მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. XII ტური: ლეოს შოუ და ბოიკოტი [VIDEO]

AutoSharing Option
* ბრაზილიის ნაკრებმა ზედიზედ მე-6 შესარჩევ მატჩში იმარჯვა.
* ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა: 1 გოლი და 2 საგოლე პასი.
* ურუგვაის თავკაცმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა გერმანელი ზეპ ჰერბერგერის რეკორდი გაიმეორა - 167 მატჩი ეროვნულ ნაკრებში.

ლეო მესიმ და არგენტინამ გვიჩვენეს, რომ მათი ჩამოწერა 2018 წლის მუნდიალიდან ნაადრევია. ეს ქათინაური უფრო "ბარსას" ვარსკვლავს ეხება, ვიდრე ბაუსას გუნდს. ტიტეს ბრაზილია კი წინ მიზნისკენ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიიწევს...

ლიონელ მესიმ, ამჯერად, ზუსტად ის თამაში აჩვენა, როგორსაც მისგან ველით ხოლმე
და მარტომ "ჩაყლაპა" კოლუმბია. "ალბისელესტეს" ეს შეხვედრაც რომ ვერ მოეგო, სიტუაცია უკვე ძალიან დაიძაბებოდა, მაგრამ ლეო თავიდანვე შეუდგა საქმეს და მე-10 წუთზე დიდებული დარტყმით ჯარიმიდან გაიტანა.

შემდეგ "ბარსელონას" ვარსკვლავმა ლუკას პრატოს გაატანინა, რომელიც ედგარდო ბაუსამ ამჯერად ძირითადში გაამწესა და საქმე გეგმის მიხედვით რომ არ წასულიყო, არგენტინელთა თავკაცს კიდევ ერთხელ გაახვევდნენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში - სასტარტოში გონსალო იგუაინი რატომ ვერ მოხვდაო. პრატომ თავური დარტყმით შეაგდო.

"პიპიტა" კი მოგვიანებით მაინც გამოვიდა და მესამე გოლისას კომბინაციაში გარკვეული მონაწილეობა მიიღო. იქაც მთავარი კაცი მესი იყო, ლეომ ქუსლით ელეგანტური პასი გააკეთა, მხარი კარგად ვერ აუბეს და ბურთი დაიკარგა, მაგრამ თავადვე გაიქცა, მეტოქეს მივარდა, ბურთი წაართვა და საჯარიმოში შესულმა დი მარია მოძებნა. ამ ეპიზოდში იგუაინმა ბურთი ოსტატურად გაატარა, ანხელმა კი ძლიერი დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

მესის გაბუტვისა და ბოიკოტის გარეშე საქმეს ამჯერადაც არ ჩაუვლია. ლეომ თანაგუნდელები შემოიკრიბა და მატჩის შემდეგ ნაკრების სახელით განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ბოიკოტს უცხადებენ ადგილობრივ პრესას.

საქმე ის არის, რომ მოთამაშეებსა და ჟურნალისტებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა გაამძაფრა იმან, რომ არგენტინულ პრესაში ერთი ამბავი აუტეხეს ესეკიელ ლავესის - ვარჯიშის მერე მარიხუანა გააბოლაო. "პოჩო" ამ ინფორმაციას უარყოფს და ამის გარეშეც, მესიმ ჟურნალისტების მიერ აგორებული მორიგი სკანდალი ვეღარ აიტანა.

"თქვენ უკვე დიდი ხანია გვაკრიტიკებთ - ხშირად უსაფუძვლოდ, დაუმსახურებლად და გადამეტებულად. უპატივცემულობის გაუთავებელი გამოხატვა მიუღებელია და, რა თქმა უნდა, ეს ყველა თქვენგანს არ ეხება, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზას ვერ ვხედავთ. ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა და სხვადასხვა ჭორის გავრცელება უკვე მეტისმეტია" - ამბობს მესი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
მოიგო ბრაზილიამაც - ლიმაში პერუსთან. ტიტე თავის ტრიუმფულ სვლას აგრძელებს. ყველა სიკეთესთან ერთად, "სელესაომ" ისევ არ გაუშვა გოლი. თავიანთი გმირი ბრაზილიელებსაც ჰყავდათ - ვუნდერკინდმა გაბრიელ ჟესუსმა ჯერ თავად გაიტანა, მერე კი რენატო აუგუსტოს გაუწია ასისტენტობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"სელესაომ" პირველ ადგილზე მყარად გაიდგა ფეხი, რადგან ბრაზილიელთა მდევარი ურუგვაი ჩილეში დამარცხდა, არადა, იგებდა. ოსკარ ტაბარესის გუნდი ედინსონ კავანიმ დააწინაურა, მას მერე, რაც ჩილელებმა ბურთი ვერაფრით ამოიტანეს და ლუსი სუარესმა თანამემემულე ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა.

ერთი მომენტი სტუმრებს კიდევ ჰქონდათ, მაგრამ სხვაობა ვერ გაზარდეს და ტაიმის მიწურულს აქეთ გაუშვეს - ჟან ბოსეჟურმა მშვენივრად ჩააწოდა, ხოლო ედუ ვარგასმა ბურთს თავისებურად ურქინა. გასახდელში გატანებულმა გოლმა ურუგვაიზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მერე მიკროტრავმით მოთამაშე ალექსის სანჩესის დრო დადგა.

იმავე ბოსეჟურის პასისას "არსენალის" შემტევმა ჩინებულად კი ითამაშა და ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ ფერნანდო მუსლერას ბურთის აღება შეეძლო და იღლიის ქვეშ გაუძვრა. ცოტა ხანში სანჩესი კარგად გაექცა მცველებს და დუბლი გაიფორმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ეკვადორმა საჭირო 3 ქულა აიღო ვენესუელასთან მატჩში. მართალია, პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა და ვენესუელელები წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს, მაგრამ შემდგომ მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს. მილერ ბოლანიოსმა და ენერ ვალენსიამ გოლს პლუს პასი გაიფორმეს.

* * *
პარაგვაიმ კი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი საგრძნობლად შეიმცირა, რადგან აუტსაიდერ ბოლივიასთან დამარცხდა. დიახ, ლა პასში თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ადვილად მუნდიალზე გამგზავრება არც გამოდის ხოლმე. თანაც, ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მე-60 წუთიდან მოყოლებული, მასპინძლები 10 კაცით იყვნენ და კაცნაკლულებმა შეძლეს გატანა. ბოლივიელებმა ბოლო ადგილს კვლავ დააღწიეს თავი და იქ ვენესუელა დააბრუნეს.

ბოლივია-პარაგვაი 1:0
გოლი: 0:1 გომესი (78-ს.კ-ში)
გაძევება: ვალვერდე (60. ბოლივია)

ეკვადორი-ვენესუელა 3:0
გოლები: 1:0 მინა (51), 2:0 ბოლანიოსი (83), 3:0 ე. ვალენსია (86)

ჩილე-ურუგვაი 3:1
გოლები: 0:1 კავანი (17), 1:1 ვარგასი (45), 2:1 სანჩესი (60), 3:1 სანჩესი (76)

არგენტინა-კოლუმბია 3:0
გოლები: 1:0 მესი (10), 2:0 პრატო (23), 3:0 დი მარია (84)
არგენტინა (4-2-3-1): რომერო - მერკადო, ოტამენდი, რამირო ფუნეს მორი, მასი - ბილია, მასკერანო - მესი, ბანეგა (63. ე. პერესი), დი მარია (85. აკუნია) - პრატო (79. იგუაინი)

პერუ-ბრაზილია 0:2
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟესუსი (58), 0:2 რ. აუგუსტო (78)
ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დ. ალვეში, მარკინიოსი, მირანდა, ფილიპე ლუიში - პაულინიო, ფერნანდინიო, რ. აუგუსტო - კოუტინიო (86. დ. კოშტა), გაბრიელ ჟესუსი (83. ვილიანი), ნეიმარი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 12 8 3 1 28-9 27
2. ურუგვაი 12 7 2 3 24-11 23
3. ეკვადორი 12 6 2 4 22-16 20
4. ჩილე 12 6 2 4 21-17 20
5. არგენტინა 12 5 4 3 14-12 19
6. კოლუმბია 12 5 3 4 15-15 18
7. პარაგვაი 12 4 3 5 11-17 15
8. პერუ 12 4 2 6 18-20 14
9. ბოლივია 12 2 1 9 10-31 7
10. ვენესუელა 12 1 2 9 14-29 5

მომდევნო ტური
20 მარტი:
კოლუმბია-ბოლივია
პარაგვაი-ეკვადორი
არგენტინა-ჩილე
ვენესუელა-პერუ
ურუგვაი-ბრაზილია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
7 ან 6 გუნდი მაინც უნდა გადიოდეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკიდან, სხვა ფეხბუთია რა ძაან ლამაზი და ჟილკიანი
basko
13:19 17-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული