პედრეტი ლილში წავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონმა “ლილმა” რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ “ოსერიდან” ბენუა პედრეტის გადაბირება სურდა. გუშინ “პარიზიენის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბენუა “ძაღლების” წევრი გახდა და მისი წარდგენა გულშემატკივრების წინაშე 9 ივნისს მოხდება. ფეხბურთელმა “ლილთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით მხარეები არ ადასტურებენ, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი. საფრანგეთს ნაკრების 30 წლის კანდიდატმა სეზონის დიდი ნაწილი ბარძაყის მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა. აწ დასრულებულ სეზონში ლიგა 1-ში მის ანგარიშზე 20 მატჩში (20-ვე ძირითადში) 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა იყო. ჟურნალისტების მტკიცებით, ბენუა
“ნიუკასლში” გადაბარგებულ იოან კაბაიეს ღირსეულად შეცვლის. ისინი სწორედ იდენტურ პოზიციებზე თამაშობენ და რაც მთავარია, ორივეს თანაბარ დონეზე შეუძლია როგორც სუფთა საყრდენად, ისე კლასიკურ ცენტრალურ ნახევარმცველად ასპარეზობა.

იმავე ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუკი “ლილმა” “ბაიერნის” “აგრესიული შეტევები” ვერ მოიგერია და ედენ აზარი მიუნხენში გაუშვა, მათ ახალგაზრდა ბელგიელის შემცვლელიც დასჭირდებათ. ამ შემთხვევისთვის ისინი “ალმერიიდან” 21 წლის არგენტინელ პაბლო პიატის შეიძენენ. თუმცა საფეხბურთო ექსპერტები ურჩევენ “ლილს”, რომ არ დაუცადოს აზარისა და ჟერვინიოს ბედის გარკვევას და პაიტი მაინც შეიძინოს, რადგან სამხრეთამერიკელი უნიჭიერესი ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგაში გუნდს ყველა შემთხვევაში დიდად დაეხმარება. მით უფრო, რომ პაბლოს კატეგორიულად არ უნდა “ალმერიას” სეგუნდა დივიზიონში გაჰყვეს.

მეორე არგენტინელი ფეხბურთელით მეორე ფრანგული გრანდია დაინტერესებული. ჩვენი ფრანგი კოლეგები ბოლო დღეებია აქტიურად განიხილავენ კრისტიან ანსალდისა და “მარსელს” შორის შესაძლო თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, დიდიე დეშამის გუნდმა ძირითადი მარცხენა მცველი ტაიე ტაივო “მილანში” გაუშვა და ახლა მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. “ტოპ მერკატოს” ცნობით, ფრანგები ყაზანის “რუბინს” 24 წლის არგენტინელში 6,5 მილიონ ევროს სთავაზობენ. სავარაუდოა, რომ მხარეებს ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება გაუჭირდებათ, რადგან ყაზანელები 11 მილიონს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანსალდის შეძენას ლისაბონის “ბენფიკა” ეშურებოდა, მაგრამ ისინი სწორედ საკომპენსაციო თანხას ვერ შესწვდნენ.

საფრანგეთში ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით ნაკრების თავდამსხმელი და მისი ერთ-ერთი უმთავრესი იმედი კევინ გამეირო. დე-იურე “ლორიანის” ფეხბურთელი გუნდიდან რომ მიდის, ეს ყველასთვის ცხადია. მეტიც, ეს ცხადი იყო ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე, რადგან კევინმა სწორედ ასეთი შეთანხმება დადო კლუბის პრეზიდენტთან. ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, რომ გამეირო დიდი ალბათობით უცხოურ შეთავაზებაზე იტყვის თანხმობას, რადგან ძალების გამოცდა მას ლიგა 1-ის ფარგლებს გარეთ სურს. ამასობაში გაცხადდა, რომ კევინმა “ნიუკასლს” კონტრაქტზე უარი უთხრა. “კაჭკაჭები” საფრანგეთის ჩემპიონატის ვიცე-ბომბარდირში “ლორიანს” 12 მილიონ ევროს სთავაზობდენენ, თუმცა ახლა უკვე ცხადია, რომ ეს ტრანსფერი არ შედგება. “ძალიან მინდა, რომ ბევრად უფრო ამბიციურ ადგილას ვითამაშო, ვიდრე ჩემი ამჟამინდელი კლუბია. გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ერთს კი დაზუსტებით ვიტყვი, რომ ჩემთვის პრიორიტეტი ესპანური შემოთავაზება იქნება, რადგან ზოგადად ამ ქვეყნის ჩემპიონატის დიდი გულშემატკივარი ვარ. ლა ლიგაში ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, რაც მე ძალიან მომწონს. ძალიან მინდა ისეთ გუნდში გადავიდე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. თუკი მაინც საფრანგეთში დავრჩები სათამაშოდ, მაშინ ევროპის ლიგის საგზურის მფლობელ გუნდზეც თანახმა ვიქნები,” – განუცხადა გამეირომ “პარიზიენს”. ეს უკანასკნელი წინადადება შესაძლოა ფეხბურთელმა პსჟ-ს გასაგონად დაამატა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე ისინი ძალზე აქტიურობდნენ, ახლა კი მათგან ჩამიჩუმიც არ ისმის. პარიზელები თავის დროზე “ლორიანს” თავდამსხმელში 17 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

რახან მასალაში ზოგადად ფრანგულ თემატიკაზე ვწერთ, აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ნაკრების დამრიგებლის ლორან ბლანის თანამშემწე ალენ ბოგოსიანს ოფიციალურად მისცეს გაფრთხილება, რადგან მან ორიოდე კვირის წინ გროზნოში ახალი სტადიონის გახსნაში მონაწილეობა ისე მიიღო, რომ ამის შესახებ ფედერაციაში არაფერი იცოდნენ. ამასთან, ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის წევრებს დაევალათ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არაოფიციალური ვიზიტების შესახებ ფედერაცია საქმის ყურში ჩააყენონ. ყოველივე ეს ფრანგი უფლებადამცველი ორგანიზაციების ზეწოლის შედეგია, რომლებიც აღშფოთდნენ ფრანგი ვარსკვლავების ვიზიტით ისეთ რეგიონში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცნობილი დამრღვევი ხელმძღვანელობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული