოსი (პსჟ), მირანდა (ინტერი), როდრიგო კაიაო (სან პაოლო), ტიაგო სილვა (პსჟ), დანი ალვეში (იუვენტუსი), ფაგნერი (კორინთიანსი), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), მარსელო (რეალი)
ნახევარმცველები: ფერნანდინიო (სიტი), ჟულიანო (ზენიტი), ლუკას ლიმა (სანტოსი), პაულინიო (გუანჯოუ), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), რენატო აუგუსტო (ბეიცზინი), ვილიანი (ჩელსი)
თავდამსხმელები: დუგლას კოშტა (ბაიერნი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), გაბრიელ ჟესუსი (პალმეირასი), ნეიმარი (ბარსელონა)
არგენტინის ნაკრები
მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერი), მარიანო ანდუხარი (ესტუდიანტესი), ნაუელ გუზმანი (ტიგრესი)
მცველები: ფაკუნდო რონკალია (სელტა), მატეო მუსაჩო (ვილიარეალი), რამირო ფუნეს მორი (ევერტონი), ემანუელ მასი (სან ლორენსო), ჟულიო ბუფარინი (სან პაულო), მარტინ დემიკელისი (ესპანიოლი), პაბლო საბალეტა (სიტი), გაბრიელ მერკადო (სევილია), ნიკოლას ოტამენდი (სიტი)
ნახევარმცველები: გვიდო პისარო (ტიგრესი), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ლუკას ბილია (ლაციო), მარკოს აკუნია (რასინგი), ევერ ბანეგა (ინტერი), ხავიერ პასტორე (პსჟ), ენცო პერესი (ვალენსია), ფერნანდო ბელუში (სან ლორენსო), ანხელ დი მარია (პსჟ)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ლუკას პრატო (ატლეტიკო მინეირო), სერხიო აგუერო (სიტი), ესეკიელ ლავესი (ჰებეი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. XI ტური
10 ნოემბერი
(საქართველოს დროით, 11 ნოემბერი)
კოლუმბია-ჩილე 00:30
ურუგვაი-ეკვადორი 03:00
პარაგვაი-პერუ 03:30
ვენესუელა-ბოლივია 03:30
ბრაზილია-არგენტინა 03:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 10 6 3 1 23-9 21
2. ურუგვაი 10 6 2 2 21-7 20
3. ეკვადორი 10 5 2 3 18-14 17
4. კოლუმბია 10 5 2 3 15-12 17
5. ჩილე 10 5 1 4 18-16 16
6. არგენტინა 10 4 4 2 11-9 16
7. პარაგვაი 10 4 3 3 10-12 15
8. პერუ 10 3 2 5 14-17 11
9. ბოლივია 10 1 1 8 9-26 4
10. ვენესუელა 10 0 2 8 9-26 2
ბომბარდირები: 7 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 6 - არტურო ვიდალი (ჩილე); 5 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი); 4 - გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია), დარიო ლესკანო (პარაგვაი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"