ეღირსათ...

AutoSharing Option
ლაპარაკი იმაზე, რომ ლეონარდო “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულ დირექტორად უნდა დანიშნულიყო, თვეზე მეტია, რაც დაიწყო და მას მერე დღე არ გავიდოდა, რომ მასმედიას რამე ახალი ჭორი არ გაევრცელებინა.

და აი, “ეკიპი” წერს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებების ფინალური რაუნდი უკვე დასრულდა, ხელშეკრულება უახლოეს 24 საათში გაფორმდება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს პრეზენტაციაზე აუცილებლად უხმობენ.

ახლა მოკლედ პარიზელთა სატრანსფერო გეგმებზე ვილაპარაკოთ. ჯერ ის ვთქვათ, რაც პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია: “პარიზიენის” ცნობით, თელ-ავივის “ჰაპოელის” მენეჯერები მთავარი მწვრთნელის დრორ კაშტანის თხოვნის შემდეგ დაფაცურდნენ, რათა
გუნდს კვალიფიციური მეკარე შეეძინა. მათ პსჟ-ს 25 წლის კამერუნელ მეკარე ედიმ ედელემს დაადგეს თვალი. როგორც წყარო ამბობს, საქმე 99%-ით უკვე გადაწყვეტილია.

ახლა კი პარიზელთა ამბიციურ გეგმებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ის ფაქტი, რომ კლუბის მენეჯმენტი ძირითადად შემტევი ფეხბურთელების გადაბირებაზე ზრუნავს, უკვე დიდი ხანია აღვნიშნეთ. მომავალ სეზონისთვის კლუბმა უკვე გადაიბირა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, წინა საფეხბურთო წლის ვიცე-ბომბარდირი კევინ გამეირო.

თუმცა გამეიროს გარდა, მათ კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელს შესთავაზეს კონტრაქტი. ამ საქმეებიდან როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა. მაგალითად, არგენტინელი ხავიერ პასტორეს გაყიდვაზე “პალერმომ” თქვა უარი, პარიზში კარიერის გაგრძელება თავად იუარა “არსენალის” წევრმა მარუან შამახმა. ინგლისური “დეილი მეილის” ინფორმაციით, 32 წლის ნიკოლა ანელკას სანაცვლოდ პარიზელებმა “ჩელსის” 9 მილიონი ევრო შესთავაზეს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლა პსჟ-ში ორჯერ უკვე თამაშობდა. 1994/77 (ასაკობრივ გუნდში) და 2000/02 წლებში. იგივე “დეილი მეილი” ამტკიცებს, რომ სწორედ ანელკაა ის პირველი ფეხბურთელი, ვისთან თანამშრომლობაც ანდრეს ვილას-ბოასმა არ მოისურვა.

“ჰერენვენის” მაროკოელი ცენტრალური ნახევარმცველი 22 წლის უსამა აისადი ასევე მოხვდა “პარკ დე პრენსის” მკვიდრთა ყურადღების ცენტრში. ორიოდე კვირის წინ მასზე წერდნენ, რომ აფრიკელი კარიერას პსვ-ში განაგრძობდა. უსამას ბალაშ ჯუჯაკის შემცვლელად განიხილავდნენ, მაგრამ მას მერე “ეინდჰოვენმა” სამი მაღალი კლასის ნახევარმცველი გადაიბირა (კევინ სტროოტმანი, დრის მარტენი და ჟორჟინიო ვაინალდუმი), რამაც აისადის ტრანსფერი დღის წესრიგიდან მოხსნა.
ამის მუხედავად ნიჭიერ ფეხბურთელს სხვა კლუბების მხრიდან ყურადღება არ მოკლებია. მეტიც, როგორც ვხედავთ, აისადიმ პსვ-ზე ბევრად უფრო მდიდარი და ალბათ არანაკლები პოტენციალის კლუბის ყურადღება მიიპყრო.

ჯერჯერობით თავად მაროკოელი უარს აცხადებს რამე კომენტარზე, რადგან მისი თქმით, სათქმელი არც არაფერი აქვს. მისადმი კომპლიმენტებს არ იშურებს “ჰერენვენის” თავკაცი რონ იანსიც, ვისი თქმითაც, ფეხბურთელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული