პარიზელთა მადა არ ცხრება

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" "რომას" თავდამსხმელის მარკო ბორიელოს შეძენის სურვილი გამოთქვა. როგორც ჩანს, ფრანგები ან იტალიელს შეიძენენ, ან ბულგარელ დიმიტარ ბერბატოვს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ჯალოროსი" თავის ფეხბურთელს 8 მილიონ ევროდ აფასებს. შარშან ეს ფეხბურთელი "რომაში" იჯარით თამაშობდა და დედაქალაქელებმა მისი კონტრაქტი "მილანისგან" მაისში გამოისყიდეს. თუმცა გუნდში ლუის ენრიკეს დანიშვნისა და ბოიან კრკიჩის მოსვლის შემდეგ ეჭვი არავის ეპარება, რომ ესპანელი აქცენტს ახალგაზრდა თანამემამულეზე გააკეთებს. თავად ფეხბურთელი სავარაუდო ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება ბერბატოვის ტრანსფერს, "მანჩესტერმა" დაადასტურა, რომ ოფიციალური წინადადება პარიზელთაგან უკვე
მიიღო, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული არაფერია. აღსანიშნავია, რომ "ალისფერმა ეშმაკებმა" მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი მარსელში გამართეს, სადაც "მანიუს" მეორე შემადგენლობა "მარსელს" გაეჯიბრა და 8:2 წააგო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე დიდი თანხები გაიღო. ხარჯი უკვე 100 მილიონს ასცდა, მათ შორის "ლურჯ-წითლებმა" 43 მილიონი არგენტინელ ხავიერ პასტორეში გადაიხადეს.

აქვე გაცნობებთ, რომ იტალიის ნაკრების მეკარის სალვატორე სირიგუს გადაბირებამდე ლეონარდო იტალიიდან მეორე მეკარის, ბრაზილიელი ჟულიო სერჟიოს შეძენას გეგმავდა. ამის თაობაზე თავად ფეხბურთელი ჰყვება: "დიახ, მართალია, ლეონარდომ კონტრაქტი რამდენჯერმე შემომთავაზა. ის ცდილობდა აეხსნა ჩემთვის პარიზული კლუბის ფილოსოფია და მიზნები, მაგრამ "ლეჩეს" დამრიგებლის ეუსებიო დი ფრანჩესკოსთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომ მათთან გადავიდოდი. სიტყვის გატეხა კი არაფრად მიღირდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან აქ ძალიან თბილად მიმიღეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული