1995 წელი ჟორჟის კარიერაში პიკი იყო. ამ წელს მან ევროპაში მოთამაშე მეორე საკულტო თავდამსხმელ იურგენ კლინსმანს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ცხვირწინ ააცალა. აღსანიშნი კიდევ ის იყო, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა
ვეა სწორედ კარიერის პიკში იყო, როცა პსჟ-დან “მილანს” მიაშურა და უმალ გახდა “როსონერის” ფანების კერპი. ჟორჟმა “მილანის” ფეხბურთელებთან თბილი ურთიერთობა დაამყარა. განსაკუთრებულად ახლოს იყო ის მარკო სიმონესთან და ისინი დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან. “შავ-წითლების” შემადგენლობაში ჟორჟ ვეა ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ორივე შემთხვევაში ის გუნდის ინტერესებისთვის ყველაფერს აკეთებდა. ის სწორედ “მილანის” სიყვარულის გამო დათანხმდა ერთი პერიოდი მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გარჯას. იმ პერიოდში “როსონერიში” კლასიკურ ცენტრფორვარდად გერმანელი ოლივერ ბირჰოფი თამაშობდა. თუმცა ჟორჟი არ იყო რიგითი ფეხბურთელი და არ იყო რიგითი ადამიანი. მას თავისი პრეტენზიები ჰქონდა როგორც კლუბის ხელმძღვანელობასთან, ისე გუნდის მთავარ მწვრთნელ ალბერტო ძაკერონისთანაც. მათ ურთიერთობა იმდენად დაეძაბათ, რომ ლიბერიელმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ჟორჟი იჯარით “ჩელსიმ” აიყვანა, თუმცა აფრიკელმა მოკლე ხანში ინგლისურ ფეხბურთს ალღო ვერ აუღო და “არისტოკრატებმა” მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვეს. ურთიერთობის გაგრძელება ფეხბურთელთან აღარც “მილანმა”
მოისურვა, რადგან მას უკვე ჰყავდა ანდრეი შევჩენკო. ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი გაუქმდა.
ვეას ავტორიტეტი არ იყო მხოლოდ მწვანე მინდორზე მოპოვებული. ფეხბურთელი სხვა მხრივაც გამოირჩეოდა. “მისტერ ჟორჟმა”, როგორც მას საფრანგეთში უწოდებენ, მშობლიურ კონტინენტზე ხალხს თავი საქველმოქმედო საქმიანობითაც შეაყვარა. ის განსაკუთრებით ზრუნავდა ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე. ფეხბურთის ვარსკვლავის საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და გაეროს ბავშვთა ფონდმა მას საპატიო კონსულის წოდება უბოძა. “ყველაფერი, რაც ვეამ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა, შეუძლებელია სრულად აღიწეროს. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, - განაცხადა ლიბერიის სპორტის მინისტრმა ვეატონ დიქსონ-ბარნსმა. – ჩვენს ქვეყანაში მისი წყალობით ფეხბურთს ეთაყვანებიან. სპორტის ეს სახეობა რაღაცნაირად ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. შიდა დაპირისპირებების დროსაც კი, მხარეები იარაღს გვერდით დებდნენ და ფეხბურთის სანახავად ერთად მიდიოდნენ სტადიონებზე.”
სამოქალაქო ომმა ლიბერიაში (სხვადასხვა ინტენსივობით ის 1989 წლიდან 2003-მდე გრძელდებოდა) დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იმსხვერპლა და ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ნახევარი მილიონი ადამიანი აქცია ლტოლვილად. ასეთ მძიმე პერიოდებშიც კი ფეხბურთელს ერთი წამით არ უფიქრია ეროვნულ ნაკრებზე უარი ეთქვა. მეტიც, ერთი პერიოდი სწორედ ის იყო ლიბერიის ნაკრების მთავარი დამფინანსებელი, რადგან ფეხბურთის ფედერაციას საამისოდ სახსრები არ ჰყოფნიდა. ლიბერიელებს ეს არ დავიწყნიათ და შესაბამისად, ის დღემდე რჩება საერთო ეროვნული სიამაყის ობიექტად. ვეას მიერ მოპოვებული პატიოსანი და გამორჩეულად კეთილი ადამიანის რეპუტაცია დღემდე ცოცხალია. 2003 წელს, მაშინ, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი დამთავრდა, ჟორჟმა უკვე პოლიტიკაში სცადა დამკვიდრება. თუკი ერთნი მას განათლებას უწუნებდნენ, მეორენი მის პატიოსნებაზე დებდნენ ფსონს და ამით ამართლებდნენ მისადმი მხარდაჭერას. რახან ხალხი ამ თვისებებს სხვებში ნაკლებად ან საერთოდ ვერ ხედავდა, სწორედ ამიტომ იყო, რომ 2005 წლის ოქტომბერში ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში “ლამის გაამარჯვებინა”. ჟორჟს დიდწილად ხმა ახალგაზრდობამ მისცა, სწორედ იმ თაობამ, ვის შორისაც არის ის მაქსიმალურად პოპულარული. ვეა ხომ პირველი ადამიანი იყო, ვინც ლიბერიის კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა ამოიღო, იმ მთავრობის, რომელმაც ქვეყანას მრავალი უბედურება დაატეხა თავს. აი, რას ეუბნებოდა ვეა ჟურნალისტებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ: “მე წარმოშობით საფეხბურთო მინდვრიდან ვარ და სულით სპორტსმენი გახლავართ. ვარ დისციპლინირებული და პატივს ვცემ ადამიანურ ღირსებებს. ყველაზე მეტად იმან დამთრგუნა, რაც მე ჩემი ქვეყნის პროვინციებში ვნახე. ესაა ცხოვრების არნახულად დაბალი დონე. ადამიანებს არ მოსდით მოსავალი, რომ თავი გამოიკვებონ და არ აქვთ ელემენტარული რამის საყიდელი ფულიც კი. ამის დანახვაზე მე მართლა ვერ შევიკავე ცრემლი.”
საბოლოოდ ჟორჟმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში წააგო. აფრიკის ისტორიაში ელენ ჯონსონ-სირლიფი პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. პოპულარობით ქალბატონი პრეზიდენტი ვერც დღეს შეედრება ჟორჟ ვეას. ალბათ მართალნი იყვნენ ისინი, ვინც ფეხბურთელს განათლებას უწუნებდნენ. ვეას კონკურენტი ხომ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ცნობილი ფინანსისტი-ექსპერტი იყო. ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელზე არჩევნების წაგებამ დამთრგუნველად იმოქმედა, მაგრამ ერთი კია, სწავლის სურვილი გაუღვიძა. თავის დროზე მომავალმა ვარსკვლავმა სკოლა დამამთავრებელ კლასში მიატოვა. შესაბამისად, მას მისი დამთავრების ცნობაც კი არ ეჭირა ხელთ. ვეამ სამშობლოში ჯერ დაწყებითი განათლების დიპლომი მიიღო, 2007 წელს კი ამერიკაში, კერძოდ ფლორიდაში წავიდა საცხოვრებლად და სასწავლებლად. მან იქაურ კოლეჯში ჩააბარა. “განათლება ეს ეტაპობრივი პროცესია ადამიანის ცხოვრებაში. თითქოს ველოსიპედს ჰგავს, რაც უფრო ინტენსიურად ატრიალებ პედალს, მით უფრო სწრაფად წახვალ ცხოვრებაში წინ. ამჟამად ბიზნესმენეჯმენტსა და სისხლის სამართალს ვსწავლობ. მერე ალბათ პოლიტოლოგიას შევისწავლი”, – თქვა ვეამ.
მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ლიბერიაში 2012 წელსაა დანიშნული...
.