ამ დღეებში საფრანგეთში და გერმანიაში ყველა ფრანკ რიბერიზე საუბრობს. როგორც იცით, მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა – რიბერის კავშირი ჰქონდა არასრულწლოვან მეძავთან და არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ფეხბურთელმა იცოდა მეძავის ასაკი. შესაბამისად, რიბერი უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. იმ დროს, როცა ყველა მასზე საუბრობს, თვითონ რიბერიმ „ბილდის“ კორესპონდენტთან ისაუბრა.
- ფაქტია, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ. ამ სიტუაციაში თავს როგორ გრძნობთ?
- ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა ძალიან ცუდად ხარ. ახლა სწორედ ასეთი ეტაპი მაქვს. ამაზე
- თუ ბრალს წაგიყენებენ და დადასტურდება, რომ მეძავის ასაკი იცოდით, თავისუფლების სამი წლით აღკვეთა გემუქრებათ. არ გეშინიათ, რომ რომც გაგამართლონ, ეს ამბავი თქვენს კარიერას დაანგრებს?
- არა, კარიერის გამო ნამდვილად არ მეშინია. საერთოდაც არაფრის მეშინია, რადგან განგებ არაფერი გამიკეთებია და დამნაშავე არ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ დავიბრუნებ იმ ადამიანების ნდობას, რომლებსაც ახლა ჩემში ეჭვი ეპარებათ. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ფეხბურთს ისე კარგად ვითამაშებ, რომ ყველას ყველაფერი მალე დაავიწყდება. მინდა, რომ გამოძიება მალე დასრულდეს და მხოლოდ ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული.
- ახლობლებისგან მხარში დგომას გრძნობთ?
- ჩემი ოჯახი ყველანაირად მხარში მიდგას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, ვაჰიბას გადავუხადო. ამასთან, მთელი „ბაიერნი“ მანუგეშებს და რეკორდმაისტერს ამას არასდროს დავუვიწყებ. „ბაიერნში“ გატარებული პირველი ორი წელიწადი ჩემი ცხოვრების ულამაზესი პერიოდი იყო, ყველა ტაშს მიკრავდა. მიხარია, რომ რთულ პერიოდშიც მხარში ამომიდგნენ. სწორედ ასეთ დროს ხვდები, რაოდენ დიდია შენდამი სიყვარული და პატივისცემა. თამამად ვიტყვი: ასეთ კლუბში არასდროს მითამაშია და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კლუბი არსებობდა. მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემი მეორე ოჯახი გახდა.
- როგორ გეხმარებათ „ბაიერნი“?
- შესაძლოა, ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი: მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, 25 ივნისს მიუნხენში ოპერაცია გავიკეთე. ნაცვლად იმისა, რომ რომ გერმანიაში დარჩენა ეიძულებინათ, შვებულებაში გამიშვეს და თან ფიზიოთერაპევტი და ფიტნესმწვრთნელიც გამომაყოლეს. ანუ, თან ვისვენებდი და თან სპეციალურად ვვარჯიშობდი. ხომ შეეძლოთ, რომ ეს არ გაეკეთებინათ და ეთქვათ, მიუნხენში უნდა დარჩეო. „ბაიერნს“ ამისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. იმის თქმა მინდა, რომ მიუნხენში ფეხბურთელების დაფასება ყველაზე უკეთ იციან.
- რამდენად ახერხებთ ახლა ფეხბურთზე კონცენტრირებას?
- სიმართლე გითხრათ, ახლა ჩემთვის ფეხბურთზე კონცენტრირება ძალიან ძნელია. იმედი მაქვს, რომ ჩემი პირადი პრობლემები წარსულს ძალიან მალე ჩაბარდება და მერე მე ვიცი, როგორ უნდა ვივარჯიშო და ვითამაშო. ჩემთვის მთავარი ფეხბურთის თამაში და ფეხბურთზე კონცენტრირებაა.
- ამას წინათ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მაინც გაგაკრიტიკათ. მან თქვა, ერთი წელია, მიუნხენში ვმუშაობ და დიდი რიბერი ჯერ ვერ ვნახეო...
- ვან გაალი სწორს ამბობს, რადგან გასული სეზონი ჩემთვის მართლაც არ იყო საუკეთესო. ყველაფერი ტრავმებმა გააფუჭა, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე მაგრად ვმუშაობ იმისათვის, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი იდეალურად იყოს. ჩემი მიზანი საუკეთესო ფორმაში ყოფნაა, რადგან მინდა, რომ ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო გამოვიდეს. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ – ამაზე ვოცნებობ. დღემდე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ფინალში დისკვალიფიცირებული ვიყავი და „ინტერთან“ წავაგეთ. ახალი სეზონის წინ კი უაღრესად მოტივირებული ვარ. ძალიან მინდა, რომ „ბაიერნის“ ფანები გავახარო.
- ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ ამ სკანდალის გამო „ბაიერნთან“ ვალში ხართ?
- ეს არასწორი განზოგადებაა. „ბაიერნთან“ ვალში არ ვარ, რადგან მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი საიმისოდ, რომ გუნდს წარმატებებისთვის მიეღწია. პირადი პრობლემები ყველა ადამიანს ექმნება ხოლმე და მადლობელი ვარ, რომ „ბაიერნი“ მხარში ამომიდგა. იმედი მაქვს, რომ ბუნდესლიგის პირველივე ტურში ვითამაშებ. მომავალი სეზონი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს.
გაზეთი "ლელო"