შანსების ძიებაში

AutoSharing Option
“ლიონს” ბოლო ორ შეხვედრაში არ მოუგია. ის, რომ მისი საჩემპიონო ამბიციები ეჭვქვეშ დგას, ყველაფერი არ არის, არსებობს საშიშროება, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს, რადგან ჯერ კიდევ ერთი ქულით ჩამორჩება “რენს”.

"სტად დე ჟერლანს” აუტსაიდერი “ლანსი” სტუმრობს. მასპინძლებმა უსიკვდილოდ უნდა იმარჯვონ. ბოლო დღეებში “ლიონის” პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა გააქტიურდა, ჯერ კლოდ პიუელის სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკა, შემდეგ კი გუნდის წარუმატებლობებზეც დაძრა სიტყვა. “მეჩვენება, რომ ჩვენი ბოლოდროინდელი შედეგების ფონზე ჩემპიონობაზე ლაპარაკი ცოტა არალოგიკურია, მაგრამ... ოთხი ქულა სულელურად გავანიავეთ. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, განსხვავება
ლიდერებთან სერიოზულია, თუმცა არსებობს შანსი, რომ “ლილმა” და “მარსელმა” მომდევნო 3-4 ტურში ქული დაკარგონ. თუკი სხვაობა 3-4 ქულამდე შემცირდება, ინტრიგა და დაძაბულობა მერე ნახეთ,” - ამბობს ოლა. პიუელს ტრავმების გამო არ ეყოლება ბრაზილიელი მიშელ ბასტოსი და არგენტინელი სესარ დელგადო, ხოლო პაპე დიაკატე დისკვალიფიცირებულია.

“ლანსის” ლიგა 1-ში დარჩენის შანსი ტურიდან ტურამდე მცირდება. აუტსაიდერებს არც კალენდარი უწყობს ხელს. წინა ტურში ისინი “მარსელთან” დამარცხდნენ, ახლა კი “ლიონთან” პაექრობა უწევთ. რუმინელი მწვრთნელი ლასლო ბოლონი არ ნებდება. ის შემტევი შემადგენლობის გამოყვანას აპირებს. მისი გუნდის ლიდერები ჯანმრთელად გრძნობენ თავს - თავდამსხმელები ედუარდო და ისაამ ჟემა, შემტევი ნახევარმცველები კენგა აკალე და სებასტიან რუდე.

“ჩვენ მშვენივრად გვესმის ერთმანეთის და შეგვიძლია კიდეც კარგი ფეხბურთის ჩვენება, - აცხადებს ედუარდო. - აუცილებელია, ზეწოლას გავუძლოთ და მიზნის მისაღწევად გარკვეულად რისკზეც წავიდეთ, ვითამაშოთ შეტევაში. ბოლო მატჩებში ასეც ვიქცევით და ალბათ ამიტომ არის, რომ უამრავ საგოლე მომენტს ვქმნით. ლოგიკა მარტივია, იმისთვის, რომ გადავრჩეთ, უნდა მოვიგოთ, რომ მოვიგოთ, მეტოქე სათანადოდ უნდა შევაფასოთ და შევუტიოთ”.

ბრაზილიელი ლეგიონერი მართალია. თუკი ჟან-გი ვალემის ხელმძღვანელობით 18 შეხვედრაში “ლანსმა” 16 ქულა აიღო, ლასლო ბოლონის მოსვლის შემდეგ გუნდი სანახაობრივ ფეხბურთზე გადაერთო და 11 მატჩში 12 ქულა დაიმსახურა. “მხრებზე სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი გვაწევს, რასაც ღირსეულად ვუმკლავდებით. გადამწყვეტ თამაშებს მაქსიმალურად კონცენტრირებულნი შევხვდებით. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და შინაგანად გვჯერა, რომ ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ. ამ მიზნისთვის ბრძოლა რა ხანია დავიწყეთ და ბოლომდე არ დავეცემით,” - დასძინა ედუარდომ.

“ლანსს” სერბი შუახაზელის ნენად კოვაჩევიჩის (ბარძაყი), მცველ ფრანკ კედრიუსა და თავდამსხმელ დავოდ პოლეს გარეშე მოუწევს ბრძოლა.

შაბათს კიდევ ორი საინტერესო მატჩი შედგება. ჩემპიონობის ჯერ კიდევ თეორიული მაძიბელი “რენი” “ბრესტს” ეწვევა. "ფრანსე ლე ბლეზე” ბრეტონული დერბი შედგება. დერბი კიდევ ყველგან განსაკუთრებულად საინტერესო გამოდის ხოლმე. მით უფრო, რომ თუ ისევ და ისევ შაბლონურ ფრაზას მოვიშველიებთ, ორივე მონაწილისთვის ეს მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. წელს ორივე გუნდმა მოახერხა ლიგის ცხრილში ლიდერის როლის მორგება, თუმცა ეს პირველ წრეში იყო და მას მერე მათი გზები გაიყო. დღევანდელმა სტუმარმა მოახერხა სტაბილურად ასპარეზობა.

შესაბამისად, ის დღემდე ლიდერებშია, მასპინძელმა კი იმდენად ცუდად განაგრძო კარგად დაწყებული საქმე, რომ ახლა გასავარდნ ზონას სამი ქულაღა აშორებს. განსაკუთრებულად ცუდად გამოიყურება “ბრესტი” ბოლო 5 ტურში, სადაც გუნდმა 1 ფრე ითამაშა, ისიც წყალწაღებულ “არლთან”, 4 კი ზედიზედ წააგო. ალექს დიუპონი აღიარებს, რომ ამხელა სტრესის შემდეგ უკვე უჭირს ფეხბურთელების მოტივირება და საბრძოლველად განწყობა: “ასეთ მდგომარეობაში აქამდე არასოდეს ჩავვარდნილვარ. არადა, აშკარად ვიმსახურებდით რამდენიმეთი მეტ ქულას ცხრილში, ვიდრე ახლა გვაქვს. მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, პანიკაში ჩავარდნის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. მეტიც, მომავალ დაპირისპირებებს მაქსიმალურად მშვიდად უნდა შევხვდეთ. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ასეთი წნეხის ქვეშ ცხოვრება. თუ ასე არ მოხდა, ლიგა 2-ში დავბრუნდებით”...

დერბის არც ფრედერიკ ანტონეტის “რენი” ხვდება იდეალურ კონდიციებში. გუნდს სამთამაშიანი მოუგებელი სერია აქვს. დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრუნდება “რენის” საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ მონტანო, თუმცა ანტონეტის სერიოზული დანაკარგიც აქვს - ბარძაყის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ჟირეს კემბო-ეკოკო, საზარდულს უჩივის რამდენიმე დღის წინ “ლივერპულთან” კონტრაქტის გამფორმებელი სილვენ მარვო. სამშაბათის შემდეგ ფეხს იტკიებს ალექს ტეტი, თუმცა მისი ასპარეზობა გამორიცხული არ არის.

რაც შეეხება ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატ “ლილს”, რუდი გარსიას შეგირდები შესანიშნავ ფორმაში არიან - მათ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგეს. მიუხედავად აუტსაიდერობისა, ყველა თანხმდება, რომ “მონაკო” სულაც არ არის ხელწამოსაკრავი ოპონენტი - ამას ისიც ადასტურებს, რომ გუნდი გასავარდნ ზონაშია, მაგრამ ბურთების სხვაობა მხოლოდ -1 აქვს. “ლილის” ექიმებმა გარსიას კარგი ცნობა მიაწოდეს, საფრანგეთის ნაკრების წევრმა ადილ რამიმ ხორვატებთან სანაკრებო შეხვედრაში მიღებული კისრის ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. ერთადერთი, ვინც “ძაღლებს” (“ლილის” მეტსახელი) ვერ დაეხმარება, ომარ ვეიდია. მასპინძლებს კი სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. არ იქნებიან მაჰამადუ დიარა, ლორან ბონარი, ლაივინ კურზავა და კრის მალონგა.

დღეს:
ოსერი-სტ. ეტიენი 21:00
ბორდო-არლი 21:00
კაენი-პსჟ 21:00
ლორიანი-სოშო 21:00
მონაკო-ლილი 21:00
ვალანსიენი-ნანსი 21:00
ბრესტი-რენი 23:00

ხვალ:
მარსელი-ტულუზი 19:00
მონპელიე-ნიცა 19:00
ლიონი-ლანსი 23:00

1. ლილი 29 16 10 3 52-28 58
2. მარსელი 29 15 9 5 42-24 54
3. რენი 29 14 9 6 32-21 51
4. ლიონი 29 13 11 5 49:28 50
5. პსჟG 29 12 10 7 42:30 46
6. მონპელიე 29 11 9 9 25:30 42
7. სტ. ეტიენი 29 10 10 9 36:34 40
8. ბორდო 29 9 12 8 37:34 39
9. ლორიანი 29 10 9 10 35:34 39
10. სოშო 29 11 5 13 42:36 38
11. ტულუზი 29 11 4 14 29:31 37
12. ნანსი 29 10 6 13 30:41 36
13. ბრესტი 29 9 8 12 29:34 35
14. კაენი 29 9 8 12 32:41 35
15. ნიცა 29 8 11 10 21:30 35
16. ვალანსიენი 29 7 13 9 34:32 34
17. ოსერი 29 6 15 8 32:34 33
18. მონაკო 29 6 14 9 28:29 32
19. ლანსი 29 6 10 13 28:43 28
20. არლი 29 1 9 19 16:57 12


ლევან ბიბილაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული