ლილმა პედრეტის დაუმიზნა

AutoSharing Option
ლიგა1-ის ლიდერმა “ლილმა” მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა პრაქტიკულად გაინაღდა და შესაბამისად გაძლიერებაზე უკვე აქედან ზრუნავს. “ძაღლებმა” (კლუბის მეტსახელია) ვერ მოახერხეს ცენტრალური მცველის, 26 წლის ადილ რამის შენარჩუნება – ის კარიერას “ვალენსიაში” გააგრძელებს. მის შემცვლელზე კლუბში კიდევ იზრუნებენ, იქამდე კი ხელძღვანელობამ “ოსერიდან” ბენუა პედრეტის გადაბირება მოისურვა. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები დიდი ხნის დაწყებულია, რადგან გაზეთები წერენ, რომ 30 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერზე კლუბები უკვე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ პედრეტის სერიოზული ტრავმა აქვს და ამ სეზონში ის მინდორზე გასვლას უკვე ვეღარ შეძლებს.

შვედს
ლიონი აღარ უნდა?

კიმ კალსტრიომის აგენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სეზონის ბოლოს მისი კლიენტი ალბათ “ლიონს” დატოვებს. ბოლო კვირებში მასმედია შვედ ფეხბურთელზე ბევრს წერს, თუმცა კონკრეტული კლუბები დღემდე არ სახელდება. “კიმის კონტრაქტი 2012 წელს სრულდება. ბუნებრივია, მას აღელვებს თავისი მომავალი და ამაზე ბევრსაც ფიქრობს. ჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა გეტყვით, რომ მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ამასთან, გამორიცხვით არც იმას გამოვრიცხავ, რომ წინადადებების მიუხედავად კიმი “ლიონში” მაინც დარჩეს,” – განაცხადა აგენტმა.

რა მოუხერხონ ჟინიაკს?

მარსელის “ოლიმპიკის” ხელმძღვანელობას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, რა მოუხერხოს სეზონის დაწყებამდე “ტულუზიდან” 15 მილიონ ევროდ ნაყიდ პიერ-ანდრე ჟინიაკს. დიდიე დეშამი შეშფოთებულია იმ თამაშით, რასაც ფეხბურთელი “ველოდრომზე” აჩვენებს და მზადაა, ის მსურველებს დაუთმოს. თუმცა მაღალი ფასის გამო პიერ-ანდრეზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არის. იანვარში მისით დაინტერესებული “იუვენტუსი” იყო, თუმცა მას მერე, რაც “ქალბატონმა” ლუკა ტონი და ალესანდრო მატრი გადაიბირა, მათ ახალი თავდამსხმელი აღარ სჭირდებათ. გამორიცხული არც ის არის, რომ დეშამმა ფეხბურთელს მომავალ სეზონში კიდევ ერთი შანსი მისცეს.

დომენეკი არ ისვენებს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციისგან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 2,9 მილიონი ევრო მოითხოვა. ფედერაცია ბუნებრივია არ დაეთანხმა ამ მოთხოვნას და დომენეკს თავისი წინადადება შესთავაზა. მხარეებმა შეთანხმებას 2,5 წლის განმავლობაში ვერ მიაღწიეს. შესაბამისად, მწვრთნელის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და საქმის განხილვა 2012 წლის იანვარში დანიშნა. მუსიე რაიმონის ადვოკატ ჟან-ივ კონესომის განცხადებით, ის და მისი თანაშემწეები საბოლოო წარმატებაში აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული