ფეხბურთი, კალათბურთი თუ ჰოკეი?

AutoSharing Option
უკრაინა-საფრანგეთი 1:4 (0:0)
გოლები: ტიმოშჩუკი 1:0 (53), გამეირო 1:1 (58), მარტენი 1:2 (87), კაბული 1:3 (89), მარტენი 1:4 (90)
უკრაინა: პიატოვი - კუჩერი (ხაჩერიდი 32), შევჩუკი, იშჩენკო, კობინი - ტიმოშჩუკი, გუსევი (ხუდობიაკი 73), როტანი, ნაზარენკო (კოჟანოვი 63), - დევიჩი (სელეზნიოვი 68), ვორონინი (მილევსკი 61)
საფრანგეთი: მანდანდა - რევეიერი, კაბული, სახო (აბიდალი 76), ევრა - კაბაი (მარტენი 76), მვილა, მატუიდი (დიაბი 77), მენეზი (რიბერი 65) - რემი (ბენზემა 65), გამეირო (მალუდა 65)

პირველი ტაიმი საკმაოზე მეტად მოსაწყენი გამოდგა, რადგან არ შექმნილა
პრაქტიკულად არც ერთი სახიფათო მომენტი. რაღაც ხიფათის მაგვარი მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს დავინახეთ, ჯერ ერთი, მერე მეორე გუნდის კარებთან, თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ჯერ ანდრეი გუსევმა წაართვა მეტოქეს ბურთი და სტივ მანდანდას მზადყოფნა შეამოწმა შორიდან, შემდეგ კი კევინ გამეირომ მოუსინჯა ფხა ანდრეი პიატოვს.

ყველაფერი საინტერესო მეორე ნახევარში მოხდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: ანდრეი ვორონინმა ანატოლი ტიმოშჩუკს პასი მოძრაობაში გააყოლა, ეს უკანასკნელი რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და კარში დაახლოებით 27-28 მეტრიდან ყუმბარისებურად დაარტყა. მანდანდას ნახტომი ამაო გამოდგა - 1:0. ანგარიში ოთხ წუთში გათანაბრდა. თავის თავზე თამაში გამეირომ აიღო. “ლორიანის” თავდამსხმელმა ბურთი საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, სწრაფი მოძრაობით მცველებს დაუსხლტა, შეიჭრა საჯარიმოში და მძლავრად დასცხო.

სტუმრებმა ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალი კლასის გუნდი ჰყავთ. მათ ჯერ გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს, შემდეგ მეტოქის საბოლოოდ “დასასჯელად” ერთდროულად სამი სუპერვარსკვლავი შეუშვეს მინდორზე. ლაპარაკია ფლორან მალუდაზე, ფრანკ რიბერისა და კარიმ ბენზემაზე. ამით ფრანგთა შეტევებმა კიდევ უფრო მეტი ხიფათი შეიძინა. მარტო ერთმა ბენზემამ 25 წუთში ორი რეალურზე რეალური საგოლე მომენტის გამოყენება ვერ შეძლო. მატჩის დამთავრებამდე 5-6 წუთით ადრე კი დაიწყო ის, რამაც უკრაინის ნაკრები პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა. ამ დროში მასპინძლებმა სამი გოლი გაუშვეს. ჯერ იყო და “სოშოს” მარვენ მარტენმა 87-ეზე ბურთი მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და პიატოვს ახლო, დაბალ კუთხეში დაურტყა - 1:2. გოლკიპერს ამ დარტყმაზე რეაქცია ბევრად ადრე მართებდა - ნახტომი დაგვიანებული აღმოჩნდა. არც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი და არც მასპინძელი ფეხბურთელები ჯერ გონს ბოლომდე არ იყვნენ მოსულნი, როცა პიატოვმა კიდევ გაუშვა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს იდეალურ პოზიციაზე დაუხვდა იუნეს კაბული და 1:3. მსაჯისგან კომპენსირებულ წუთებზე კი იმავე მარტენმა ბენზემას პასს უბრალოდ ფეხი დაუხვედრა და ბურთი ხარიხის ქვემოთ შეაცურა - 1:4.

იმედია, რომ უკრაინის ნაკრების თავკაცი ოლეგ ბლოხინი ამ მატჩიდან სათანადო დასკვნებს გამოიტანს და გუნდს სხვა გრანდებთან სათამაშოდ უკეთ მოამზადებს. თუ არადა, მის გუნდს სხვებთანაც ასეთი ბედი ელოდება. ხოლო თავის დაზღვევა და მატჩის წინა დღეს იმის ძახილი, რომ საფრანგეთი გრანდია, ის აღმავლობის გზაზე დგას და მასთან ბრძოლა ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამივე პოსტულატს დაეთანხმო, არაფრის მომტანია.

“სამფეროვანთა” თავკაცმა ლორან ბლანმა შეგირდების დიდებულ გარჯაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: “როცა გუნდი იგებს, მწვრთნელი ყოველთვის მოხარულია, რომ ეს მოხდა. დღეს კი მე ორმაგად ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და გარდავისახეთ, მოვუმატეთ თამაშის ხარისხს და რამდენიმე სწორი შეცვლაც გავაკეთეთ. ამ ყველაფერმა შედეგად ის მოიტანა, რომ სასურველი შედეგი მივიღეთ. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ თავიდან ვაგებდით კიდეც. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ნაკრები ევრო 2012-ისთვის ბევრად მოუმატებს. ვიცი, რომ სულ სხვა დონეზე ათამაშდება”.
რაც შეეხება ოლეგ ბლოხინს... თავდაპირველად სიბრაზისაგან მას დანა პირს არ უხსნიდა, შემედგ კი ალაპარაკდა: “სტადიონიდან მატჩის

დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე რომ გავსულიყავით, ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ეს შეხვედრა წავაგეთ და თანაც 1:4. თუ რამეთი კმაყოფილი ვარ, ეს წინა ხაზის თამაშია. პრინციპში საფრანგეთზეც იმავეს თქმა შეიძლება. მისი თავდასხმა დაცვას ბევრად ჯობდა. ყველაფერი ისე ვითარდებოდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო. ჩვენ კი მოვახერხეთ და თამაში სამ წუთში წავაგეთ. ეს რაღაც გაუგონარი რამაა. კი, მაგრამ ჩვენ ხომ ჰოკეისა და კალათბურთს არ ვთამაშობთ? გუნდმა კონცენტრაცია თავიდან ბოლომდე დაკარგა. თამაშის შედეგი ჩემი პასუხისმგებლობის საკითხია, მაგრამ არც ფეხბურთელებმა უნდა დაივიწყონ პასუხიმგებლობის მათი წილი. დღეს ზუსტად ის მოხდა, რაზეც მატჩამდე ვლაპარაკობდი. სასურველი შედეგის მისაღებად რესურსი არ გვეყო. ხომ ნახეთ, შეცვლებმა შედეგი ვერ გამოიღო, საფრანგეთმა კი პირიქით, სწორედ შეცვლების შემდეგ გარდაქმნა მატჩის ხასიათი”.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული