ოჰ, ეს დომენეკი

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ, როგორც ჩანს, სამუდამოდ გადააგორა ნაკრების ისტორიის ის ფურცელი, რასაც რაიმონ დომენეკი ჰქვია. სწორედ ამ სპეციალიტს უკავშირდება მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ნაკრებებს შორის ყველაზე დიდი სკანდალი.

გემახსოვრებათ, რომ ჟერემი ტულალანის, ფრანკ რიბერისა და პატრის ევრას მეთაურობით ფეხბურთელები სწორედ ჩემპიონატის მიმდინარეობისას გადაუდგნენ მწვრთნელს. ამან ლოგიკური შედეგი მოიტანა – ~სამფეროვნები" აირივნენ და ჯგუფში ჩარჩნენ. ფედერაციამ ამის შემდეგ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მას ფედერაციასთან კონტრაქტი აკავშირებდა, მოსიე დომენეკს კარისკენ მიუთითა. დაგვეთანხმებით, გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. თუმცა ამ აზრს არ დაეთანხმა თავად
მწვრთნელი და ყოფილ დამსაქმებლებს სასამართლოში უჩივლა. საქმის განხილვა 2012 წლის იანვარში იყო დანიშნული.

საბედნიეროდ, საქმე სასამართლომდე არ მისულა. ფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაემ პირველივე პრესკონფერენიაზე განაცხადა, რომ ის ყოფილ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს თავად ჩაუდგებოდა სათავეში.

და აი ისიც! მოსიე ნოელმა ძალიან მოკლე ხანში დომენეკთან საერთო ენა გამონახა. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ფრანგების ყოფილი დამრიგებელი კომპენსაციად 975 ათას ევროს დათანხმდა. ფორმულირება ასეთია: 575 ათასს მას ფედერაციაში წლების განმავლობაში გაწეული უმწიკვლო სამსახურის გამო გადაუხდიან, 400 ათასს კი ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტისთვის. თავის მხრივ დომენეკიც წავიდა დათმობაზე - მისთვის კუთვნილ 175 ათასი ევროს პრემიაზე უარი თქვა. ~დიახ, დომენეკის საქმე დახურულია, - განაცხადა ნოელ ლე გრაემ. - ეს ძალიან კარგი ცნობაა, რადგან შესაძლო სასამართლო პროცესზე ფიქრი ფედერაციას მძიმე წნეხის ქვეშ აგდებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული