თითქმის ათლეტი - შეცვლის ლაკაზეტი გრიზმანს "ატლეტიკოში"?

AutoSharing Option
ალეკსანდრ ლაკაზეტი არის 25 წლის და დგას გზაგასაყარზე - საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი მშობლიური "ლიონიდან" გადადის მადრიდის "ატლეტიკოში" და ეს ტრანსფერი, რომელიც წესით უნდა შედგეს, ერთ-ერთი გამორჩეული იქნება ზაფხულის ტრანსფერებს შორის.

ლაკაზეტს აქამდე "ლიონის" გარდა არც ერთ გუნდში არ უთამაშია. მან ყველაფერი მისცა გუნდს, რომელმაც ყველაფერი მისცა გვადელუპელ ბიჭს, რათა მას დიდი ფეხბურთი ეთამაშა და მსოფლიოს გაეცნო იგი, როგორც თამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი.

"ლიონი" ევროთასებზე ითამაშებს, მაგრამ მისი ლიდერის გუნდში დარჩენას კითხვის ძალიან დიდი ნიშანი უზის. ყველა ხვდება, რომ მან ამოწურა
საკუთარი შესაძლებლობები ფრანგულ გუნდში. კი, დარჩენის შემთხვევაში ლაკაზეტი კიდევ ბევრ გოლს გაიტანს "ლიონში", მაგრამ ის უფრო უკეთესი იქნება იმ კლუბში, რომელიც უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოლებს.

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გუნდში დარჩა. არადა, ბევრი საუბრობდა არგენტინელის შესაძლო წასვლაზე თუნდაც მილანის "ინტერში". სიმეონე დარჩა. როგორც ჩანს, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ რაღაც წონადი არგუმენტით შეძლო სიმეონეს დარწმუნება. რა იყო ეს არგუმენტები, ამაზე ბევრი დავა არაა საჭირო.

"ჩვენსა და "რეალს" შორის არის სხვაობა, მაგრამ ეს სხვაობა დიდი არაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს განსხვავება მომავალ სეზონში აღარ არსებობდეს." - ასე თქვა არგენტინელმა მწვრთნელმა მას შემდეგ, რაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა "სამეფო კლუბთან".

როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს განსხვავება "რეალთან"? რა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელების დამატების ხარჯზე. როგორც ჩანს, სიმეონემ შეფობისგან მტკიცე გარანტიები მიიღო. სხვანაირად არგენტინელი დამრიგებელი, რომელიც მუდამ უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის, გუნდში არ დარჩებოდა.

მით უმეტეს, საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა გუნდში საფრანგეთის ნაკრების ერ-ერთი ლიდერი, ანტუან გრიზმანი. ფრანგი ვარსკვლავი ამ დროისათვის თავად არ გამორიცხავს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას. ასეთ შემთხვევაში კი "ათლეტებს" სერიოზული შევსება სჭირდებათ.

"ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს სერიოზული არგუმენტები აქვს იმისათვის, თუ რატომ უნდა გადაიბიროს ლაკაზეტი. "ატლეტიკოში" გასულ სეზონში ნათლად ჩანდა ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა.

ფერნანდო ტორესი გუნდში დარჩა, მაგრამ "ელ ნინიო" ძველი "ელ ნინიო" აღარ არის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა მიიღო და ყველანი ძალიან შეგვაშინა.

რაც შეეხება კევინ გამეიროს, შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის ბოლომდე ვერ გახდა "ატლეტიკოს" ნაწილი. ჩანს, რომ სიმეონე მისი გარჯით ბოლომდე კმაყოფილი არაა. გამეირო შესანიშნავი იყო "სევილიაში" და მისგან მეტს ელოდნენ მადრიდულ კლუბში.

"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ამბობს: "გავიგე, რომ გრიზმანი ინგლისში 100 მილიონად გადადის. ასეთ ვითარებაში ჩვენ 40 მილიონად არავითარ შემთხვევაში არ გავყიდით ლაკაზეტს".

მისი ნათქვამი ცხადყოფს, რომ "ატლეტიკოს" ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთის თავისებურება სწორედ ესაა - ვარსკვლავის შეძენა თუ გინდა, გვარიანადაც უნდა დაიხარჯო.

ლაკაზეტის წინაშე კი თვისობრივად ახალი ასპარეზი იშლება. მას არასოდეს უთამაშია ისეთ გუნდში, რომელიც იბრძოლებდა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ხდება ხოლმე, როცა ესა თუ ის ფეხბურთელი სულ სხვანაირად იხსნება მაღალი მიზნებისათვის მებრძოლ გუნდში და, იქნებ, ლაკაზეტის შემთხვევაშიც ასე მოხდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში ლაკაზეტი უკვე მზადაა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. ამაში ჩვენ ნათლად დავწმუნდით ევროპალიგაზე, სადაც ჩვენს გმირს დაახლოებით იმავე ინტენსივობით გაჰქონდა გოლები, როგორითაც საფრანგეთის ჩემპიონატში.

მან უკვე იცის საერთაშორისო ასპარეზის გემო. სიმეონეს ხელში კი ის ტაქტიკურად კიდევ უფრო განსწავლული ფეხბურთელი გახდება და მეტ სარგებლობას მოუტანს საფრანგეთის ნაკრებს, რომელსაც თანდათან ეგუება უდიდესი კონკურენციის ფონზე.

პოტენციალი კი მას მართლაც აქვს. მოვუსმინოთ ახლო წარსულში ცნობილ ფრანგ ფეხბურთელს, მერე კი მწვრთნელს, ლორან ბლანს:

"ლაკაზეტი გამორჩეული თავდამსხმელია. ის დაჯილდოვებულია გოლის განსაკუთრებული ალღოთი. გარდა ამისა, მას შეუძლია, უკნიდან დაიწყოს შეტევა. ეს თვისება მას განსაკუთრებულს ხდის თავის შესანიშნავ ტექნიკასთან ერთად." - ამბობს ბლანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაკაზეტი კარგი თავდამსხმელია მაგრამ არ არის იმ დონის როგორც ამ სტატიაშია დახასიათებული,გრიზმანი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია მაგრამ ატლეტიკოს თავდასხმაში მარტომ რა უნდა ქნას გრანდების წინააღმდეგ?! გრიზმანმა ორი დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, მან იუნაიტედში გადასვლის შანსი 10 დან 6 ია და ატლეტიკოში დარჩენის შანსი 10 დან 7. თუ ატლეტიკო საკმარისად გაძლიერდება დავრჩებიო! გრიზმანის ბიოგრაფია ახალი წიგნი გამოვიდა და ძალიან საინტერესო იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის!!!
zaza
14:23 27-05-2017
0
გრიზმანი არასოდეს მომწონდა, ლაკაზეტი ატლეტიკოს დაამშვენებს გრრზიზმანზე მეტად
alex
13:18 26-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული