ოცნება უფსკრულის პირას

AutoSharing Option

32-ე ტური არასრულად რომ ჩატარდებოდა, ეს შაბათის ნომერში წინასიტყვაობაშიც გამცნეთ. ამის მიზეზი “მარსელისა” და “მონპელიეს” მატჩი გამოდგა, რომელიც ლიგის თასის ფინალში შედგა.

“ოსერმა” “ლანსს” უმასპინძლა. აუტსაიდერთა დაპირისპირებაში გამარჯვებული არ გამოვლენილა. აღნიშნულმა შედეგმა რასაკვირველია, არც ერთი მხარე არ დააკმაყოფილა. არადა, მასპინძლებმა მშვენივრად დაიწყეს თამაში და უკვე მე-6 წუთზე გახსნეს ანგარიში. საგოლე პასი დუდკამ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ჩაიწერა თავის ანგარიშზე, რომელსაც ბოლიმ თავური შეაგება. ლასლო ბოლონის შეგირდებმა საპასუხო ბურთი მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანეს – ბედიმოს ფლანგური გარღვევას რუდემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლოგიკური წერტილი
დაუსვა. “ოსერმა” მატჩის მიწურულსღა გამოიღო ხელი. თუმცა ბირსასა (საჯარიმოდან) და სამარიტანოს დარტყმებს ვედრან რუნიემ ზუსტი თამაშით უპასუხა. გამარჯვება “ლანსსაც” შეეძლო, მაგრამ ერმაშის საჯარიმო ხარიხას მოხვდა. ბურგუნდიელებს ელიტაში
დარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ შერჩათ.
მცირე მოულოდნელობა დაფიქსირდა ნანსიშიც, რადგან ლიგა 1-ის ყველაზე სუსტმა მონაწილე “არლმა” მას ქულა აართვა. თანაც ქვედა ლიგაში უკვე დაქვეითებულმა გუნდმა მინდორზე მთელი 80 წუთი გაატარა რიცხობრივ უმცირესობაში. რეალური მომენტები გაატარეს ქარს ვაირუამ, ფერემ და ბრიზონმა.

“ბორდომ” “სენტ ეტიენს” უმასპინძლა და მოუგო. აღნიშნული გამარჯვებით ჟან ტიგანას გუნდი ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით მე-6 ადგილზე გადაბარგდა, რაც ამ გუნდს ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლის თეორიულ, მაგრამ მაინც გარკვეულ შანსს აძლევს. ჟირონდელებს აქამდე ზედიზედ ორ საშინაო შეხვედრაში გატანილი არ ჰქონდათ და ეს მავნე ტრადიცია უშუალო კონკურენტებთან დაპირისპირებაში დაარღვიეს. პირველი გოლი მე-15 წუთზე სტუმართა გოლკიპერისა და დაცვის “ურთიერთშეთანხმებული შეცდომის” წყალობით გავიდა. ენტონი მოდესტემ საჯარიმოს კუთხიდან დაბალი ბურთი პირდაპირ კარში დაარტყა. ჟერემი ჟანომ კი მოიგერია, მაგრამ პირდაპირ მისი მიმართულებით მოძრავ პლაშილს გაარტყა ფეხებში. ჩეხ საყრდენ ნახევარმცველს რამდენიმე მეტრიდან გატანა აღარ გასჭირვებია. “ბორდოს” მალევე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ სავიჩის თავური არაზუსტი გამოდგა. ჟანო მოდესტეს კიდევ ერთ საოცარი ტრაექტორიის დარტყმულს გაუმკლავდა, როცა ბურთი ზუსტად ხარიხის ქვეშიდან “მოხსნა” და კუთხურზე მოიგერია. რეალურზე რეალური მომენტი გააფუჭა რივიერმა, მას ხომ მხოლოდ ფეხის დახვედრებაღა რჩებოდა, მაგრამ... გულშემატკივარი უკვე მსაჯის საფინალო სასტვენს ელოდა, როდესაც დიაბატემ მეკარისკენ ზურგით მდგარმა ტექნიკურად დაამუშავა ბურთი და ჟანოსთან ერთი-ერთზე დარჩა. შედეგად 2:0.

ახლა კი 32-ე ტურის უმთავრეს დაპირისპირებას შევეხოთ: რუდი გარსიას “ლილმა” როგორც ჩანს ვერ მოახერხა ზეწოლის გაძლება და სწორედ ფინიშის სწორს მოუკლო თამაშს. მოლოდინისამებრ ასპარეზობა თვალსასეირო გამოდგა. სიმართლე ითქვას, ამ საღამოს “ლორიანი” მეტოქეს ყველაფერში ჯობდა. კრისტიან გურკუფის გუნდი უფრო აქტიურობდა, ქმნიდა მეტ ხიფათს და ერთადერთი, რაც გამარჯვებამდე დააკლდა, იღბალი იყო. იღბალი კი ამ დღეს აშკარად მიკაელ ლანდროს მხარეს იყო, რომელიც თანაგუნდელთაგან აშკარად საუკეთესო იყო. პირველი ტაიმის დასრულებას 3 წუთი აკლდა, როცა გოლი მასპინძელთა კარში გავიდა. მუსა სოვმა გრძელი გადაცემით შორეულ ძელთან ჩასაფრებული მატიო დებიუში მონახა. ამ უკანასკნელმა ხელსაყრელი პოზიციიდან შეძლო თავით ბურთის კარში გადაგზავნა. “ლორიანმა” მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით დაიწყო. მასპინძელი უტევდა და მომენტებს აფუჭებდა. თუმცა განსხვავება 69-ე წუთზე ვნახეთ. გამეირომ მორგან ამალფიტანოს მაღალი პასი მისცა, მან თანაგუნდელს თავით ისეთ პოზიციაში მდგომს დაუბრუნა ბურთი, კევინს გასატანად დიდი ძალისხმევა აღარ დასჭირვებია. მატჩის შემდგომ “ლილის” დამრიგებელი უკვე შეფიქრიანებული იყო: “გაორებული შეგრძნებები მაქვს. წესით, პირველი ტაიმი უნდა წაგვეგო, მაგრამ ლანდრო ყოველ ჯერზე გვშველოდა. ბოლო 15 წუთში კი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. საერთო ჯამში უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ ბურთს ცუდად ვაკონტროლებდით და ზოგადად გუნდურ თამაშში მოვიკოჭლებდით”.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 32 16 12 4 54:31 60
2. მარსელი 31 16 10 5 46:27 58
3. ლიონი 31 14 11 6 52:29 53
4. პსჟ 32 14 11 7 47:33 53
5. რენი 32 14 9 9 33:26 51
6. ბორდო 32 10 14 8 40:35 44
7. ლორიანი 32 11 11 10 39:37 44
8. სტ. ეტიენი 32 11 11 10 40:39 44
9. სოშო 32 12 7 13 47:40 43
10. მონპელიე 31 11 10 10 27:33 43
11. ბრესტი 32 10 10 12 34:37 40
12. ვალანსიენი 32 8 15 9 37:34 39
13. ტულუზი 32 11 6 15 32:35 39
14. ნიცა 31 9 12 10 25:33 39
15. მონაკო 32 8 14 10 32:32 38
16. ოსერი 32 7 17 8 36:37 38
17. ნანსი 32 10 8 14 32:44 38
18. კაენი 32 9 9 14 36:47 36
19. ლანსი 32 6 12 14 30:48 30
20. არლი 32 1 11 20 16:58 14
საუკეთესო ბომბარდირები: 21 - მუსა სოვი (ლილი), 18 - კევინ გამეირო (ლორიანი), 16 - იუსეფ ელ-არაბი (კაენი), 14-14 გრეგორი პუჟოლი (ვალანსიენი), ლისანდრო ლოპესი (ლიონი) შემდეგი ტური:
30 აპრილი: ლანსი-ლორიანი; ლილი-არლი; რენი-ბორდო; სოშო-ნანსი; პსჟ-ვალანსიენი. 1 მაისი: მარსელი-ოსერი; მონპელიე-ბრესტი; ნიცა-კაენი; ტულუზი-ლიონი; სტ. ეტიენი-მონაკო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული