მარსელი სეზონს ტიტულით იწყებს!

AutoSharing Option
27 ივლისი. ტანჟერი. "გრანდ სტად დე ტანჟერი".
ლილი-მარსელი 4:5
გოლები: ბალმონი 9 (1:0), აზარი 57 (2:0), ა აიუ 71 (2:1), სოვი 72 (3:1), მორელი 85 (3:3), რემი 87 (3:3), ა. აიუ 90 (3:4) პენ, ბაშა 4:4 (90+2), ა. აიუ 4:5 (90+5)
ლილი: ლანდრო, ბერია, ბაშა, დებიუში, ბალმონი (როდელინი 91), პაიე (ობრანიაკი 67), პედრეტი, შეჯუ, მავუბა, აზარი (გუიე 81), სოვი
მარსელი: მანდანდა, მორელი, დიავარა, ფანი, შეირუ (კაბორე 65), ლ. გონსალესი, ა. დიარა, მბია, ამალფიტანო (ჟ. აიუ 65), რემი, ა. აიუ

დიდიე დეშამის
გუნდი სეზონს სუპერთასის მოგებით იწყებს. წამყვან ლიგებს შორის ეს ტიტული პირველად გერმანიამ გაათამაშა, სადაც “შალკემ” დორტმუნდის “ბორუსია” დაამარცხა. მისგან ესტაფეტა საფრანგეთმა გადაიბარა. ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი “ლილი” ვიცე-ჩემპიონს, სუპერთასისა და ლიგის თასის მოქმედ გამარჯვებულ “ოლიმპიკს” შეერკინა.

ფრანგებმა საკუთარი ფეხბურთის პოპულარიზაციის საკმაოდ ეფექტურ გზას მიაგნეს. მესამე წელია, ისინი სუპერთასის მატჩებს საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მართავენ. 2009 წელს ეს ტიტული მონრეალში “ბორდომ” დაისაკუთრა, შარშან “მარსელმა” პსჟ ტუნისში დაამარცხა, გუშინწინ კი მატჩი მაროკოში, ქალაქ ტანჟერის ახალ, 45-ათასიან არენაზე გაიმართა.

მთავარი, რასაც მატჩის წინ ფრანგი ჟურნალისტები აღნიშნავდნენ იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ლილმა” რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გაყიდა (ჟერვინიო, კაბაიე, ფრო, ემერსონი და რამი), მათ ნაცვლად შეძლო ისეთი ფეხბურთელების გადაბირება, რომლებიც დანაკლისს შეუმჩნეველს გახდიან. წელს “ლილის” დაცვის ლიდერი მარკო ბაშა უნდა გახდეს, ნახევარდაცვას კრეატიულობა უნდა შემატოს ბენუა პედრეტიმ, ხოლო შეტევას დიმიტრი პაიე შესძენს თავის განსაკუთრებულ ხიბლს. რაც მთავარია, “ლილმა” შეძლო და მსოფლიო კლასის ერთადერთი ფეხბურთელი ედენ აზარი შეინარჩუნა. ასე რომ, გულშემატკივრებს აქვთ უფლება ელოდონ, რომ რუდი გარსიას გუნდი შარშანდელივით ძლიერი იქნება.

რაც შეეხება “მარსელს”, პროვანსელებმა ამ ზაფხულს ტაივო და ჰაინცე დაკარგეს, მათ ნაცვლად ველოდრომელებმა მორელი და ნკულუ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში ნახევარდაცვაში იასპარეზებს შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა, ექსლორიანელი მორგან ამალფიტანო, ვინც შარშან თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა საგოლე გადაცემებით. გუნდს ჰყავს ახალი, მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველიც, ლაპარაკია 29 წლის ალუ დიარაზე.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მსვლელობას:

ორივე გუნდმა ძირითადი აქცენტი შეტევაზე გააკეთა და აქედან გამომდინარე მინდორზე შთამბეჭდავი სანახაობა გაიმართა. პირველი მომენტი ლუჩო გონსალესს შეექმნა, მაგრამ მისი მძლავრი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ბენუა შეირუს ფანტასტიკური ბურთი აუღო მიკაელ ლანდრომ. გატანა შეეძლო ალუ დიარასაც, მაგრამ ლანდრო ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა, რაც მატჩის ხასიათში ნამდვილად არ ჯდებოდა. “ძაღლები” შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. ერთადერთი გოლი კი ასე გავიდა: მორელმა უხეშად ითამაშა დებიუშის წინააღმდეგ, რის გამოც ყვითელი ბარათი დაიმსახურა. სტანდარტი აზარმა და პაიემ კარგად გაათამაშეს. ბალმონს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა გოლის გატანისა. ანგარიშის გახსნის შემდეგ “ლილმა” თამაში დიდწილად ჩაკეტა, მეტოქეს ტერიტორიული უპირატესობა დაათმობინა და ისე მოხდა, რომ ბოლო 20 წუთი სახიფათო მომენტები პტაქტიკულად აღარც იქმნებოდა.

მეორე ტაიმი გუნდებმა სასტარტო შემადგენლობებითვე განაგრძეს. პირველი საგოლე სიტუაცია ჩემპიონთა ლიდერმა ედენ აზარმა შექმნა, რომელმაც ეფექტური დრიბლინგით გვერდი აუარა რამდენიმე მეტოქეს, მაგრამ სანამ სტივ მანდანდას მზადყოფნას შეამოწმებდა, იქამდე მისი დარტყმული მცველებმა დაბლოკეს. აზარსა და მის დრიბლინგს “მარსელმა” ერთ წუთში უკვე ვეღარაფერი დაუპირისპირა. ბელგიელმა “ლილის” უპირატესობას შთამბეჭდავი სახე მისცა - 2:0. ამ მომენტში რეჟისორებმა დეშამის სახე ახლოდან აჩვენეს, მას აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა სასოწარკვეთილებას მის სახეზე ვერავინ ამოიკითხავდა.

დიდიემ გამოსავალი მალე მონახა: მინდორზე კაბორე და ჟორდან აიუ შეუშვა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაიწყო ის, რაც ფეხბურთის ისტორიაში თუ ხდება, ხდება ძალზე იშვიათად. 71-ე წუთიდან მოყოლებული “მარსელმა” 19 წუთში (პლუს მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში), 5 გოლი გაიტანა და საპასუხოდ 2 მიიღო. საბოლოოდ ყველაფერი “ოლიმპიკის” სასარგებლოდ დასრულდა. ამ სასწაულს კი საფუძველი ლუჩო გონსალესმა ჩაუყარა, როცა წარმოუდგენლად ეშმაკური პასით ლამის მინდვრის ცენტრიდან ანდრე აიუ მეკარეს პირისპირ შეატოვა. თითქოს “მარსელს” ყველაფერი სათავისოდ უნდა წაეყვანა, მაგრამ ერთ წუთში “ლილმა” სტატუს-კვო აღადგინა. თავი შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა მუსა სოვმა გამოიჩინა. სენეგალელმა მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა.

კიდევ უფრო დაძაბული იყო ბოლო წუთები, როცა გოლები პანტაპუნტით გადიოდა. საბოლოოდ კი ამ გაუგებრობიდან გამარჯვებულის ვინ გამოვიდა, უკვე იცით...
მატჩის შემდეგ:

თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრე აიუ დასახელდა, ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო მოედანზე, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. გარდა ჰეთთრიკისა, მას არ დაზარებია არც შავი სამუშაოს შესრულება. აი, რა განაცხადა მატჩის გმირმა პრესკონფერენციაზე: “კარგია, რომ მოვიგეთ. მერე რა, რომ ეს არ არის ჩემპიონობა? ტიტული ტიტულია, რომლის მოგება ძალიან გვინდოდა. ცუდია, რომ ძალიან ბევრი გუნდური და ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით, თუმცა ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე ყველაფერი გამოვასწორეთ. ჩემპიონატის დაწყებამდე კვირაზე მეტი რჩება, დრო ამ შეცდომებზე სამუშაოდ ჯერ კიდევ გვაქვს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული