არის მენეზი!

AutoSharing Option
გუშინდელმა “პარიზიენმა” “რომადან” ჟერემი მენეზის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა ამცნო მსოფლიოს. “ჯალოროსი” თავდაპირველად 24 წლის განაპირა თავდამსხმელში 17 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა შემდეგ რომაელები მიხვდნენ, რომ ამ თანხას არავინ გადაიხდიდა და პარიზელთა მიერ შეთავაზებულ 8,5 მილიონს დასჯერდნენ.

მთავარი პრეტენზია, რაც “რომას” ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან ჰქონდა, ეს დაბალი შედეგიანობა იყო. 2008 წლის შემდეგ ფეხბურთელს სერია ა-ში სულ რაღაც 7 გოლი ჰქონდა გატანილი. პლუს, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კლუბის “ულტრასებთანაც”.

მენეზის გადაბირების შემდეგ ალბათ აღარავის გაუკვირდება, თუკი გაცნობებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” საბოლოოდ უთხრა უარი
ლუდოვიკ ჟიულის თუნდაც ერთწლიან კონტრაქტზე. 35 წლის ფეხბურთელი შარშან “ლურჯ-წითლების” ძირითადის წევრი იყო, თუმცა ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა. “ევროსპორტის” ინფორმაციით, ფეხბურთელმა გუშინვე დაიწყო “მონაკოსთან” ერთად ვარჯიში და სავარაუდოდ კარიერასაც იქვე გააგრძელებს.

ლუდოვიკს კარიერის საუკეთესო პერიოდი 1998/04 წლებში სწორედ “მონაკოში” აქვს გატარებული, ვისთან ერთადაც ის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი გავიდა. ამას გარდა ის “ბარსელონაში” (2006 წელს “ბლაუგრანასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო), “ლიონსა” და “რომაშიც” თამაშობდა.

გუშინ “ბრესტმა” თავის ოფიციალურ საიტზე პსჟ-დან 21 წლის მარცხენა მცველის ტრიპი მაკონდას გადაბირების ფაქტი დაადასტურა. მხარეთა შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. შარშან ფეხბურთელი პარიზელთა შემადგენლობაში მხოლოდ ხანდახან თუ ხვდებოდა ხოლმე. სულ კი მის ანგარიშზე 17 შეხვედრა იყო. პრესა წერს, რომ “ბრესტს” ფეხბურთელის შეძენა სულ რაღაც 500 ათასი ევრო დაუჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული