მხოლოდ სასტიკი საყვედური?

AutoSharing Option
საფრანგეთის სპორტის მინისტრის შანტალ ჟუანოს უშუალო მითითების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციამ თავის ტექნიკურ დირექტორ ფრანსუა ბლაკარს უფლებამოსილებები დროებით შეუჩერა, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბოლო დროს ამ ქვეყანაში მძვინვარე რასისტული სკანდალი ძირითადად სწორედ მისი წყალობით აგორდა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური კომისია იძიებს საქმეს, რაც დაკავშირებულია საფეხბურთო სკოლებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე არაბული წარმოშობისა და შავკანიან ფეხბურთელებზე კვოტის დაწესების მცდელობასთან.

ბლაკარი სწორედ ის ადამიანია, ვისაც აღნიშნული იდეა თავში მოუვიდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის: “ეკიპის” ვარაუდით, აღნიშნულმა საქმემ შეიძლება ლორან ბლანის სანაკრებო კარიერაც შეიწიროს.
როგორც ჩანს, ის მოვლენათა ამგვარად განვითარებას თანაუგრძნობდა. ჯერჯერობით ბლანის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პრეტენზია არავის აქვს. თუმცა საზოგადოების ნაწილი მის მორალურ პასუხიმგებლობაზე ლაპარაკობს. რამდენიმე დღის წინ ბლანის წინააღმდეგ საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლილიან ტურამმა. პირდაპირი ტექსტით არა, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე მეგობარს მან მოკლე მეხსიერების პატრონი უწოდა. სპორტის სამინისტროს მესვეურები კი არ გამორიცხავენ, რომ თუკი მუსიე ბლანის ბრალიც გამოიკვეთება, მის წინააღმდეგ საბუთები პროკურატურას გადასცენ.

სკანდალს სათავე ერთ-ერთ ფრანგულ საიტზე გამოქვეყნებულმა წერილმა დაუდო, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ბლაკარმა და ბლანმა, სკოლებში ეთნიკურად არაფრანგი ბავშვების სიმრავლით შეშფოთებულებმა, განიზრახეს, რომ 12-13 წლის ასაკიდან მათთვის 30%-იანი კვოტა დაეწესებინათ. დანარჩენი 70% კი მხოლოდ თეთრკანიანი ბავშვებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ეს თემა ბლაკარმა, ბლანმა და 21-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა ერიკ მომბარმა პირველად ნოემბერში ერთ-ერთ სხდომაზე გააჟღერეს. ამ უკანასკნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი გუნდის 30 კანდიდატიდან მხოლოდ ოთხია ფრანგი. აღნიშნული ფრაზა სხდომის სტენოგრამაშია დაფიქსირებული. მომბარის მდგომარეობას სერიოზულად ამსუბუქებს ის, რომ თათბირზე ძირითადად ჩუმად იჯდა და როგორც დამსწრეები ამბობენ, ბლაკარისა და ბლანის განცხადებებზე დასტურის ნიშნად მხოლოდ თავს აქნევდა. ახლა კი შემოგთავაზებთ აღნიშნული სტენოგრამის ყველაზე საინტერესო ნაწილს, სადაც გამომსვლელთა პოზიცია საკმაოდ კარგად ჩანს.

ლორან ბლანი: “მაშფოთებს, რომ ჩვენს საფეხბურთო აკადემიებში აღზრდილი სხვადასხვა თაობის ბიჭები შემდეგ აფრიკული ქვეყნების ნაკრებების ღირსებას იცავენ. ეს პროცესი რომ აღმოვფხვრათ ნამდვილად კარგი იქნება”.

ფრანსუა ბლაკარი: “შეიძლება მათთვის (იგულისხმება შავკანიანი და არაბული წარმოშობის ფეხბურთელები) სპეციალურად დაწესდეს 30%-იანი კვოტა საფეხბურთო სკოლებში”.

ბლანი: “ესპანელები მეუბნებიან, რომ მათ არ ჰყავთ “შავები” და, შესაბამისად, ეს პრობლემა არ აწუხებთ”.

აი, ის სიტყვები, რომელსაც მთელი ეს სკანდალი მოჰყვა. სხდომაზე მხარეთა შორის სერიოზული კამათი იყო გაჩაღებული და ეს ფრაზები შეიძლება მხოლოდ ემოცია იყოს და მეტი არაფერი. თუმცა მაღალი თანამდებობის პირებისგან ფედერაციის სხდომაზე, რომლის სტენოგრამა იწერებოდა და რაც შეუძლებელია, რომ არ სცოდნოდათ, სხვების გასაგონად ასე ლაპარაკი რომ არ შეიძლება, ამაზე განსხვავებული აზრი ალბათ არც ჩვენი გაზეთის მკითხველს ექნება. მას შემდეგ, რაც პრესამ აღნიშნული დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, სკანდალის მთავარმა მონაწილეებმა საჯაროდ მოიხადეს ბოდიში, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ მათ ფრაზებს რასისტული ქვეტექსტი არ ჰქონია და ისინი მხოლოდ გამოსავალს ეძებდნენ შექმნილი კრიზისიდან. მეტიც, ბლანმა განაცხადა, რომ რასიზმი მისი ცხოვრებისეული ფილოსოფიისგან ძალიან შორს დგას.

სპორტის მინისტრის მიერ შექმნილი საგანგებო კომისიის შემადგენლობაში ფრანგულ საფეხბურთო სამყაროში პატივსაცემი ადამიანები შევიდნენ. მათ შორის ფედერაციის გენერალური დირექტორი ალან-რესპლან ბერნარი, ცნობილი იურისტი ლორან დავენასი და ფრანგული ფეხბურთის ფონდის პრეზიდენტი პატრიკ ბროზე. კომისიას შემაჯამებელი დასკვნის გასაკეთებლად ვადა 10 მაისამდე აქვს, რასაც შემდგომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფერნან დიუშუსუასა და მინისტრ შანტალ ჟუანოს წარუდგენს. "ეკიპი” ვარაუდობს, რომ ბლაკარს თანამდებობიდან გათავისუფლება ელის, ხოლო ბლანს - უმკაცრესი საყვედური. გამორიცხული არც ამ უკანასკნელის შინ გაშვებაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული