25 წლის ჩუ-იუ პარკი ის ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის პირველობა ისევ დიდ გაურკვევლობაში დააბრუნა. მისმა გოლმა ერთპიროვნული ლიდერი "ლილი" დაამუხრუჭა, ხოლო "მონაკოს" ასე საჭირო სამი ქულა მოუტანა. ამ მატჩამდე "ლილმა" ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და კორეელი ფეხბურთელის ერთადერთი გოლით "მონაკომ" წერტილი დაუსვა ამ შესანიშნავ სერიას - 1:0.
მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც 12 წუთი იყო გასული, როცა ჩუ-იუნ პარკმა კარგად ისარგებლა ადილ რამის "ჩაძინებით" და სეზონში მე-11 გოლი შეაგდო. რუდი გარსიას გუნდი ცოტა
ადილ რამი "ლილის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, საფრანგეთის ნაკრების მცველი დიდებულ სეზონს ატარებს, მაგრამ ფეხბურთელს, რომელიც უკვე "ვალენსიას" საკუთრებაა და მომავალ სეზონს პრიმერადივიზიონში გაატარებს, რაღაც დაემართა და მეკარე ლანდროს ხეირიანი პასი ვერ დაუგორა, სწრაფ აზიელსაც მეტი რა უნდოდა. სხვათა შორის, პარკის გოლი სულ რაღაც მე-13-ეა "მონაკოსთვის" ამ სეზონში მშობლიურ "სტად ლუი II-ზე" (15 მატჩში) - აი, ასე უჭირთ შეტევაში სამხრეთელებს.
კოტდივუარელმა ჟერვინიომ კი ბოლო მოუღო "ლილის" შანსს, ამ თამაშის ჩარხი შემოეტრიალებინა. ჟერვინიოს აქამდე არასოდეს მიუღია წითელი ბარათი ლიგა 1-ში. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, "ლილი" გაათანაბრებდა, რომ არა სედრიკ მონგონგუს გმირობა, ის სხეულით გადაეფარა შეტევაში წასული რამის დარტყმას, რომელიც ყველანაირად ცდილობდა საკუთარი შეცდომა გამოესწორებინა. მეორე ტაიმში კი "ლილის" უპირატესობის მიუხედავად, ყველაზე კარგი საგოლე შანსი იმავე პარკს შეექმნა, მაგრამ ამჯერად გატანა ლანდრომ აღარ დაანება. ეს "ლილის" მხოლოდ მე-4 მარცხია სეზონში.
რუდი გარსია (ლილი): "რა თქმა უნდა, მარცხი ისევ ჩვენი ბრალია - თამაში ცუდად დავიწყეთ. ბურთს კი ვაკონტროლებდით, მაგრამ სიმწვავეს ვერ მოვუმატეთ. ყველაზე დიდი შეცდომა კი უხეშობაზე ასეთი რეაქცია იყო, არ შეიძლებოდა ასეთ სიტუაციაში თანაგუნდელების რიცხობრივ უმცირესობაში დატოვება. მაგრამ ჟერვინიოზე გაბრაზებული არ ვარ, ფეხბურთში ხდება ასეთები. საერთო ჯამში, ჩვენი თამაშით წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით".
ლორან ბანიდი (მონაკო): "ბრწყინვალედ შევასრულეთ დავალება ამ მატჩზე. ჩვენს გეგმას არ ვუღალატეთ და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ. ჟერვინიოს გაძევებამ გვიშველა. სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრი ქულა გვესაჭიროება".
როგორც ჩანს, "რენი" უნდა დაემშვიდობოს ჩემპიონობაზე ფიქრს და ტიტულისთვის ბრძოლა ორ გუნდს, "ლილს" და "მარსელს" დაუტოვოს. ბრეტონულ დერბიში "რენი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბრესტთან".
"ბრესტი" ის გუნდია, რომელიც თავიდან ლიგა 1-საც კი ედგა სათავეში, მაგრამ ზედიზედ ოთხმა მარცხმა გასავარდნი ზონისკენ გადაისროლა. "რენის" ფეხბურთელებმა იცოდნენ სად მიდიოდნენ, ბოლო ოთხი ვიზიტია, რაც "რენი" ვერ უგებს მეზობლებს.
მასპინძლები სჯობდნენ მეტოქეს თამაშით და დამსახურებულადაც დაწინაურდნენ. ნოლან რუ, ნიჭიერ ფორვარდი, რომელსაც მე-16 ტურის შემდეგ გოლი არ გაეტანა, გამოირჩა, რომელმაც ნიკოლა დუშეზს შორეული დარტყმით გაუტანა. ეს საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის მე-6 გოლია სეზონში. შესვენებაზე სტუმართა შორის ჟერომ ლერუა და სტეფან დალმა გამოჩდნენ, მაგრამ ამის გამო "რენის" შეტევები სახიფათო ვერ გახდა. გოლი კი ისევ მასპინძლებმა გაიტანეს, ბენუა ლეზუამიეს ჩაწოდებას ბრუნო გრუჟი გამოეხმაურა.
ალექს დიუპონი (ბრესტი): "კმაყოფილი ვარ - ბიჭებმა დიდი შემართებით ითამაშეს, მათ საბრძოლო მენტალიტეტი უბრუნდებათ. გუნდი დღითიდღე იზრდება და საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო სეზონში, რადგან ლიგის ერთ-ერთი ლიდერი დავჯაბნეთ".
ფრედერიკ ანტონეტი (რენი): "ასეთ თამაშებში ფსიქოლოგიურად სათანადოდ თუ არ განეწყე, ვერასოდეს მიაღწევ შედეგს. კარში ზუსტად ვერ ვურტყამდით, ვაგვიანებდით. დაცვაში სოლიდურად ვერ გამოვიყურებოდით. არადა, სწორედ ამით გამოგვარჩევენ ამ სეზონში სხვა გუნდებს შორის. დღეს ჩვენ არაფრად ვვარგოდით და აქ საკუთარ თავსაც ვგულისხმობ".
შაბათის სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ "პარი სენ ჟერმენის" საგარეო გამარჯვებას "კაენზე" - 2:1 და მოულოდნელობას ბორდოში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ვერაფერი მოუხერხა აუტსაიდერ "არლს" - 0:0.
"ლილის" წაფორხილებით ჩემპიონმა "მარსელმა" ვერ ისარგებლა, სხვაობა მხოლოდ ერთი ქულით შეამცირა. ესეც არ იქნებოდა ჟინიაკს თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ყოფილი გუნდი, რომ არ დაემწუხრებინა - 2:2. სამაგიეროდ, იმარჯვა "ლიონმა" და მე-3 ადგილზე გადავიდა.
მომავალი ტური
16 აპრილი: ლანსი-ბრესტი, ნიცა-მონაკო, რენი-ლორიანი, სენტ ეტიენი-ნანსი, სოშო-კაენი, ტულუზი-ოსერი, ლილი-ბორდო.
17 აპრილი: არლი-ვალანსიენი, მონპელიე-მარსელი, პსჟ-ლიონი.
კაენი-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 ჟალე (12), 0:2 შანტომი (68), 1:2 ჰამუმა (90)
ვალანსიენი-ნანსი 1:1
გოლები: 1:0 პუჟოლი (43), 1:1 ვაირუა (90)
გაძევება: ბიზევაცი (40. ვალანსიენი), შრეტიე (60. ნანსი)
მონაკო-ლილი 1:0
გოლი: 1:0 პარკი (12)
გაძევება: ჟერვინიო (38. ლილი)
ლორიანი-სოშო 1:1
გოლები: 0:1 დრამი (25), 1:1 მორელი (35)
ბორდო-არლი 0:0
ოსერი-სენტ ეტიენი 2:2
გოლები: 0:1 რივიერი (27), 1:1 ოლიეჩი (41), 1:2 ობამეიანგი (70), 2:2 დუდკა (80)
ბრესტი-რენი 2:0
გოლები: 1:0 რუ (29), 2:0 გრუჟი (55)
მარსელი-ტულუზი 2:2
გოლები: 1:0 რემი (31), 1:1 ბრაატენი (45), 1:2 სეტო (61), 2:2 ჟინიაკი (84)
მონპელიე-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 დერნისი (43), 1:1 ჟურდრენი (73)
ლიონი-ლანსი 3:0
გოლები: 1:0 ბედიმო (55), 2:0 ბრიანი (61), 3:0 ლისანდრო ლოპესი (90)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 30 16 10 4 52-29 58
2. მარსელი 30 15 10 5 44-26 55
3. ლიონი 30 14 11 5 52-28 53
4. რენი 30 14 9 7 32-23 51
5. პსჟ 30 13 10 7 44-31 49
6. მონპელიე 30 11 10 9 26-31 43
7. სტ ეტიენი 30 10 11 9 38-36 41
8. ბორდო 30 9 13 8 37-34 40
9. ლორიანი 30 10 10 10 36-35 40
10. სოშო 30 11 6 13 43-37 39
11. ბრესტი 30 10 8 12 31-34 38
12. ტულუზი 30 11 5 14 31-33 38
13. ნანსი 30 10 7 13 31-42 37
14. ნიცა 30 8 12 10 22-31 36
15. ვალანსიენი 30 7 14 9 35-33 35
16. მონაკო 30 7 14 9 29-29 35
17. კაენი 30 9 8 13 33-43 35
18. ოსერი 30 6 16 8 34-36 34
19. ლანსი 30 6 10 14 28-46 28
20. არლი 30 1 10 19 16-57 13
ბომბარდირები: 20 - მუსა სოვი (ლილი); 16 - კევინ გამეირო (ლორიანი); 15 - იუსეფ ელ არაბი (კაენი); 14 - ლისანდრო ლოპესი (ლიონი); 13 - გრეგორი პუჟოლი (ვალანსიენი), ნენე (პსჟ); 12 - ჟერვინიო (ლილი).