ლიგის ახალი რეალობა

AutoSharing Option
“ლილმა” ლიგა 1-ის სათავეში იმაზე მეტი დრო გაატარა, (5 დეკემბრიდან, მე-16 ტურიდან მოყოლებული), ვიდრე ვინმე ამას წარმოიდგენდა. პროვინციული ქალაქის გუნდმა ლიდერობა “მარსელს” სულ რამდენიმე დღის წინ გადააბარა და ეს რომ მოხდა, რუდი გარსიას შეგირდებმა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალონ.

სავარაუდოა, რომ “ლილი” შეწყვეტს სამთამაშიან მოუგებელ სერიას “არლთან” და ხასიათს ცოტა გამოისწორებს, მაგრამ არც ის დავივიწყოთ, თუ რა გმირობა ჩაიდინა “არლმა” 32-ე ტურში, როცა ნანსიში მთელი 80 წუთის განმავლობაში 10 კაცით გაუძლო მასპინძელთა შეტევებს. ჩვენ ამას 32-ე ტურის წინთქმაშიც ვწერდით, რომ
ლორიანის “სტად დე მუსტუა” “ძაღლებისთვის” დაწყევლილი ადგილი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო.

ასეც მოხდა. 2010 წელს ამ გუნდმა ჯერ ჩემპიონთა ლიგის საგზური დაკარგა ამ არენაზე, ახლა კი ჩემპიონობა დააყენა ეჭვის ქვეშ. ჩრდილოელთა ოცნება, 1954 წლის შემდეგ პირველად მოიგონ ქვეყნის ჩემპიონატი, ჯერ კიდევ ცოცხალია და ვნახოთ რა მოხდება დარჩენილ ტურებში.

ამასობაში სიჩქარეს კრეფს და ეტყობა, ბოლომდე გაჩერებას არ აპირებს დიდიე დეშამის “მარსელი”. მაგრამ ეს გარემოება სულაც არ ანაღვლებს რუდი გარსიას. აი, რას აცხადებს ის:

“ველოდი, რომ “მარსელი” “ნიცასთან” მოიგებდა. თუმცა ჯერ დაკარგული არაფერია, რადგან 6 ტური ჯერ კიდევ სათამაშო გვაქვს. ერთქულიანი უპირატესობის აღმოსაფხვრელად ეს სრულიად საკმარისია. ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს. გპირდებით, ბრძოლაში ბოლომდე დავრჩებით. აუცილებელია, რომ კონცენტრაცია ჩვენს თამაშზე მოვახდინოთ და არ ვიფიქროთ იმაზე, რას იზამს ჩვენი მეტოქე. თუკი ჩვენს წილ გამარჯვებებს მოვიპოვებთ, სანერვიულო არაფერი იქნება. მთავარია, სეზონი სამეულში დავამთავროთ და ჩემპიონთა ლიგაში გავიდეთ. ვაცნობიერებთ, რომ “არლთან” ფავორიტები ვართ, მაგრამ შეხედეთ მათ თამაშს, ბოლო დროს გასვლით შეხვედრებში ქულების დაგროვება დაიწყეს, ასე რომ, მთლად ისეთი იოლი შეხვედრა არ გველის, ვიდრე შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს”.

აღნიშნულ შეხვედრაზე ბოლოს იმას გეტყვით, რომ მასპინძლებს იოან კაბაიესა და ლუდოვიკ ობრანიაკის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ. საეჭვოა მუსა სოვისა და ორელინ ჩეჯუს ასპარეზობა. ერთადერთი, ვინც “ძაღლებს” ნამდვილად ვერ დაუდგება მხარში ფლორან ბალმონია.

“მარსელი” ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა. ამაში ლომის წილი ძმებმა ანდრე და ჟორდან აეუებმა დაიდეს. ეს უკანასკნელი შეცვლაზე პიერ-ანდრე ჟინიაკის მაგივრად შევიდა და გოლის გარდა პასის გაკეთებაც მოასწრო. შეგახსენებთ, რომ ძმები მარსელური კლუბის ყოფილი თავდამსხმელის აპედი პელეს შვილები არიან. არადა, მოქმედ ჩემპიონებს ეშინოდათ, რომ ლორიკ რემის არყოფნაში თავდასხმაში შეიძლებოდა პრობლემა შექმნოდათ. თუმცა ასე არ მოხდა - დეშამის გუნდი მე-15 ტურის შემდეგ პირველად გალიდერდა. რამდენიმე კვირის წინ “ველოდრომის” მკვიდრები მხოლოდ ოცნებო¬ბდ¬ნ¬ენ, რომელიმე ტიტული მაინც მოეგოთ. საფრანგეთის ლიგის თასზე გამარჯვების შემდეგ მათ ჩემპიონობის მშვენიერი შანსიც მიეცათ.

შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელ “მარსელში” ანდრე აეუ ყველაზე მოწადინებულია. წინა სეზონში ხომ ის “არლში” ასპარეზობდა და შესაბამისად, ჩემპიონის ოქროს მედალი წილად არ ხვდომია.

“შარშან ზეიმის მონაწილე ვერ გავხდი და ამიტომ ძალიან მინდა ოქრო იმ გუნდთან ერთად მოვიგო, სადაც ჯერ კიდევ საფეხბურთო სკოლიდან ვირიცხები. დეშამმა ცენტრფორვარდად თამაში დამავალა. მთხოვა, მეცადა მხოლოდ ერთი შეხებით გამეგრძელებინა გუნდური კომბინაციები და მეძებნა თავისუფალი სივრცეები. დიახ, დიდიემ იცის, თუ რა სურს ფეხბურთელისგან და ყველაფერ ამას ის იოლად გაგებინებს. მოხარული ვარ, რომ თავის გამოჩენის საშუალება ჩემს ძმასაც მიეცა. ის ხომ სულ რაღაც 19 წლისაა. ჩვენ ორივეს შეგვიძლია უფროსი და გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრი რამე ვისწავლოთ”.

ახლა კი, მოდით, დეშამს მოვუსმინოთ: “დედეს (ანდრეს) ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, როგორც ფეხბურთელს. იმავეს თქმა შემიძლია ჟორდანზეც. მათ დიდი დახმარება გაგვიწიეს. პირველ ადგილზე გადავედით და ეს კარგია, მაგრამ მთავარია, კვირის თამაშის შემდეგ
როგორ იქნება საქმე”.

“მარსელისთვის” “ოსერთან” სამი ქულის აღება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან შემდეგ ტურში გუნდს “ლიონთან” გასვლაზე უწევს დაპირისპირება, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მართალია, “ოსერს” გავარდნის საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება, მაგრამ ჟან ფერნანდესის გუნდმა ბოლო ხანს აშკარად მოუმატა. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიისას მათ 9 ქულა მოუყარეს თავი - 2 მოგება, 3 ფრე.

სტუმრებს ორი ლიდერი ჰყავთ დაშავებული - დენის ოლიეჩი და ბენუა პედრეტი. “ჩვენ რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი გვყავდეს, დარწმუნებით გეტყოდით, რომ გასავარდნად საქმე არ დაგვიდგებოდა. თუმცა ეს ასე არ არის და სწორედ ამიტომ, ყოველ შეხვედრაში მოსაგებად ბრძოლაა აუცილებელი, რომ მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთი ჩამოვიხსნათ,” - აცხადებს ფერნანდესი.

პსჟ-ს მწვრთნელი ანტუან კომბუარე დღეს საღამოს უკვე მესამედ შეეცდება (3:1 ლიგის თასის 1/4-ფინალში, 2:1 მე-17 ტურში) მისი ყოფილი გუნდის, “ვალანსიენის” დამარცხებას. ბუნებრივია, ეს არ არის შურისძიება - დედაქალაქელებს ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი მესამე ადგილის ხელში ჩაგდება სურთ. ორ გრანდს შორის სხვაობა სულ რაღაც 3 ქულაა. ბუნებრივია, ყველას ესმის, რომ ეს მიზერული სხვაობაა და შესაბამისად, გარკვეული ჯერ კიდევ არაფერია.

აი, რას ამბობს მეტიუ ბოდმერი: “საბოლოო ჯამში ეს კარგი კვირა იყო, რადგან ორ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში გავიმარჯვეთ, ჯერ “ლიონი” დავამარცხეთ, შემდეგ კი “ანჟეს” მოვუგეთ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში. “ბრესტთან” კი ჩვენი მიზანი ოდნავ გავირთულეთ. “ვალანსიენთან” რთული დაპირისპირება გველის, რადგან ჩვენ კონკრეტული მიზნებისთვის ვიბრძვით და ჩვენზე ზეწოლა გაცილებით მეტია. სტუმარს კი წელს რეალურად უკვე აღარაფერი აწუხებს. ყველაფრის მიუხედავად, თუკი ჩემპიონთა ლიგაში თამაში გვინდა, უნდა მოვიგოთ”.

დედაქალაქელები ამჟამად მე-4 ადგილზე იმყოფებიან. მართალია, შინ აღებული ქულებით ისინი ლიგა 1-ში საუკეთესონი ნამდვილად არ არიან, მაგრამ ფაქტია, რომ “პარკ დე პრენსზე” იშვიათად თუ აგებენ - ბოლო მარცხი შინაურ კედლებში ბოლოს მე-10 ტურში იგემეს.

დღეს:
ლანსი-ლორიანი 21:00
ლილი-არლი 21:00
რენი-ბორდო 21:00
სოშო-ნანსი 21:00
პსჟ-ვალანსიენი 23:00

ხვალ:
მარსელი-ოსერი 19:00
მონპელიე-ბრესტი 19:00
ნიცა-კაენი 19:00
ტულუზი-ლიონი 19:00
სტ. ეტიენი-მონაკო 23:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 32 17 10 5 50-29 61
2. ლილი 32 16 12 4 54-31 60
3. ლიონი 32 15 11 6 55-31 56
4. პსჟ 32 14 11 7 47-33 53
5. რენი 32 14 9 9 33-26 51
6. ბორდო 32 10 14 8 40-35 44
7. ლორიანი 32 11 11 10 39-37 44
8. სტ-ეტიენი 32 11 11 10 40-39 44
9. სოშო 32 12 7 13 47-40 43
10. მონპელიე 32 11 10 11 29-36 43
11. ბრესტი 32 10 10 12 34-37 40
12. ვალანსიენი 32 8 15 9 37¬-34 39
13. ტულუზი 32 11 6 15 32-35 39
14. ნიცა 32 9 12 11 27¬-37 39
15. მონაკო 32 8 14 10 32-32 38
16. ოსერი 32 7 17 8 36-37 38
17. ნანსი 32 10 8 14 32-44 38
18. კაენი 32 9 9 14 36-47 36
19. ლანსი 32 6 12 14 30-48 30
20. არლი 32 1 11 20 16¬-58 14

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული