არჩევანის არ მეშინია

AutoSharing Option
ალუ დიარა ორშაბათს შეუერთდა მარსელის “ოლიმპიკს” და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა პორტ დუ კრუესტში მიმდინარე შეკრებაზე. მეორე დღეს მან კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.

- მას შემდეგ, რაც კლუბები ყველაფერზე შეთანხმდნენ, მცირე დრო გავიდა და თქვენ კონტრაქტი გააფორმეთ. მოსაფიქრებლად დრო გჭირდებოდათ?
- არა, არანაირი ეჭვი არ შემპარვია უნდა მიმეღო თუ არა ეს წინადადება. იქამდე, ვიდრე კლუბები შეთანხმებას გააფორმებდნენ, მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა. მოლაპარაკება კი იყო დამთავრებული, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ მოსაგვარებელი იყო. ამ მცირე დროშიც კი არ მიფიქრია, რომ
“მარსელში” ვერ გადავიდოდი. კლუბში გასაგებად ვუთხარი, რომ “ბორდოში” გატარებული 4 წლის შემდეგ გარემოს შეცვლა მჭირდებოდა. აქ მოხვედრა ჯერ კიდევ შარშან შემეძლო, მაგრამ მძიმე სეზონის მიუხედავად არ ვნანობ, რომ იქ დავრჩი.

- რატომ “მარსელი”?
- “მარსელს” ყოველთვის ყველაზე ამბიციური გეგმები ჰქონდა, რაც მე ყოველთვის მხიბლავდა. რომელ ტურნირშიც კი გამოდის, ყველას მოსაგებად იბრძვის, მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაში. გასაკვირი არ არის, რომ აქ აღმოვჩნდი.

- იმან, რომ “მარსელს” დიდიე დეშამი წვრთნის, გადამწყვეტი როლი ითამაშა?
- დიახ, ამან თავისი როლი ითამაშა, დიდიე ხომ წარმატებული მწვრთნელია. თანაც ის პირადად მიკავშირდებოდა და მეუბნებოდა, რომ ჩემთან მუშაობა სურდა. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის ვარ, მის ხელში პროგრესი ჯერ კიდევ შემიძლია.

- ლორან ბლანს თუ დაუკავშირდით იქამდე, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდით?
- არა, მაგრამ მან იცოდა, რომ “მარსელს” ინტერესი ჰქონდა ჩემდამი. ეს ჩემი პირადი არჩევანი იყო. მე არ ვარ პატარა ბიჭი, რომ არჩევანის მეშინოდეს. მართებული ნაბიჯი რომ გადავდგი, ამაში დარწმუნებული ვარ.

- შეკრების დაწყებამდე შვებულება როგორ გაატარეთ?
- კარგად დავისვენე და ახლა ფიზიკური კონდიციების აღდგენის დროა. ჩემი მიზანია, სეზონის ოფიციალურად დაწყებამდე კონკურენტუნარიან ფორმაში მოვასწრო ჩადგომა. მარსელში იმის დიდ იმედად ჩამოვედი, რომ კიდევ უფრო მეტ პროგრესს განვიცდი და გუნდთან ერთად ტიტულებს მოვიგებ.

- რა შეგიძლიათ თქვათ გუნდის პერსპექტივაზე?
- მშვენიერი გუნდი გვყავს, მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ვფიქრობ, ერთად ბევრი რამის მიღწევას შევძლებთ, მაგრამ ამისთვის დრო გვჭირდება.

- თქვენგან გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბებას ელიან...
- ლიდერობა ეს რაღაც განსაკუთრებულია. არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ყოველ მატჩში ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და რასაც ჩემს თანაგუნდელებს დაუზარებლად გავუზიარებ.

- “მარსელზე” ყოველთვის განსაკუთრებული ზეწოლაა. ეს დამატებითი მოტივაციაა?
- დიახ, ვიცი, რომ მასმედიისა და გულშემატკივრების მხრიდან ზეწოლა მართლა განსაკუთრებულია, მაგრამ ეს ლოგიკურიცაა, რადგან ეს დიდი კლუბია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული