დედაქალაქი ახალი გეგმებით

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც “პარი სენ-ჟერმენმა” ერთბაშად სამი ახალწვეული წარადგინა და ამით ამბიციურ სამომავლო გეგმებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, ყველა ელოდა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე მცირე პაუზას მაინც აიღებდნენ.

ასე არ მოხდა. “ფრანს ფუტბოლის” ინფორმაციით, უკვე გუშინ კლუბში ახალ გეგმებზე ალაპარაკდნენ: დედაქალაქელებმა “ტულუზს” ოფიციალური წინადადებით მიმართეს და ცენტრალური ნახევარმცველის, 22 წლის მუსა სისოკოს ტრანსფერის შესახებ ჩამოუგდეს სიტყვა.

წინა სეზონში ლიგა 1-ის გუნდის შემადგენლობაში მან 36 შეხვედრა (32 ძირითადში) გამართა და 5 გოლი გაიტანა. გარდა იმისა, რომ მუსა სტაბილურობით გამოირჩევა, მისით წამყვანი
კლუბები იმიტომაც დაინტერესდნენ, რომ პოზიციიდან გამომდინარე საოცარი აკურატულობით გამოირჩევა. სეზონის განმავლობაში მან თამაშის წესი სულ რაღაც 57-ჯერ დაარღვია. სისოკოს აგენტის თქმით, პსჟ-ს გარდა მისი კლიენტით კიდევ ოთხი კლუბია დაინტერესებული და მათ შორის არაფრანგულებიც.

“პარი სენ-ჟერმენის” სახელს უკავშირებს რუმინული პრესა ბუქარესტის “დინამოს” ახალგაზრდა თავდამსხმელის გაბრიელ ტორხეს მომავალს. რუმინული მასმედია იმასაც ამტკიცებს, რომ ფეხბურთელით საფრანგეთის ჩემპიონი “ლილიც” არის დაინტერესებული. მეტიც, ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ “ძაღლებმა” “დინამოს” უკვე მიმართეს. ისინი მზად არიან თავდამსხმელში 3 მილიონი ევრო გადაიხადონ.

რუმინულ მხარეს ეს თანხა სასაცილოდ არ ეყო. ისინი ფეხბურთელში 10 მილიონს ითხოვენ. ფრანგულმა პრესამ კი გამოჩხრიკა, რომ ტორხეს სამსახურით მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ფიორენტინა” და დორტმუნდის “ბორუსია” ყოფილან დაინტერესებულნი. ასეთ შემთხვევაში ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, “ლილს” ფეხბურთელის ხელში ჩაგდების მიზერული შანსიც არ რჩება. ასეთი მდიდარ და გავლენიან კლუბებს კონკურენციას მხოლოდ პსჟ თუ გაუწევს.

ფრანგული პრესა კარგა ხანია აღარაფერს წერს პსჟ-ს სამხერთამერიკულ ინტერესებზე, მაგრამ ამ თემას არ ეშვება იტალიური “გაძეტა დელო სპორტი”. მიუხედავად იმისა, რომ “სანტოსმა” უკვე მრავალგზის განაცხადა, განსო და ნეიმარი არ იყიდებიანო, აპენინელები ამ საქმეს დახურულად სულაც არ მიიჩნევენ და საქმეში იტალიურის გარდა პსჟ-ც კი გაჰყავთ. მათი ცნობით, პარიზელები მზად არიან, პელეს მშობლიურ კლუბს 21 წლის განსოში 40 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული