გეგმები და იდეები ლეოსგან

AutoSharing Option
პარიზში გუშინ ლეონარდოს პრეზენტაცია შედგა. მოგეხსენებათ, ბრაზილიელ ჩინოვნიკსა და პარიზულ კლუბს შორის მოლაპარაკებათა პროცესი ძალიან გაიწელა - ინფორმაცია, რომ ის ინიშნებოდა, ჯერ კიდევ ივნისის პირველ ნახევარში გაჩნდა.

გაჭიანურების მიუხედავად ბოლოს ყველაფერი მოგვარდა და საქმეს წერტილი დაესვა. “კლუბის მესაკუთრეებს სურთ, რომ საკლუბო პოლიტიკა პერსპექტივაზე იყოს გათვლილი. ასე რომ, ჩვენ არ ვგეგმავთ ათი ლიონელ მესის ყიდვას, რათა გუნდმა შედეგებს ხვალვე მიაღწიოს. გუნდი ნაბი-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ. ამ მიზნისთვის საკმაოდ დიდი საფუძველი უკვე ჩაყრილია და ის კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ. პირველ რიგში გვინდა, რომ
გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს და ჩემპიონატში გაიმარჯვოს. უახლოეს დღეებში აუცილებლად შევხვდები ანტუან კომბუარეს და მასთან ერთად განვიხილავ, ვინ დარჩება ჩვენთან და ვის შეიძლება შეველიოთ,” - აღნიშნა ლეონარდომ პრესკონფერენციაზე.

თუმცა უკვე შეიძლება იმის თქმა, თუ ვისზე გააკეთებენ პარიზელები აქცენტს. ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ კლუბი აუცილებლად შეიძენს ერთ თავდამსხმელს მაინც. მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯ-წითლებში” უკვე ირიცხებიან პეგი ლუინდულა, გილემ ოარო და კევინ გამეირო, ამ მიზანზე ისინი უარს არაფრის დიდებით არ იტყვიან. გარდა ამისა, დაცვითი რედუტების გასაძლიერებლად აუცილებელია ცენტრალური მცველისა და უფრო კრეატიული შეტევებისთვის მაღალი კლასის გამთამაშებლის ყიდვა. თავდამსხმელებზე უკვე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ აღარ გავიმეორებთ. კლუბში ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ ვის შეიძენენ საბოლოოდ. თუმცა რიგი სააგენტოები აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი შანსი ნიკოლა ანელკას აქვს. რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს, ლეონარდო აპირებს, რომ მოსკოვის ცსკა-ს დაუკავშირდეს და იაპონელ კეისუკე ჰონდაში 12 მილიონი ევრო შესთავაზოს. 25 წლის იაპონელს მოსკოველები სწორედ ამ თანხად აფასებენ. თუმცა ჰონდას შეძენა მარტო პარიზელებს არ უნდათ, ანალოგიურს ესწრაფვის ტურინის “იუვენტუსიც” და ბუნებრივია, მათ შეუძლიათ ფრანგებს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-მ ფეხბურთელის თავიდან მოშორება მას მერე გადაწყვიტა, რაც მან იაპონურ პრესას განუცხადა, ამ კლუბში გაჩერება ჩემთვის ტანჯვის მეტი არაფერია, სიცოცხლეც კი აღარ მიხარიაო. ბუნებრივია, ასეთმა განცხადებამ ფეხბურთელს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭა. მიუხედავად იმისა, რომ ჰონდა ამტკიცებდა, მსგავსი არაფერი მითქვამსო, მისი არავის სჯერა. რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში ფეხბურთელმა სულ 11 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

დაბოლოს, მივადექით დაცვის ხაზსაც. პორტუგალიური “ა ბოლა” ამტკიცებს, რომ ლისაბონის “ბენფიკას” უკვე დაუკავშირდნენ პარიზული კლუბის წარმომადგენლები და ბრაზილიელი ლუიზაოს სატრანსფერო თანხის დასახელება სთხოვეს. 30 წლის ფეხბურთელი ამჟამად “სელესაოსთან” ერთად კოპა ამერიკაზე თამაშობს და შესაბამისად, მისი ტრანსფერის ამბავი უახლოეს დღეებში ვერ გაირკვევა, მაგრამ სანამ კოპა დამთავრდება იმას მაინც გავიგებთ, სურთ თუ არა ლისაბონელებს ფეხბურთელის გასხვისება. ლუიზაოს “ბენფიკასთან” გაფორმებული კონტრაქტი 2013 წელს ეწურება. “არწივების” შემადგენლობაში შარშან ფეხბურთელმა 36 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული