დუღილის ტემპერატურა ლიგა 1-ში

AutoSharing Option

ტურის მატჩი
ასეთი რამ საფრანგეთის ჩემპიონატში იშვითად ხდება. საგოლე მომენტების მსგავს ფეიერვერკს ალბათ სხვაგანაც იშვიათად შეხვდებით. ყველაფერი ლამის პირველი წუთებიდან მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ამოწურვამდე გაგრძელდა. ლაპარაკია “ოსერი”-“სენტ ეტიენის” დაპირისპირებაზე. ფრანგმა ჟურნალისტებმა მოსწრებულად დაწერეს, გუნდებმა შუა ხაზის გარეშე ითამაშესო.

მოვლენები ხომ ხან ერთ კართან ვითარდებოდა, ხან მეორესთან. პირველი გოლი პირველი ტაიმის შუაწელს გავიდა. სტუმართა თმახუჭუჭა თავდამსხმელმა ემანუელ რივიერმა დიმიტრი პაიეს პასით ისარგებლა, სისწრაფის წყალობით ყველას გაასწრო და კარში ლამის ბურთიანა შევიდა. სხვათა შორის, გოლის შემდეგ მას ტრადიციული კულბიტი არ შეუსრულებია.
ეს არ იყო უკანასკნელი სარგებელი რომელიც რივიერმა თავის გუნდს მოუტანა. მეორე ტაიმში მისივე პასით გაიტანა გაბონელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა რისი წყალობითაც ანგარიში 1:2 გახდა. პასის ავტორისგან განსხვავებით აფრიკელს კულბიტის გაკეთება არ დაზარებია. მასპინძლებმა “სენტ ეტიენის” გამოხტომას მალევე უპასუხეს. კენიელმა დენის ოლიეჩმა, თავდამსხმელმა, ვინც გოლებზე და საგოლე პასებზე მეტად ყვითელი ბარათებით გამოირჩევა, ამჯერად თავისი პირდაპირი ფუნქცია გაიხსენა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა მეკარისგან ახლო კუთხეში დაბალი ბურთი გაუშვა.

“ოსერს” მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ დასჭირდა ანგარიშის გათანაბრება. ირენეუშ ელენმა ბურთიანა შეაღწია საჯარიმოში, სადაც მცველმა მასთან ორთაბრძოლაში შეცდომა დაუშვა. გამოცდილი პოლონელი ისე დაეცა, რომ მთავარ მსაჯს პენალტის დანიშვნის აუცილებლობაში ეჭვი არ შეეტანა. სტანდარტული მდგომარეობა მეორე პოლონელმა დარიუშ დუდკამ მშვიდად გამოიყენა. მოკლედ, თამაში ფრედ დამთავრდა და ამით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა. თუმცა თუკი მოვლენებს ობიექტური თვალით შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ სწორედ ფრე იყო ყველაზე ლოგიკური შედეგი.


ტურის გმირი
“ბრესტის” 23 წლის თავდამსხმელი ნოლან რუა ლიგა 1-ში მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს და ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად გამოირჩევა. თუმცა 6 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა გუნდში, რომელსაც ჩემპიონატში სულ 31 გოლი აქვს გატანილი, ცუდი შედეგი არ არის. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს თითქმის მას 2 თვე გაუცდა ტრავმის გამო. ნოლანს შარშან შედეგიანობის მხრივ უკეთესი ვითარება ჰქონდა, მაგრამ ეს ლიგა 2-ში ხდებოდა. “რენთან” მატჩის 29-ე წუთზე რუამ ბურთი ცენტრალურ რკალთან ახლოს მიიღო, დაიძრა მეტოქის კარისკენ და დაახლოებით 35-36 მეტრიდან მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში “დააჭედა”. ისევ ფრანგი ჟურნალისტების ფრაზას მოვიხმობთ, რომლებმაც დაწერეს, თუკი რუამ ასე თამაში განაგრძო, მომავალ წელს მას “ბრესტში” დატოვებენ თუ არა, საეჭვოაო.

ტრადიციულად აქვე წარმოგიდგენთ ტურის სიმბოლურ ნაკრებს:
რუფიე (მონაკო) - ბალდე (არლი), მორელი (ლორიანი), სახო (პსჟ) - ტულალანი (ლიონი), ბრაატენი (ტულუზი), შანტომი (პსჟ), ლესომიე (ბრესტი) - პარკი (მონაკო), რუა (ბრესტი), რივიერი (სტ. ეტიენი)


ტურის მოვლენები
პსჟ-ის ნახევარმცველმა კლემან შანტომმა “კაენს” ფანტასტიკური გოლი გაუტანა. რატომ არ ვასახელებთ ტურის გოლად? ალბათ იმიტომ, რომ ამ ბურთმა თავად საფრანგეთში დაუდო სათავე დისკუსიების მთელი წყებას. გულშემატკივართა ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ კლემანს კარში დარტყმა ჰქონოდა განზრახული. მათი მთავარი არგუმენტი დარტყმის მეტისმეტად მახვილი კუთხეა - როგორც წესი, ასეთი გოლები არ გადის ხოლმე. ერთი მხრივ ფაქტია, რომ შანტომი კარისკენ არ იყურებოდა, მეორე მხრივ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუკი აწოდებდა, მაშინ საჯარიმოში ჩასაწოდებელი არავინ ჰყავდა. მოკლედ, ამ საკითხზე კიდევ დიდხანს შეიძლება დავა.

გარდა ლამაზი გოლებისა, ამ ტურში შეცდომებიც მრავლად ვნახეთ. ყველაზე თვალში საცემი ტრავმის შემდეგ მწყობრში დაბრუნებულ ადილ რამის შეემთხვა, როცა იდეაში ბურთს მეკარეს უბრუნებდა, ისე კი გამოვიდა, რომ ჩუ იუნგ პარკი მიკაელ ლანდროსთან ერთი-ერთზე დატოვა. ამ უკანასკნელს ნერვი არ ატოკებია ისე გაიტანა. “ლილის” ფანებს ამ ეპიზოდში მსაჯთან აქვთ პრეტენზიები, რადგან იქამდე, ვიდრე რამი ფატალურ შეცდომას დაუშვებდა, საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო “მონაკოს” ფეხბურთელთან, ვინც მისი მიმართულებით გაკეთებული პასის მომენტში აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი თამაშს არ გამოთიშვია. ეს სწორედ მან აიძულა რამი ბურთი მეკარისთვის დაებრუნებინა. “ლილის” გულშემატკივრები ცამდე მართლები არიან, მსაჯის შეცდომა აშკარაა. ამან და მსგავსმა წვრილმანმა შეცდომებმა კი ჟერვინიო წყობილებიდან გამოიყვანა. რის გამოც არბიტრმა ოლივიე ტუამ ის მინდვრიდან მიაბრძანა. შედეგად “ლილმა” თამაში წააგო. მოგებული მხოლოდ ნეიტრალური გულშემატკივარი დარჩა, რადგან ახლა ლიგა 1-ის ინტრიგა ლამის გაორმაგებულია.

განსაკუთრებულ მოვლენებში შეიძლება გავიყვანოთ ასევე “არლის” გასვლითი ფრე “ბორდოსთან”. მატჩის შემდეგ ჟირონდელთა თავკაცი ჟან ტიგანა გაოგნებული ესაუბრებოდა ჟურნალისტებს: “ვერ გეტყვით, რომ ჩვენთვის ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო მიმდინარე სეზონში. თუმცა ძალიან ცუდად რომ ვითამაშეთ, ფაქტია. ცუდი ტენდენციაა, რომ 3 ქულის აღება უკვე შინაც გვიჭირს. სუსტად გამოიყურებოდა ჩემი გუნდის თითოეული რგოლი. თუმცა დანებებას არავინ აპირებს, მათ შორის არც მე. მშვენივრად გვესმის, რომ შექმნილი პრობლემები, ყველას საერთო ძალისხმევით თუ გადაიჭრება. ჩვენზე გარკვეულწილად უარყოფითად მოქმედებს ის, რომ საკუთარ ძალებში ეჭვი გვეპარება. ერთადერთი გამოსავალი თავაუღებელი მუშაობაა”.


ტურის გოლი
კლემან შანტომის გოლს აქ აღარ დავუბრუნდებით და პირდაპირ აღვწერთ ბურთს, რომლის გატანის დროსაც მისი ავტორის წინასწარ განზრახვაში ეჭვი არავის შეპარვია. ჟეფრი დერნისმა წლეულს პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ გაიტანა მისთვის ჩვეული მანერით - თანაგუნდელისგან რამდენიმე მეტოქეს შორის პასი მიიღო. იოლად მოატყუა ერთი მეტოქე, თავად საპირისპირო მიმართულებით გაიქცა და ძალზე მახვილი კუთხიდან მეკარეს ფეხებს შუა გაუტანა.


ტურის ციფრები
“ნანსის” ზუსტად 406 წუთი იყო გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ეს სერია ვალანსიენელმა გრეგორი პუჟოლმა შეწყვიტა.

“ლილის” შემადგენლობაში წელს პირველი ფეხბურთელი გააძევეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული