"მონაკოს" ტალანტმა, რომელზეც ახლა მთელი ევროპა ლაპარაკობს, ულამაზესი გოლი გაუტანა "მანჩესტერ სიტის". საქმე მხოლოდ გოლში არ არის. ახალგაზრდა ფორვარდს მთელი შეხვედრის განმავლობაში ნამდვილი ტერორის ქვეშ ჰყავდა "სიტის" მრავლისმნახველი მცველები. მბაპემ იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა, რომ პრესაში უკვე გამოჩნდა მრავლისმეტყველი შედარებები -მბაპეს ტიერი ანრის ადარებენ, ვისი დიდებული კარიერაც ასევე "მონაკოში" დაიწყო.
თუ ტიერი პარიზის გარეუბანში დაიბადა, კილიანის დაბადების ადგილი თვითონ პარიზია. კილიანის მამა, ვილფრიდ მბაპე ჯერ კიდევ მშობლიურ კამერუნში მუშაობდა ფეხბურთის მწვრთნელად. მან საყვარელი
სანამ "მონაკოს" შემადგენლობაში მბაპეს დებიუტი შედგებოდა, მბაპე - უფროსის მთავარი აღმოჩენა გახლდათ ჟირის კემბო-ეკოკო. ის გულშემატკივარს "რენიდან" უნდა ახსოვდეს. უფროსმა მბაპემ ის მაშინ იშვილა, როცა 11 წლის იყო. კონგოელი კემბო-ეკოკო მუდამ აღნიშნავს, რომ კილიანი კისთვის ნამდვილი უმცროსი ძმაა.
...როცა კილიან მბაპე 11 წლის გახდა, ის კლერფონტენის ცნობილ აკადემიაში ჩაირიცხა. "მე ყოველთვის ბევრს ვშრომობდი ჩემი შვილებისათვის. ის საფუძველი, რაც კილიანში ჩავდე, საკმარისი აღმოჩნდა კლერფონტენში მოსახვედრად, იქ მოხვედრას კი ბევრი ნატრობს." - ამბობს ვილფრიდ მბაპე. საინტერესოა, რომ მბაპემდე ზუსტად 20 წლით ადრე კლერფონტენის საფეხბურთო აკადემიის კარი ტიერი ანრიმ შეაღო.
მბაპე ევროპამ სწრაფად გაიცნო. მის თამაშს თითქმის ყველა გრანდის სკაუტი უყურებდა. კილიანს სახელი იმდენად შორს გაუვარდა, რომ მისით სერიოზულად დაინტერესდა მადრიდის "რეალი". თანაც, "სამეფო გუნდში" შეიტყვეს, რომ მბაპე ბავშვობიდან "რეალის" თავგადაკლული ფანი გახლდათ. მბაპესთან და მამამისთან მოსალაპარაკებლად საფრანგეთის და მადრიდის ლეგენდა, ზინედინ ზიდანი ჩავიდა სამშობლოში.
"ეს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე იყო. მე ლეგენდას ჩამოვართვი ხელი, ის თვალებში მიყურებდა და იყო ბოლომდე გულწრფელი." - მოგვიანებით ასე გაიხსენებს მბაპე ზიდანთან შეხვედრას.
საბოლოო ჯამში ზიდანმა მაინც ვერ დაარწმუნა ტალანტი და მისი ოჯახი საფრანგეთიდან წასვლის აუცილებლობაში. მამა ვილფრიდმა ჩათვალა, რომ ბიჭისათვის ჯერ ადრე იყო საზღვარგარეთ წასვლა. აქედან გამომდინარე, ოჯახმა ადგილობრივი კლუბების წინადადებების განხილვა დაიწყო.
ახლა სიტყვა მივცეთ მბაპეს მამის შვილობილს, კემბო-ეკოკოს. "ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, სანამ საბოლოო არჩევანს გავაკეთებდით, მაგრამ თავად კილიანმა იგრძნო თავი შესანიშნავად, როცა "მონაკოს" ხელმძღვანელობის კაბინეტში შევიდა. ეს არის კლუბი, რომელიც დიდებული ტრამპლინია ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის და მაშინვე ყველაფერი გადაწყდა." - ამბობს კემბო- ეკოკო.
ეს ის დროა, როცა "მონაკო" დაუბრუნდა საფრანგეთის უძლიერეს საფეხბურთო ლიგას და, რაც მთავარია, დაუბრუნდა ძალიან დიდი გეგმებით. მონეგასკებმა მიზნად საფრანგეთის ჩემპიონატში "სენ-ჟერმენის" ბატონობის დამხობა დაისახეს. მოკლედ, 14 წლის იყო კილიან მბაპე, როცა "მონაკოს" წევრი გახდა. სხვათა შორის, ტიერი ანრი 16 წლის იყო, სამთავროს კლუბში რომ მივიდა.
საინტერესოა, რომ ანრიმ "მონაკოს" ძირითად შემადგენლობაში პირველად 17 წლის ასაკში ითამაშა. სადებიუტო სეზონში მან მხოლოდ 8 შეხვედრაჩაატარა, რადგან ძირითად შემადგენლობაში ადგილი მას დამკვიდრებული არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, ანრი იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც "მონაკოს" შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ოდესმე ეთამაშა.
2015 წლის 12 დეკემბერს ეს რეკორდი დაამხო კილიან მბაპემ. მაშინ "კაენთან" შეხვედრაში 16 წლის ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. სადებიუტო სეზონში კილიანმა სულ 11 შეხვედრა ჩაატარა. ის დასვენების საშუალებას აძლევდა შედარებით გამოცდილ პარტნიორებს.
ზუსტად ერთი წლის წინ მბაპემ პირველი "ოფიციალური" გოლი გაიტანა "მონაკოში". გაუტანა "ტრუას" და შეიქმნა "მონაკოს" ისტორიაში ყველაზე "ახალგაზრდა" გოლის ავტორი. ღირს კი იმის დაწერა, რომ ეს რეკორდი ანრის ეკუთვნოდა?
"ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან. დიდებული დრიბლინგი და პასის კულტურა. ორივეს უყვარს მარცხენა ფლანგიდან შეტევა. ეგაა, კილიანი ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელია და მას ბევრი მუშაობა მოუწევს, სანამ ანრის დონეს მიაღწევს." - ამბობს არსენ ვენგერი, ვინც ბოლომდე "გახსნა" ანრის უდიდესი ტალანტი.
"მონაკოს" ყოფილი კაპიტანი, ჟერემი ტულალანი ამბობს: "რა თქმა უნდა, ის უდიდესი ნიჭის ფეხბურთელია, მაგრამ მე მინახავს ასეთები, რომლებიც ბოლომდე ვერ მიდიან. ასე რომ, კილიანს დიდი შრომა მართებს".
ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ახლა ცოტა საშიში პერიოდი დგას. "სიტისთან" შესანიშნავი თამაშის შემდეგ ყველა მას აქებს. "ტვიტერში" ისიც კი დაწერეს, ფენომენმა მბაპემ ოტამენდი პირდაპირ არგენტინაში გაუშვაო.
"მე არ ვარ ფენომენი. საკუთარ თავს ასეთად სულაც არ ვთვლი. პირიქით, მიმაჩნია, რომ სასწავლი ძალიან ბევრი მაქვს და მე არ მეზარება მუშაობა. ვინც შრომას წყვეტს, ის პროგრესსაც წყვეტს, მე კი ეს არ მინდა.
ჩემი ამოცანაა, რომ საკუთარი ისტორია დავწერო. ტიერი ანრისთან ჩემი შედარება უადგილოა. მან თავისი ისტორია უკვე დაწერა, ჩემი ისტორია კი დასაწერია." - თავმდაბლობს ჩვენი პატარა გმირი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"