მომავალი მხოლოდ "ველოდრომზე"

AutoSharing Option
სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ მარსელის “ოლიმპიკის” მეკარე სტივ მანდანდა ჟურნალისტებთან გასული სეზონის შეჯამებას დათანხმდა. ის სეზონის ყველაზე საინტერესო მომენტებს იხსენებს.

- მძიმეა კაპიტნის როლი?
- ამ როლს თანდათან ვეჩვევი. სიმართლე რომ ვთქვათ, მე სხვა კაპიტნებივით სხვების კარგად მოტივირება არ გამომდის, მაგრამ ყველაფერში რასაც მინდორზე ვაკეთებ, ვცდილობ, ჩემი თანაგუნდელებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო. ვცდილობ, ვიყო კარგი კაპიტანი. ამ თემაზე ბევრჯერ ვილაპარაკე მრავლისმნახველ და დაბრძენებულ კაპიტნებთან, მაგალითად გაბი ჰაინცესთან, ბენუა შეირუსა და ედუარ სისესთან. ასე რომ, მათთან ურთიერთობამ და ყოველი მატჩის შემდეგ მიღებულმა
გამოცდილებამ მომცა საშუალება, რომ გავმხდარიყავი იმაზე ბევრად უკეთესი კაპიტანი, ვიდრე ამ სტატუსტის მინიჭებამდე ვიყავი.

- მომავალ სეზონშიც თქვენ იქნებით გუნდის თავი?
- დიახ, ამის იმედი ნამდვილად მაქვს. თუმცა ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს? ფეხბურთში ხომ ყველაფერი ელვის სისწრაფით ხდება ხოლმე. ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ის არის, რომ ჩემს მომავალს მხოლოდ “ველოდრომზე” ვხედავ. ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ, რაც ხელს შემიშლის, მომავალ წელს კაპიტნად დავრჩე.

- თქვენ ლიგა 1-ის საუკეთესო მეკარედ დაგასახელეს.
- მოხარული ვიყავი, როცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესო მეკარედ მაღიარეს. ეს ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის, როცა ვიაზრებ, რომ სეზონის განმავლობაში მრავალმა გოლკიპერმა მოახერხა თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა. მოხარული ვარ, ამ პრიზის მფლობელი რომ გავხდი, თუნდაც იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი იმ დიდი შრომის დაფასება, რაც აქამდე გამიწევია. გულწრფელად გეტყვით, ნებისმიერ სიტუაციაში გამიხარდებოდა დამსახურებული პრიზის მიღება.

- გაიხსენეთ საუკეთესო მომენტი აწ დასრულებული სეზონიდან.
- ყველაზე ლამაზი? ლანსში აღებულ მომენტს გამოვყოფდი, როცა 0:0-ზე ურთულესი ბურთი ავიღე. ლამაზიც იყო და მნიშვნელოვანიც, რადგან შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი გამოდგა.

- რა როლი ითამაშა თქვენმა პირადმა მწვრთნელმა ნიკოლა დეონამ?
- ნიკოსთან ერთად “ავრშიც” მიმუშავია. მან ყველაზე უკეთ იცის ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები და ისიც იცის, რას ვფიქრობ მასზე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩემი თამაშის გასაუმჯობესებლად. რეგულარულად ვუყურებთ “მარსელის” ჩანაწერებს, ვარჩევთ სათამაშო ეპიზოდებს, ვმსჯელობთ შეცდომებზე, რაც დავუშვი. თუმცა მხოლოდ კრიტიკას არ ვუნდებით, ყოველთვის აღვნიშნავთ მომენტებს, როცა კარგად ვითამაშე. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ სამომავლოდ გავითვალისწინო. ჩვენ ნაყოფიერი სამუშაოსთვის მშვენიერი პირობები გვაქვს შექმნილი. ნიკოლას სჯერა არამხოლოდ ჩემი, არამედ “მარსელის” სხვა მეკარეებისაც. მთელი ეს დადებითი აურა კი ხელს მაძლევს, რათა გავიზარდო როგორც პროფესიონალი.

- მომავალი სეზონისთვის შექმნილი ფორმა თუ ნახეთ?
- დიახ, სამწუხაროდ მხოლოდ ნახვა მოვასწარი, ჩაცმა - ვერა. შემიძლია ვთქვა, რომ ლურჯ ფერებში რომელიც არის გადაწყვეტილი, ძალიან ლამაზია. ადრე უფრო ცისფერი ფორმა მომწონდა, რომელიც გასვლით შეხვედრებში გვეცვა ხოლმე და ახლა ორივე ძალიან კარგია. ჩემგან გულწრფელი აპლოდისმენტები ფორმის დიზაინერებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანდანდა შენს გვერდით ვარ ძმა ! :*:*
გიორგი ბადაგაძე
10:47 15-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული