ვილტორი ფეხბურთს უბრუნდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სილვენ ვილტორი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთში ბრუნდება. ის კარიერას “ნანტში” განაგრძობს. სილვენმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ლიგა 2-ის ბინადართან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბოლო კლუბი, სადაც ვილტორი ასპარეზობდა (2009/10 წლებში) ასევე ქვედა ლიგის ბინადარი “მეცი” იყო, სადაც მან 15 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

“ნანტმა” ვეტერანი ვილტორი დაიმატა, მაგრამ დაცვის ლიდერს გამოეთხოვა. საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის მარჯვენა მცველმა ლოიკ ნეგომ “რომასთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომლის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია. ფეხბურთელმა “ჯალოროსის” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა, თუმცა მარადიულ
ქალაქში მხოლოდ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩავა. კოლუმბიაში ეს ტურნირი 29 ივლისიდან 20 აგვისტომდე ჩატარდება. ნეგოს შარშან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. სულ მის ანგარიშზე 13 მატჩი და 2 გოლი იყო.

“პარი სენ-ჟერმენი” “ლაციოს” დაუკავშირდა და არგენტინელი მაურო სარატეს ტრანსფერზე ჩამოუგდო სიტყვა. როგორც “სპორტიტალია” წერს, რომაელები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუჯდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას, თუ პარიზელები მათ 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ. “ლაციო” 24 წლის არგენტინელის გაყიდვაზე მას მერე დაფიქრდა, რაც გუნდში 29 წლის ჯიბრილ სისე და 33 წლის მიროსლავ კლოზე მივიდნენ. რამდენად ლოგიკურია გადაწყვეტილება, ეს ჩვენი საქმე არ არის და ბუნებრივია, განსჯასაც არ შევუდგებით.

გაგაცნობთ “პარი სენ-ჟერმენთან” დაკავშირებულ კიდევ ერთ სატრანსფერო ამბავს. მას მერე, რაც “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” ადელ ტაარაბტში პარიზელების მიერ შეთავაზებულ 13,5 მილიონი იცოტავა, “წითელ-ლურჯებმა” შეთავაზება 1,5 მილიონით გაზარდეს. ახლა ყველაფერი ლონდონელებზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული