სატრანსფერო აფეთქება პარიზში

AutoSharing Option
“პარიზიენმა” კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჯერ კიდევ პარასკევს დაწერა, “პარი სენ-ჟერმენმა” “რომადან” ჟერემი მენეზის ტრანსფერი სრულყოო, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებდა. ეტყობა, პარიზელები მომენტს ელოდნენ, რათა რამდენიმე ახალწვეულის წარდგენა ერთბაშად მოეწყოთ.

და აი, ეს მომენტიც დადგა. კლუბმა ჟერემი მენეზი, ბლეზ მატუიდი და მილან ბიშევაცი წარადგინა. სამივე ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტები გააფორმა.

ფეხბურთელებმა უკვე მოასწრეს კომენტარის გაკეთება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. აი, რას აცხადებენ ისინი “ეკიპთან” ინტერვიუსას.

“მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ძალიან მაინტერესებს ეს ამბიციური პროექტი და მასში მონაწილეობა. ველოდები, რომ
ჩემი, როგორც ფეხბურთელის, ზრდა სწორედ აქ გაგრძელდება. იმედია, “პარი სენ-ჟერმენის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გავხდები. ჩემი და ჟერემი მენეზის გამოცდილება ნამდვილად საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ გუნდმა თამაში ახალ, აბსოლუტურად განსხვავებულ დონეზე დაიწყოს. კლუბში ყველას სჯერა ჩვენი შესაძლებლობების, სხვა შემთხვევაში ჩვენთან კონტრაქტები არ გაფორმდებოდა. იმის იმედიც მაქვს, რომ ამ კლუბის ფეხბურთელის რანგში უფრო ადვილად მოვახერხებ ნაკრებში დამკვიდრებას და ევრო 2012-ზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გამგზავრებას,“ - განაცხადა ბლეზ მატუიდიმ.

რაც შეეხება მენეზს... დედაქალაქური კლუბის 24 წლის ახალწვეულმა დაადასტურა, რომ მისი არჩევანი ყველაზე მეტად იმ ამბიციურმა გეგმებმა განაპირობა, რაც პსჟ-ს აქვს:

“პარი სენ-ჟერმენი” იმიტომ ავირჩიე, რომ ამ კლუბის ამბიციებმა მომხიბლა და იმ მოტივაციამ, როგორც უდგებიან აქ საქმეს. მქონდა სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ აქაური ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. როცა კი კონტრაქტის პირობები წავიკითხე, წამითაც კი არ დავფიქრებულვარ ისე მივეცი თანხმობა. მადლობა მინდა გადავუხადო ორივე კლუბს, “რომასაც” და “პარი სენ-ჟერმენსაც”, რადგან მათ ტრანსფერის საქმე მაქსიმალურად მოკლე დროში მოაგვარეს.

მესმის, რომ ეს კლუბი ბოლო წლებში საკმაოდ რთულ ვითარებაში იყო, მაგრამ ახლა ხელახალი აღორძინების ფაზა დგება. ჩვენ ნამდვილად მზად უნდა ვიყოთ წამყვან ევროპულ კლუბებთან საბრძოლველად. მე და მატუიდი “პარკ დე პრენსზე” იმიტომ მოვედით, რომ გუნდს დავეხმაროთ მაქსიმალური შედეგების მიღწევაში. “პარი სენ-ჟერმენის” თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი. მახსოვს ის დრო, როცა აქ რონალდინიო თამაშობდა. ამ გუნდში თამაში დიდი პატივია, რადგან ის მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული. ვიცი თუ არა ზუსტად რა პოზიციაზე ვითამაშებ? ჯერჯერობით არა. მართალია ანტუან კომბუარეს ტელეფონით ველაპარაკე, მაგრამ ასეთ დეტალებს არ შევხებივართ. ბუნებრივია, მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებას გუნდის საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღებს”.

ამ ორმა მნიშვნელოვანმა ტრანსფერმა გარკვეულწილად ჩრდილში მოაქცია “ვალანსიენის” სერბი ცენტრალური მცველის მილან ბიშევაცის გადაბირების ამბავი. არადა, კომბუარეს გუნდი ამ პოზიციაზე გაძლიერებას აშკარად საჭიროებდა. გაზეთების ცნობით, პსჟ-ს 27 წლის ფეხბურთელის შეძენა საკმაოდ იაფი, 3,2 მილიონი ევრო დაუჯდა. მილანს საფრანგეთში თამაშის სერიოზული გამოცდილება აქვს. სამშობლოში “ჟელეზნიკსა” და “ცრვენა ზვეზდაში” თამაშის შემდეგ 2006 წელს ის სათამაშოდ ამ ქვეყანაში გადავიდა. 2006/08 წლები მან “ლანსში” გაატარა, 2008-დან კი “ვალანსიენში” ირიცხებოდა.

გარდა მატებისა, “პარი სენ-ჟერმენს” ერთი უმნიშვნელო დანაკარგიც აქვს. მატუიდის ნაცვლად, გარდა კონკრეტული თანხისა, რაც არ სახელდება, დედაქალაქელებმა ჟერემი კლემანის სატრანსფერო უფლებებიც დათმეს. 26 წლის ფეხბურთელი თითქმის 3 წლის განმავლობაში მიიჩნეოდა გუნდის წამყვან მოთამაშედ, თუმცა მოულოდნელად შარშან პოზიციები დათმო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

“კლუბის ისტორიაში ერთი ფეხბურთელის წასვლა და მეორის მოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ნიშნავს, რომ ისტორიის ერთი ფურცელი იხურება და მეორე იხსნება. "სენტ ეტიენის” მაისურით ოთხი წლის განმავლობაში თამაშის შემდეგ ბლეზ მატუიდიმ კარიერის პსჟ-ში გაგრძელება გადაწყვიტა. კლუბს უნდა, რომ მას გულწრფელი მადლობა გადაუხადოს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებები უსურვოს კარიერის განმავლობაში.

დღეს კი მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კლუბმა 3-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა ჟერემი კლემანს, ფეხბურთელს, ვინც ძალზე მოტივირებულია ჩვენთან თამაშის იდეით. მან თითქმის 200-მდე თამაში ჩაატარა ლიგა 1-ში და ჩემპიონატს კარგად იცნობს. ასე რომ, ჩვენ მასზე უკეთესი კანდიდატურა არც გვყავდა,” - ნათქვამია "სენტ ეტიენის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული