ლიგა ერთი იწყება

AutoSharing Option
დღეს ლიგა 1-ის ახალი სეზონი იწყება. ფრანგულ ფეხბურთში ჩახედული სპეციალისტები და ჟურნალისტები სეზონი მთავარ ფავორიტად, ლამის ერთხმად, "პარი სენ-ჟერმენს" ასახელებენ. მათი ერთსულოვნება გასაგებია, რადგან დედაქალაქელებმა ახალი სეზონისთვის არნახული სატრანსფერო კამპანია აწარმოეს.

ბოლო მონაცემებით საერთო ხარჯმა 80 მილიონ ევროს გადააჭარბა. რომ ვთქვათ, არც ერთ ფრანგულ კლუბს არასდროს ამდენი არ დაუხარჯავს-თქო, ალბათ ახალს არაფერს ვიტყვით. თუკი ფეხბურთის ყურება გუშინ არ დაიწყეთ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ასეთი კომფორტის უფლებას ფრანგული კლუბები თავის თავს ვერ აძლევენ ხოლმე. მაგალითად რომ ავიღოთ, არცთუ ყველაზე ხელმოკლე "ლილის"
სატრანსფერო რეკორდი 2009 წელს "ლე მანისთვის" ჟერვინიოში გადახდილი 6,5 მილიონი ევროა. დაახლოებით ასეთი სხვა ფრანგული კლუბების გაქანებაც.

დიახ, დღეს სეზონი იწყება და წინასწარ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი საფეხბურთო წელიწადი საფრანგეთში. ბოლო 4 წლის ტრადიციას თუ გადავხედავთ, ვერც ერთი გუნდი ჩემპიონობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. ესეც, რა თქმა უნდა, დამატებითი ინტრიგაა. თანაც წლეულს ოქროს მედლის კანდიდატთა რაოდენობა ისეთი ბევრია, როგორც არასდროს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ზოგადად ფეხბურთისა და კონკრეტულად პსჟ-ის დიდი გულშემატკივრის ნიკოლა სარკოზის დახმარების გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა: "ყატარ სპორტს ინვესტმენტმა" "პარი სენ-ჟერმენი" შეიძინა. სპორტულ დირექტორად ბრაზილიელი ლეონარდო დაინიშნა, გარდა ამისა, კლუბმა 8 ფეხბურთელი შეიძინა, მათ შორის ხავიერ პასტორე, ფეხბურთელი, ვის გადაბირებასაც "ბარსელონა" და უფრო მეტად "ჩელსი" ცდილობდნენ. საბოლოოდ 42 მილიონად ის "პარკ დე პრენსზე" აღმოჩნდა.

"ფრანს ფუტბოლმა" პარიზელთა აქტივობას ივლისის რევოლუცია უწოდა - არცთუ უსაფუძვლოდ. "ეკიპმა" კი გამოცემის ცენტრალურ გვერდებზე, რომელიც მთლიანად საფრანგეთის ჩემპიონატის დაწყებას მიეძღვნა, პასტორეს დიდი პლაკატი დაბეჭდა, ზედ კი რიტორიკული შეკითხვა წააწერა: "და ეს ბიჭი ღირს 42 მილიონი?". არგენტინელის გარდა პარიზელებმა 17 მილიონი კევინ გამეიროში, ბლეზ მატუიდიში - 10 და ჟერემი მენეზში - 8,5 გადაიხადეს.

"ჩვენ ვაშენებთ გუნდს მომავლისთვის და სწორედ ამიტომ არ გვინდა შევიძინოთ 10 ლიონელ მესი, არა, ჩვენ სულ სხვა გზით ვაპირებთ სიარულს," - განაცხადა ლეონარდომ სპორტულ დირექტორად ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ. გარდა შენაძენებისა, პარიზელებმა თავი იმითაც გამოიჩინეს, რომ გუნდში დატოვეს მამადუ სახო, ფეხბურთელი, ვისი გადაბირებაც "არსენალს" უნდოდა. სახო ის ფეხბურთელია, რომელსაც პსჟ-ის კაპიტნის სამკლავური 17 წლისას პირველად ანდეს. გავიდა 4 წელიწადი და ახლა ის კლუბის სრულფასოვანი კაპიტანია. პროგრამა მინიმუმი, რომელსაც ხელმძღვანელობა გუნდს უსახავს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. დიდი ალბათობით პსჟ ამას იოლად მოახერხებს.

პარიზელთა ძირითადი კონკურენტები ოქროსთვის ბრძოლაში "მარსელი" და "ლილი" უნდა იყვნენ. პირველი იმიტომ, რომ დიდიე დეშამის გუნდმა თავისი ძალა შარშან ჩემპიონატის გარდა ევროთასებზეც დაამტკიცა. "ლილს" კი მდგომარეობა და მოქმედი ჩემპიონისა და თასის მფლობელის სახელი აიძულებს, იბრძოლოს ტიტულების შესანარჩუნებლად. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შარშან "ძაღლებს" რაღაც წილად გაუმართლათ კიდეც, რადგან გუნდს სათანადოდ არ აფასებდნენ, ბოლომდე არავის სჯეროდა, რომ ისინი ოქროს შესწვდებოდნენ.

წელს კი სიტუაცია განსხვავებული იქნება. ჩემპიონის დამარცხება ყველასთვის პრესტიჟია, შესაბამისად, რუდი გარსიას შეგირდებისთვის წელს ყველა დაპირისპირება ორმაგად რთული იქნება. ამას დაუმატეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამოუცდელ კოლექტივს ტურნირი უზარმაზარ ძალას წაართმევს. ასე რომ, წელს "ლილის" ჩავარდნა არავის უნდა გაუკვირდესო, წერენ ჟურნალისტები.

ჩემპიონატის დაწყებამდე ჩემპიონმა და ლიგის თასის მფლობელმა "მარსელმა" სუპერთასი გაითამაშეს, სადაც თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე პირველები 3:1-ს იგებდნენ, შემდეგ რატომღაც ანერვიულდნენ. შედეგად დარჩენილ დროში 4 ბურთი მიიღეს და 1 გაიტანეს - 5:4 პროვანსელთა სასარგებლოდ. ამ შეხვედრამ მარსელელთა საჩემპიონო ამბიციასა და განწყობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ველოდრომელებმა მშვენივრად იმუშავეს სატრანსფერო ბაზარზე. მართალია არა ისე ხმაურიანად, როგორც პარიზელებმა, მაგრამ მაინც ძალზე ეფექტურად - გადაიბირეს ძალიან ძლიერი საყრდენი ალუ დიარა, იმედის მომცემი უნივერსალი მცველი ნიკოლა ნკულუ, ლორიანელები ჟერემი მორელი და მორგან ამალფიტანო, ხოლო გუნდიდან წასული ლუჩო გონსალესის შემცვლელი "ველოდრომზე" აქამდეც მოიძევებოდა - მატიე ვალბუენა.

სხვა მონაწილეებს რაც შეეხება, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ "ლიონს". ამ გუნდს საჩემპიონო ამბიციები ჯერ კიდევ მოსდევს, მაგრამ მათი რეალიზება წარმოუდგენლად რთული იქნება. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და სწორედ ეს მიზეზია, აქამდე ერთი კვალიფიციური ფეხბურთელიც რომ ვერ გადაიბირეს. მით უფრო, რომ ჟან-მიშელ ოლა ძალიან დიდ რისკზე წავიდა, როცა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდი ბავშვთა აკადემიის ყოფილ მწვრთნელ რემი გარდს ჩააბარა.

ასეთი რისკი გაამართლებს თუ არა არავინ იცის. კარგია, პრეზიდენტმა იმდენი მაინც მოახერხა, რომ 10 მილიონად ალი სისოკოს და 15-ად მიშელ ბასტოსის ტრანსფერებს არ დათანხმდა. ეჭვია, რომ ამ თანხებს კლუბი ახალი ფეხბურთელების შესაძენად ვერ მიმართავდა და პლუს, ამ ორ ლიდერსაც დაკარგავდა. თუკი იოან გურკუფი ბოლოს და ბოლოს ჩვეულ დონეზე ათამაშდება, მაშინ "ლიონს" შეეძლება სამეულში მოხვედრა.
აქვე გთავაზობთ პირველი ტურის განრიგს:

დღეს
23:00 აიაჩო-ტულუზი
23:00 ბრესტი-ევიანი
23:00 კანი-ვალანსიენი
23:00 მარსელი-სოშო
23:00 მონპელიე-ოსერი
23:00 ნანსი-ლილი
23:00 ნიცა-ლიონი
23:00 პსჟ-ლორიანი

ხვალ
19:00 დიჟონი-რენი
23:00 ბორდო-სენტ-ეტიენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ბორდოო! ჩემი საყვარელი ფრანგული გუნდი.
rosoneri_95
14:45 06-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული