ბრძოლა სიკვდილამდე (ნაწილი მეორე)

AutoSharing Option
ამ სტატიის პირველი ნაწილი გუშინდელ ნომერში შემოგთავაზეთ. ის მარსელის “ოლიმპიკის” ერთ-ერთი ფანკლუბის საიტზე გამოქვეყნდა და მივიჩნიეთ, რომ არც ჩვენი მკითხველისთვის იქნებოდა უინტერესო, გაცნობოდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დერბის ისტორიას, თანაც საკმაოდ საინტერესო დეტალებით. წინა ნაწილში თხრობა 1976/77-ის სეზონში პსჟ-ს მიერ “მარსელის” 5:1 განადგურებით დავასრულეთ. მაშ ასე, იხილეთ გაგრძელება.

აღნიშნული ანგარიში (5:1) დღემდე რჩება ყველაზე დიდ სხვაობად, რომელიც კი ამ კლუბებს შორის დაფიქსირებულა. “მარსელს” რევანში სურდა და მან ის მიიღო, ოღონდ ლამის 2 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი “ველოდრომზე” მოხდა. 1978/79-ის სეზონის
დასაწყისი ძალზე წარუმატებელი გამოდგა

პროვანსელებისთვის. გუნდი გასავარდნ ზონამდე იყო დაშვებული. სწორედ ამ ფონზე შედგა ეს დაპირისპირება და სამხრეთმა ჩრდილოეთს “ყური აუწია” - 4:1. აღნიშნულმა გამარჯვებამ გუნდს ისეთი თვითრწმენა შემატა, რომ ნელ-ნელა დაიწყო ზედა საფეხურებისკენ სვლა. სწორედ გამარჯვებათა სერიამ შეუნარჩუნა მთავარი მწვრთნელის პოსტი სერბ ივან მარკევიჩს. 1979 წლის 7 აპრილს მეორე წრეში გაიმართა დაპირისპირება, რომელიც დღემდე მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო მატჩად “ჩვენი გუნდების” მონაწილეობით.

პირველ ათ წუთში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. დარჩენილმა დრომაც არნახულად მაღალ ტემპ¬ში ჩაიარა, თუმცა გოლი აღარ გასულა. აი, მეორე ნახევარში კი მაყურებელმა სპექტაკლი იხილა. ჯერ პარიზელებმა გაიტანეს 2 წუთში 2 გოლი (ერთი პენალტით), 20 წუთის შემდეგ კი “მარსელმა” მოახერხა 4 წუთის ინტერვალით ანგარიშის გათანაბრება. ბურთი მინდვრის შუაში პრაქტიკულად არც ჩერდებოდა. ფეხბურთელები მომენტების შექმნითა და გაფუჭებით არ იღლებოდნენ. მატჩს წერტილი ისევ და ისევ მასპინძლებმა დაუშვეს: 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი არგენტინელმა კარლოს ბიანკიმ გაიტანა. “მარსელს” უბრალოდ დრო აღარ ეყო წონასწორობის აღსადგენად.

1979/80 წლების სეზონი “მარსელისთვის” საშინლად წარიმართა: გუნდმა პირველად არსებობის ისტორიაში ქვედა ლიგაში ამოყო თავი, სადაც მთელი 4 წელიწადი გაატარა, თანაც ყველაზე უარესი ის იყო, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” მეტოქე ორჯერვე დაამარცხა, 2:0 “ველოდრომზე” და 2:1 “პარკ დე პრენსზე”.

ქვედა ლიგაში მოღვაწეობის პერიოდში “ოლიმპიკს” “პარი სენ-ჟერმენთან” შეყრის ერთადერთი შანსი თასის გათამაშებაში ჰქონდა. სწორედ აღნიშნული ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს, სადაც პარიზმა ისევ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა, 3:1, 1:0. მარსელელი გულშემატკივრები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ, რადგან ისინი კიდევ პატიობდნენ გუნდს, რომ ქვედა ლიგაში სასურველი შედეგი არ ჰქონდა, პრინციპულ მეტოქესთან არასათანადო განწყობით თამაში კი უკვე ნამეტანი იყო... და ამ წაგებას მწვრთნელის თანამდებობა შეეწირა.

“ოლიმპიკის” ქვედა ლიგაში მოღვაწეობის პერიოდში პარიზელებმა საბოლოოდ დაიმკვიდრეს ადგილი უმაღლესი ლიგის წამყვან გუნდებს შორის და ევროთასებისთვის სტაბილურად მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდნენ. “მარსელმა” ელიტაში დაბრუნების პირველი სეზონი ისევ ცუდად დაიწყო. გუნდი ისევ გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებდა. პირველი მატჩის მეტოქეებს შორის “პარკ დე პრენსზე” შედგა და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, მეორე წრეში კი დედაქალაქი დაეცა, თანაც უფრო დიდი ანგარიშით - 3:1.

1985/86-ის საფეხბურთო წელი არც თუ წარმატებული გამოდგა “ოლიმპიკისთვის”. სეზონი “მით უფრო საშინელი” აღმოჩნდა, რომ პირველად არსებობის ისტორიაში, საფრანგეთის ჩემპიონი პსჟ გახდა (მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე გახლდათ) და პროვანსელებს არც პირად შეხვედრებში გამოუვიდათ რამე. "პარკ დე პრენსზე” მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, ხოლო “ველოდრომზე” მაყურებელმა უგოლო 90 წუთი იხილა. დედაქალაქს პირველმა საჩემპიონო ტიტულმა თავბრუ დაახვია. შედეგად 86/87 წლები გუნდმა მე-7 ადგილზე ჩაამთავრა, რაც შეეხება “მარსელს”, ის ბოლო ტურამდე იბრძოდა ჩემპიონის ოქროს მედლისთვის. მასალის პირველ ნაწილში უკვე მოგახსენეთ, რომ 1986 წელს “ოლიმპიკმა” პსჟ 4:0 გაანადგურა, მაგრამ მაშინ ის არ აღგვინიშნავს, რომ ამ ანგარიშით მოქმედმა ჩემპიონმა წააგო, რაც გამარჯვებას მეტ ფასს მატებდა.

"რომ არა ჟოელ ბატსის ტრავმა, ვინ იცის...” - გულდაწყეტილი აცხადებდა ჟერარ ულიე მატჩის შემდეგ. ეს 1987 წლის მაისში, 37-ე ტურში მოხდა, როცა პარიზს საჩემპიონოდ შემართული “ოლიმპიკი” ეწვია. აღნიშნულ შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა. თუკი “მარსელი” მოიგებდა და მისი უშუალო კონკურენტი “ბორდო” წაიფორხილებდა, პროვანსელები ჩემპიონისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებდნენ. პსჟ-ს არავითარი პრაქტიკული მოტივაცია აღარ ჰქონდა, მას უკვე საბოლოოდ ჰქონდა დაკარგული რომელიმე ევროთასზე მოხვედრის შანსი, მაგრამ... პარიზელები მინდორზე ისევე გამოვიდნენ, როგორც მათი ცხოვრების უკანასკნელ ბრძოლაში. მათ სტუმარს არავითარი შანსი არ დაუტოვეს. საკუთარი კარი ხელშეუხებლად შეინახეს, ხოლო პროვანსელები ორჯერ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, ერთი ბოლო წუთებზე, მაშინ, როცა მთელი “ოლიმპიკი” შეტევაში იყო წასული. საქმე კი ისე განვითარდა, რომ ბოლოდ ტურში მოგებამ “მარსელს” უკვე ვეღარაფერი უშველა. ამ გამარჯვების ხათრით პარ¬ი¬ზელებმა თავიანთ გუნდს აპატიეს აშკარად ჩავარდნილი სეზონი.

(დასასრული შემდეგ ნომერში)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული