თამამი ფიქრები ოქროზე

AutoSharing Option
ტურის მატჩი
ტურის უმთავრესი დაპირისპირება ამავდროულად მისი მშვენება და დამაგვირგვინებელი აკორდი გამოდგა. ლიონმა “სტად დე ჟერლანზე” მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლა და სამი გატანილის ნაცვლად ორი გოლი მიიღო საკუთარ კარში. თამაში იმდენად დაძაბული იყო და იმდენად საინტერესო საყურებელი გამოდგა, რომ გულწრფელად შეიძლება მის მონაწილეებს კომპლიმენტები მივუძღვნათ. ამჯერად ჩვენს ქვეყანაში ლიგა 1-ის ეს დაპირისპირება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და იმედია, აუდიტორია დაგვემოწმება, რომ ჩვენ არაფერს ვაჭარბებთ. ორივე მხარე ძალიან მონდომებული იყო და წინასწარ გამარჯვებულის ვინაობა ძნელი გამოსაცნობი იყო. საბოლოოდ მშობლიური სტადიონის ჟრიამულმა “ლიონს” მეტი
ძალა შემატა.

პირველ ტაიმში “ლიონმა” ერთი გოლი გაიტანა, თანაც მატჩს ძირითადად ის აკონტროლებდა და ალბათ ვიღაცამ იფიქრა კიდეც, რომ მასპინძელი ფავორიტის სტატუსს ამართლებდა. მეორე ნახევარში სტუმრებს არტახები ოდნავ მოუშვეს, რადგან კლოდ პიუელის ბიჭები უფრო მეტს ფიქრობდნენ კარის უსაფრთხოებაზე, ვიდრე პირველ ნახევარში. ამის მიუხედავად “დე ჟერლანი” მთლად გადაირია, როცა მეორე გოლიც იხილა სტუმართა კარში. ჯერ კიდევ ჩემპიონებმა ამის მერეღა გამოიღეს ხელი და სულ რაღაც 7 წუთის ინტერვალში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. საინტერესო მოვლენები ამით არ ამოწურულა – მატჩს საბოლოო წერტილი კრისმა დაუსვა, როცა ფანტასტიკური დარტყმით შეძლო მისი გუნდისთვის აგრერიგად საჭირო სამი ქულის მოპოვება.

ტურის გმირი
თამამად ვიტყვით, რომ ტურის გმირის სახელი და გვარი ჩვენს მკითხველს არაფერს ეუბნება. გაოცებისგან ალბათ ფრანგ ჟურნალისტებსაც ყბა ჩამოუვარდებოდათ, როცა “მონაკოს” სათადარიგო მეკარის, 32 წლის სებასტიან შაბერის ასპარეზობა იხილეს. მუსიე სებატიანის კარიერაზე ვერაფრით ვიტყვით, რომ შთამბეჭდავია - “კაენის”, “ამიენისა” და “შარლერუას” ყოფილ კარის დარაჯს ლიგა 1-ში სულ თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მატჩი აქვს ჩატარებული. წელს მან “მონაკოს” შემადგენლობაში მეორედ ითამაშა და პირველად ძირითადში. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანმა ისეთი ბურთები აიღო “პარი სენ-ჟერმენთან” შეხვედრაში, რომ... თუმცა, სჯობს, ეს თავად იხილოთ. მით უფრო, რომ 21-ე საუკუნე და ინტერნეტი ამის საშუალებას იძლევა. ჩვენი მხრივ უბრალოდ გირჩევთ ამის გაკეთებას.

ტურის სიმბოლური ნაკრები:
შაბერი (მონაკო) – ბოლი (ოსერი), პერკი (სოშო), პიგრენიე (მონაკო), კრისი (ლიონი) – მარტენი (სოშო), აზარი (ლილი), ლ. გონსალესი (მარსელი) – ერდინგი (პსჟ), იდეიე (სოშო), დელგადო (ლიონი)

ტურის მოვლენები
უმთავრესი, რაც 34-ე ტურმა გაარკვია, ეს ის არის, რომ ლასლო ბოლონის “ლანსი” მომავალ ტურში ალბათ 99%-ით გაიფორმებს ლიგა 2-ის საგზურს. რაც შეეხება ლიდერთა ჯგუფს, სტად “დე ჟერლანის” მატჩმა ცხრილში როგორც არასდროს ისეთი სიცხადე შეიტანა. 4 ტურით ადრე 4-ქულიანი უპირატესობა “ლილს” ჩემპიონობის ულაპარაკო ფავორიტად აქცევს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ “ძაღლებს” “სენტ ეტიენსა” და პსჟ-თან ურთულესი გასვლითი შეხვედრები ელით. თუმცა მათი ბედი მათ ხელშივე რომ არის, ეს ფაქტია. წაგებამ “მარსელს” მეორე ადგილიც სათუო გაუხადა. ჩემპიონატის ვერცხლის ხელში ჩაგდება და ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ მოხვედრა შეუძლია “ლიონსაც”. თავის მხრივ პსჟ-ს მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. მოკლედ, ფავორიტები გამოიკვეთნენ, თუმცა გარკვევით ჯერ არაფერი გარკვეულა.

შეუძლებელია ტურის მოვლენებში არ დავასახელოთ ის, რომ როგორც იქნა მრავალტანჯულ “ოსერს” ბედმა გაუღიმა. “მონპელიესთან” შეხვედრაში მასპინძლებმა მათ მიერ შექმნილი ერთადერთი მწვავე მომენტი გამოიყენეს, ისიც “მონპელიეს” მცველის გულუბრყვილო შეცდომის წყალობით. მაშინ, როცა სტუმრებმა რამდენიმე მშვენიერი მომენტი გაატანეს ქარს. “ოსერის” ფანების სიხარულს საზღვარი არ აქვს, რადგან ასეთი გამარჯვების გადაფასება ჭეშმარიტად წარმოუდგენელია - რამდენიც უნდა ვწეროთ ამაზე, მაინც ცოტა იქნება.

ტურის ჩავარდნა, ტურის წარუმატებლობა, ტურის ანტიგმირი, ტურის შერცხვენა და თავის მოჭრა – რომელიც გნებავთ ის სათაური მოუხდებოდა იმას, რაც “ბორდომ” “სოშოსთან” ჩაიდინა. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ გუნდმა თუნდაც ევროპის ლიგისთვის ბრძოლა წააგო (ჩემპიონთა ლიგაზე ლაპარაკი ზედმეტია), აქ უკვე შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ “ბორდომ” საკუთარი თავმოყვარეობისთვის ომიც ულაპარაკოდ დათმო. ის, რომ “მეფე შიშველია” ჩვენზე უკეთ ჟან ტიგანამ იგრძნო და, რა თქმა უნდა, გადადგა და, რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობას გამოცდილი სპეციალისტისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. 21 წუთში გაშვებული 4 გოლის სხვანაირად შეფასება (ზემოთ თქმულისა არ იყოს ამის გადაფასება), მართლა შეუძლებელია.

“კაენმა” და “ლანსმა” ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, მაგრამ ასე რომ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობის დამსახურებაა. ისე, რამდენად შეიძლება “ლანსის” მიერ საგოლე მომენტების გამოუყენებლობა ბედს დაბრალდეს, ცალკე თემაა. ლიგა 1-ის გულშემატკივარს მოეხსენება, რომ ასე გრძელდება უკვე მთელი სეზონია და ამიტომაც არის, მომავალ წელს ისინი ქვედა ლიგაში რომ შეხვდებიან. მაგრამ ამჯერად “ლანსს” არც მასპინძელი ჩამორჩა. მაგალითად რომაინ ჰამუმამ ორჯერ ისეთი თავური ააცილა, რომ ალბათ ორჯერვე ძალიან მოინდომა.

ტურის ციფრები
“არლმა” სახელი მხოლოდ იმით კი არ დაიგდო, რომ ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე სუსტი მონაწილეა, არამედ იმითაც, რომ ცდილობს, ყველაზე ბინძური გუნდის სახელიც მოიპოვოს. აუტსაიდერებს ნერვები ღალატობთ თუ რას დავაბრალოთ, არ ვიცით, მაგრამ რვა წითელი ბარათი ერთ სეზონში წარმოსახვის ზღვარსაც სცდება. თანაც ზედიზედ მესამე შეხვედრაა, თითქოს პირი შეკრესო, გუნდი შეხვედრას კაცნაკლული ამთავრებს. დიანბობო ბალდე (ორჯერ), ფაბიენ ლორენტი, ბაკარი სორო, ჟამელ იდირი, სებასტიენ პიოსელი და ემანუელ კორეზე - აი, “წითელი არმიის” კავალერთა სრული სია. თუმცა ეს არ არის ყველაფერი. წინ კიდევ 4 ტურია და კიდევ ბევრი რამის მოსწრება შეიძლება. რა უნდა ითქვას კიდევ ამ გუნდზე? ოოო, ლამის დაგვავიწყდა, უკვე 22 ტურია, არ მოუგია, რაც ბუნებრივია, ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ასეთი სერიაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული