ბოლო წამების ტური - ლიგა 1. XXVI ტურის გამოხმაურება

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურები ძალიან საინტერესო რომ არის, ამაზე ალბათ ორი აზრი არ არსებობს. არა, არ ვამტკიცებთ, რომ მატჩების მიმდინარეობაა მომხიბლავი, უფრო პირიქით... ძნელად შეიძლება ადამიანს მოგეწონოს ის, როცა ტურში სამი შეხვედრა უგოლო ფრეებით მთავრდება, ერთ სათამაშო დღეს კი 7 მატჩში სულ 4 გოლი გადის, მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, თავად ბოლო ტურებია დამაინტრიგებელი. ჩემპიონატის ლიდერებს ხომ ერთმანეთში უწევთ "საქმის გარჩევა".

ტურის მატჩი
წესით აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი რომ ტურის მატჩად მარსელის "ველოდრომზე" შემდგარ დრამას ვასახელებთ. 25-ეს მსგავსად ტურის პროგრამა ისევ "ლილმა"
დაასრულა და ისევ ღირსეულად დაუხვდა დახვავებულ პრობლემებს, მოგეხსენებათ, ისინი ბოლო პერიოდში ზედატვირთული გრაფიკით ასპარეზობენ.

აი, რა განაცხადა ნამატჩევს "ლილის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ: "მარსელთან" გასვლითი გამარჯვება სერიოზული მიღწევაა. განსაკუთრებულად ღირებული ის იმიტომ არის, რომ ჩვენმა უშუალოდ კონკურენტმაც შეძლო თავისი სამი ქულის აღება. ამ შეხვედრაში ჩემმა შეგირდებმა დიდებული პირველი ტაიმი ითამაშეს. სწორედ ისინი აკონტროლებდნენ ბურთს, გაიტანეს გოლი, მეორეში კი ზეწოლა შეამცირეს და მეტოქემ ამით მშვენივრად ისარგებლა.

კარგია, რომ ბოლოს ისევ მოვახერხეთ მატჩის საჩვენოდ შემოტრიალება. ფეხბურთელებთან ერთადერთი პრეტენზია მაქვს, მათ აუცილებლად მოუწევთ მომენტების რეალიზაციაზე მეტი მუშაობა".

ტურის გმირი
როცა ლაპარაკია ტურის გმირზე, ამან შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. აქ "ლილს" თავისი კანდიდატურა ჰყავს, პიერ-ალან ფრო, "ოსერს" - თავისი, კამელ შაფნი. ჩვენი არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა, რადგან სწორედ მისმა გოლმა გადაწყვიტა "პარი სენ-ჟერმენთან" შეხვედრის ბედი.

მაროკოული ფესვების მქონე 28 წლის ფრანგმა 86 წუთის განმავლობაში გამართულად მოასპარეზე დაცვა ერთადერთ შეცდომაზე გამოიჭირა. კამელმა იმით ისარგებლა, რომ სტუმართა კოტდივუარელმა მცველმა სიაკა ტიენემ ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს ფეხი ააცილა. შაფნი კი კარგი მონადირესავით მსხვერპლს სწორედ იქ დახვდა, სადაც უნდა დახვედროდა და მეკარეს მარცხენათი აუღებელი დაურტყა.

რახან ტურის გმირზე მოკლედ მოგითხრეთ, აქვე მოგიყვებით სხვა გმირებზეც.

XXVI ტურის სიბოლური ნაკრები
ოდარი (ლორიანი) - მანგანი (რენი), მორელი (ლორიანი), პერკი (სოშო) - შაფნი (ოსერი), აზარი (ლილი), პიანიჩი (ლიონი), უტაკა (მონპელიე), მორის ბელე (სოშო) - ელ არაბი (კაენი), ლ. ლოპესი (ლიონი)

ტურის გოლი
ედენ აზარმა "მარსელის" კარში ენით აუწერელი სილამაზის გოლი გაიტანა. ბელგიელმა ბურთი ფლორან ბალმონისგან სრულიად უწყინარ სიტუაციაში მეტოქის კარიდან 40 მეტრში მიიღო. ამის შემდეგ სიტუაცია პროზაულად კი განვითარდა, თუმცა მეტად პოეტურად კი დაბოლოვდა: ედენი მიხვდა, რომ მას ხელს არავინ უშლიდა, გაირბინა ხუთიოდე მეტრი და გამეტებით დასცხო - შედეგად ბურთი სტივ მანდანდას კარის "ცხრიანში" აფართხალდა.

ტურის შეცვლა
პიერ-ალან ფრო მიმდინარე სეზონში დიდი სათამაშო პრაქტიკით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ის, რაც მას ინსტინქტით მოსდგამს, არ დავიწყებია, ეს არის გოლების გატანა. აღსანიშნავია, რომ მან ხუთჯერ აქვს თავი გამოჩენილი და აქედან ორჯერ სწორედ მისმა დარტყმამ მოუტანა "ლილს" 3 ქულა.

პიერ-ალანმა ერთი გოლი "ველოდრომზე" "მარსელს" მინდორზე გამოჩენიდან 5 წუთში გაუტანა, თანაც როდის? 90-ე წუთზე! ეს ყველაფერი თავისთავად მწვრთნელის ალღოზე მიუთითებს. თუმცა ჩვენ კიდევ ერთი დეტალი არ აღგვინიშნავს: ფროს ასისტენტობა ემერსონ დე მელომ გაუწია, ფეხბურთელმა, რომელიც მინდორზე ფროზე ცოტა ადრე იყო გამოსული. მატჩის მიწურულს გატანილი ბურთი გარკვეულწილად პასუხსაც წამოადგენდა "რენისთვის", რადგან იუსუფ ელ არაბიმ "მონპელიეს" ბურთი ისეთ დროს გაუტანა, მასპინძლებს ბურთის ცენტრიდან გასათამაშებლად დრო აღარ დარჩათ.

ტურის გადარჩენა
"ტულუზთან" დაპირისპირების 90-ე წუთზე "სოშოს" მცველმა დამიენ პერკიმ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. მან ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და უმალ მსაჯის საფინალო სასტვენის გაისმა, რამაც "სოშოს" გასვლითი გამარჯვება დააფიქსირა.

ტურის თავგამოჩენილი
ის, რა სტილშიც ლისანდრო ლოპესი "არლს" გაუმკლავდა, კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ უნდა მოუგოს ერთმა გუნდმა მეორეს კლასის ხარჯზე. გარდა აუტსაიდერის კარში გატანილი სამი ბურთისა, არგენტინელმა "არლის" მეკარე ვენსან პლანტეს ქუსლით გაკეთებული ულამაზესი პასით ერთი ერთზე შეჰყარა მირალემ პიანიჩიც, ვისაც არ გასჭირვებია თავის გამოჩენა.

ტურის ციფრები
"პარი სენ-ჟერმენთან" მურად შაფნის გოლმა "ოსერს" სარეკორდოდ დიდი, 16-თამაშიანი მოუგებელი სერია შეაწყვიტა. 16 თამაშიდან 12 ჟან ფერნანდესის გუნდმა ლიგა 1-ში ვერ მოიგო.

"ნანსიმ" მიმდინარე სეზონში პირველ გასვლით პაექრობაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

მატიო ვალვერდე მე-5 მეკარე გახდა ამ სეზონში, ვინც წითელი ბარათი დაიმსახურა.

ტურის ფრაზა
აი, როგორ მჭევრმეტყველურად აღწერს "მარსელის" წაგების მიზეზებს გუნდის კაპიტანი სტივ მანდანდა: "ლილმა" დღეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა მოეგო, ჩვენ კი ყველაფერი არ გავაკეთეთ მოსაგებად და ამიტომ წავაგეთ".


ლევან ბიბილაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული