პარიზმა ორი პრეტენდენტი დატოვა

AutoSharing Option
სულ რაღაც ორი კვირის წინ "ლილი" საფრანგეთის ჩემპიონატს კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა და თითქოს მის პირველობას საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ მოულოდნელად, რუდი გარსიას გუნდმა აურია და გასულ ორ ტურში კინკილა ქულაზე მეტი ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, ფხიზლად იყვნენ მისი მდევრები, რომელთა შორისაც ყველაზე რეალური საჩემპიონო შანსები მოქმედ ჩემპიონ "მარსელს" აქვს. ზღვისპირელებმა გუშინ "მონპელიეში" დიდი ბრძოლა გადაიტანეს, ჩამორჩენას აღმოფხვრეს და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

თავიდან "ლილის" მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე ვთქვათ. ლიდერებს მეტოქე არცთუ ხელწამოსაკრავი ჰყავდათ – შარშანდელი "ბორდოსგან" აჩრდილიღაა დარჩენილი, მაგრამ
იმდენი ძალა კი შერჩა, რომ კონკრეტული დაპირისპირება მაღალ დონეზე ჩაატაროს.
ჟირონდელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამართეს, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ არც "ლილი" გამოიყურებოდა ურიგოდ. უფერული პირველი ტაიმის შემდეგ კარდინალურად განსხვავებული სანახაობა გაჩაღდა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში მოედნის სრული ბატონ-პატრონები სტუმრები იყვნენ და ლოგიკურადაც გაათანაბრეს. მასპინძელთა რიგებში სხვებთან შედარებით კმაყოფილი მათი მთავარი ფორვარდი მუსა სოვი უნდა დარჩენილიყო, რომელმაც უგოლოდ არც ეს ტური დატოვა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა განიმტკიცა.

ვერ გეტყვით, გულწრფელი იყო თუ არა მატჩის კომენტირებისას რუდი გარსია, მაგრამ ფაქტია, რომ "ლილის" თავკაცი მხნედ და ოპტიმისტურად გამოიყურებოდა: "რა გვაქვს სანერვიულო? ყველა მატჩს მსოფლიოს საუკეთესო კლუბიც ვერ მოიგებს, ჩვენ კი მართალია, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ნამდვილად ვაჩვენეთYსაჩემპიონო ფეხბურთი. ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ დღეს საკუთარი საუკეთესო თვისებები გამოავლინეს და გამარჯვებისთვის მხოლოდ იღბალი დააკლდათ".

აი, "ბორდოს" დამრიგებელი ჟან ტიგანა კი ლიდერთან სტუმრად მიღწეული ფრით უკმაყოფილო დარჩა: "ჩემი გუნდის პროგრესი აშკარაა. დღეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ "ბორდომ" კრიზისი დასძლია. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან გამარჯვებაც შეგვეძლო. მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფრე არ მიმაჩნია სიხარულის საბაბად".
ტიგანას რეაქცია გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს. "ბორდომ" ხომ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩი დაასრულა ფრედ.

"რენი", რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ "ლილს" ყოჩაღად მისდევდა, საჩემპიონო რბოლასაც ჩამოშორდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც სათუო გაიხადა. არადა, ფრედერიკ ანტონეტის გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. "რენი" ვეტერანმა სტეფან დალმამ დააწინაურა და მოვლენები თითქოს ლოგიკურად მიმდინარეობდა, მაგრამ ნელ-ნელა მასპინძელთა მონასტერში ყველაფერი აირია. პირველი ტაიმის მიწურულს "რენი" რიცხობროვ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ შესვენებაზე მაინც დაწინაურებული გავიდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში "ლორიანმა" საკუთარი თამაში იპოვა და მოპოვებული უპირატესობით მშვენივრად ისარგებლა. 12-წუთიან ინტერვალში სტუმრებმა თამაში სათავისოდ შეატრიალეს, ბოლოსკენ მასპინძლებს კიდევ ერთი კაცი გაუგდეს და ყველაფერი იქვე გაირკვა.

"ცხრა ფეხბურთელის შემადგენლობით გამარჯვება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და მსგავსი სასწაული ვერ მოვახდინეთ. ორი ფეხბურთელის გაძევებამ ჩვენი დანარჩენი მოთამაშეები ფიზიკურად გამოფიტა და კაცმა არ იცის, როგორი კონდიციებით შევხვდებით მომავალ ტურს. მოკლედ, ეს დღე ჩვენთვის კოშმარული გამოდგა", - თქვა ნამატჩევს ანტონეტიმ.

მისი ლორიანელი კოლეგა კრისტიან გურკუფი კი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო: "ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა. რაღა თქმა უნდა, გამარჯვებაში მეტოქის ორი გაძევება დაგვეხმარა, მაგრამ როცა თერთმეტი-თერთმეტზე ვთამაშობდით, ურიგოდ არც მაშინ გამოვიყურებოდით. ასეა თუ ისე, "ლორიანმა" ეს სამი ქულა უდავოდ დაიმსახურა".

მიმოხილვის დასაწყისში ნახსენებ "მარსელს" მივუბრუნდეთ, რომელსაც ჩემპიონობის შენარჩუნების კიდევ უფრო რეალური შანსი გაუჩნდა. გუნდის თავკაცი დიდიე დეშამი ბოლოდროინდელ წარმატებას იმით ხსნის, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ მის ფეხბურთელებს ამოსუნთქვისა და საშინაო არენაზე ბოლომდე დახარჯვის საშუალება მისცა.
ერთ დროს მრისხანე "მონაკო" დღეს ელიტიდან გავარდნის საფრხის წინაშეა. მონეგასკთა ბედად, ამ ტურში მისი კონკურენტებიც დამარცხდნენ, თორემ საქმე კიდევ უფრო უარესად ექნებოდათ. "ლანსმა" შინ სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩი ვერ მოიგო. ამ გუნდის ქომაგებმა ლიგა 1-ში დარჩენის ბოლო იმედი, ალბათ, შაბათს დაკარგეს.

ტურის ცენტრალური მატჩმა მოლოდინი ვერ გაამართლა. "პარკ დე პრენსზე" არცთუ კარგი სანახაობა გაიმართა. შეხვედრის ლოგიკური შედეგი ალბათ, უფრო ფრე იქნებოდა, თუმცა 76-ე წუთზე პარიზელთა ცენტრალურმა მცველმა ზუმანა კამარამ ვეტერანი ლუდოვიკ ჟიულის პასით გამარჯვებისა გაიტანა და ამით ლიონელთა საჩემპიონო იმედებს ცივი წყალი გადაასხა. "ლიონს" საჩემპიონო რბოლაში დასარჩენად გამარჯვება სჭირდებოდა, ამ წაგების შემდეგ კი ისღა დარჩენია, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მესამე პოზიციისთვისღა იბრძოლოს.
ჩემპიონობის პრეტენდენტი გუშინდელი საღამოდან მხოლოდ ორია – გასული ტურის მთავარი ამბავიც ესაა.


საფრანგეთი. ლიგა 1. XXXI ტური

ლანსი-ბრესტი 1:1
გოლები: 1:0 ერმაში (20), 1:1 აიიტე (60)

ნიცა-მონაკო 3:2
გოლები: 1:0 მუნიე (21), 1:1 გოსო (29), 2:1 სიველი (46), 3:1 მულუნგი (59), 3:2 პარკი (75. პენ.)

რენი-ლორიანი 1:2
რენი: დუშე, დანსე (66. ბოიე), სუპრაიენი, კანა ბიიკი, მანგანი, ბუკარი (46. მანძიეკი), მვილა, ლეროი, დალმა, მონტანო, ეკოკო (41. ჯებური).
გოლები: 1:0 დალმა (23), 1:1 გამეირო (51), 1:2 კოკელინი (63)
გაძევება: სუპრაიენი (39. რენი), კანა ბიიკი (85. რენი)

სენტ ეტიენი-ნანსი 2:1
გოლები: 0:1 ა. ლუისი (40), 1:1 პაიე (57), 2:1 პაიე (65)

სოშო-კაენი 3:2
გოლები: 0:1 ელ არაბი (9), 1:1 დრამე (13), 2:1 მაიგა (81), 3:1 მაიგა (86), 3:2 ჰამუმა (89)

ტულუზი-ოსერი 0:1
გოლი: 0:1 დუდკა (90)

ლილი-ბორდო 1:1
ლილი: ლანდრო, დებუში, ბერია, რამი, შეჯუ, ჰაზარდი, ბალმონი (83. ობრანიაკი), კაბაიე, მავუბა, სოვი, ფრო (60. ტულიო).
გოლები: 1:0 სოვი (58), 1:1 სავიჩი (76)

არლი-ვალანსიენი 0:1
გოლი: 0:1 გ. პუიოლი (68)

მონპელიე-მარსელი 1:2
მარსელი: მანდანდა, ფანი, ტაივო, დიავარა, ჰაინცე, ლ. გონსალესი (90. აბრიელი), ბენუა შეირუ, მბია (62. კაბორე), ჟინიაკი, ვალბუენა (62. აიუ), რემი.
გოლები: 1:0 ჟირუ (64), 1:1 ჟინიაკი (69), 1:2 ტაივო (82. პენ.)
გაძევება: რემი (78. მარსელი), კაუტარი (79. მონპელიე)

პსჟ-ლიონი 1:0
პსჟ: კუპე, სეარა (76. კლემანი), არმანი, ზ. კამარა, სახო, ჟალე, ნენე (89. ტიენე), მაკელელე, შანტომი, მევლუთი (69. ჟიული), ოარო.
ლიონი: ლორისი, რევეიერი, სისოხო, ტულალანი, ლოვრენი, ბრიანი (79. დელგადო), ლ. ლოპესი, გონალონი, კალსტრიომი (79. პიანიჩი), გურკუფი (46. ედერსონი), გომისი.
გოლი: 1:0 ზ. კამარა (76)

შემდეგი ტური

24.04: ოსერი-ლანსი, ბორდო-სენტ ეტიენი, ბრესტი-პსჟ, კაენი-ტულუზი, მონაკო-რენი, ნანსი-არლი, ვალანსიენი-სოშო, ლორიანი-ლილი;
27.04: მარსელი-ნიცა, ლიონი-მონპელიე.


1. ლილი 31 16 11 4 53-30 59
2. მარსელი 31 16 10 5 46-27 58
3. ლიონი 31 14 11 6 52-29 53
4. პსჟ 31 14 10 7 45-31 52
5. რენი 31 14 9 8 33-25 51
6. სენტ ეტიენი 31 11 11 9 40-37 44
7. ლორიანი 31 11 10 10 38-36 43
8. მონპელიე 31 11 10 10 27-33 43
9. სოშო 31 12 6 13 46-39 42
10. ბორდო 31 9 14 8 38-35 41
11. ბრესტი 31 10 9 12 32-35 39
12. ნიცა 31 9 12 10 25-33 39
13. ვალანსიენი 31 8 14 9 36-33 38
14. ტულუზი 31 11 5 15 31-34 38
15. ოსერი 31 7 16 8 35-36 37
16. ნანსი 31 10 7 14 32-44 37
17. მონაკო 31 7 14 10 31-32 35
18. კაენი 31 9 8 14 35-46 35
19. ლანსი 31 6 11 14 29-47 29
20. არლი 31 1 10 20 16-58 13


ბომბარდირები
21 – სოვი (ლილი), 17 – გამეირო (ლორიანი), 16 – ელ არაბი (კაენი), 14 – ლ. ლოპესი (ლიონი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული