მაკელელეს ახალი როლი

AutoSharing Option
დედაქალაქური კლუბის ფანებმა ლიგა 1-ის პირველ ტურში "ლორიანთან" მხოლოდ იმედგაცრუება ნახეს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა შემადგენლობის გასაძლიერებლად ასტრონომიული თანხები დახარჯა, მან ვერაფრით მოახერხა იმ კლუბის დაცვის გატეხა, რომელმაც სეზონის წინ სამი უმთავრესი ვარსკვლავი - კევინ გამეირო, ჟერომ მორელი და მორგან ამალფიტანო დაკარგა. მათ შორის პირველი ახლა სწორედ მეტოქის ბანაკში თამაშობდა.

აი, რა განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა თამაშის შემდეგ:

"სეზონის ასე ცუდად დაწყება ჩვენთვის დიდი იმედგაცრუება იყო. პირველ ტაიმში ჩვენს თამაშში ნერვიულობა შეინიშნებოდა, განსაკუთრებით ბევრის უფლებას მეტოქეს ჩვენი მცველები აძლევდნენ. ამდენმა შეცდომამ
მათ საკუთარი ძალების რწმენა შემატა. მეორე ტაიმში განსხვავებულად მივუდექით საქმეს, წინ დიდი ძალებით წავედით, თუმცა ბედმა გვიმუხთლა. მაყურებელმა ნამდვილი პსჟ მხოლოდ მაშინ იხილა, როცა უკვე გვიანი იყო. დიახ, სამი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ამიერიდან გპირდებით, რომ თამაშს მხოლოდ და მხოლოდ გავაუმჯობესებთ. დროთა განმავლობაში საკუთარი ძალების რწმენაც განგვიმტკიცდება. მიუხედავად ყველაფრისა, პანიკაში ჩავარდნა არაფერს გვარგებს. ამიერიდან მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ, რათა ერთიან გუნდად გადავიქცეთ. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ უნდა ვცადოთ".

მატჩის შემდეგ თავისი მოსაზრებები დააფიქსირა "ლორიანის" თავკაცმა კრისტიან გურკუფმაც. მან ხელიდან არ გაუშვა შანსი, "ეკბინა" მეტოქისთვის, თავისი ფეხბურთელები კი ქებით ცაში აეყვანა. აქვე გთავაზობთ მის განცხადებასაც:

"ადამიანებს რატომღაც სჯერათ, რომ კარგი გუნდის გაკეთება იოლად შეიძლება, თუკი აიღებ და ერთად მოუყრი თავს ყველა ვარსკვლავს. მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ამისთვის დროა საჭირო. ჩვენ "ლორიანში" ყველამ დიდი ხანია გავისიგრძეგანეთ, რომ ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ იბადებიან, როცა ყველა გუნდზე მუშაობს. მეტოქეს პრობლემები სწორედ რომ კომპაქტური თამაშითა და გუნდურობით შევუქმენით. სწორად შერჩეული ტაქტიკის წყალობით კი დაკარგულ ბურთს მალევე ვიბრუნებდით".

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა კაპიტანმა კლოდ მაკელელემ ფეხბურთელის კარიერა სულ რაღაც 2 თვეა რაც დაასრულა. თუმცა ვეტერანს ფეხბურთს მიღმა დიდხანს გულმა არ მოუთმინა და დღე-დღეზე პსჟ-ში უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, ის ამიერიდან პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებს.

მაკელელეს კანდიდატურა მოიწონა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ. ერთადერთი, რაც 38 წლის კლოდს ამ თანამდებობისგან აშორებს, ეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნასერ-ალ კელაიფის თანხმობაა. დანიშვნა უშუალოდ მისი ხელმოწერის გარეშე არ მოხერხდება. თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ამ იდეის წინააღმდეგ არ წავა. აღსანიშნავია, რომ ორიოდე კვირის წინ "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლოდს კლუბის სელექციონერთა ჯგუფის ხელმძღვანელობა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. მაკელელეს აღარ უნდა სამშობლოდან შორს ცხოვრება.

სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა ლუდოვიკ ჟიულიც, მაგრამ ის ზოგადად ფეხბურთიდან კი არა, კლუბიდან წავიდა და როგორც გუშინ "პარიზიენმა" გაარკვია, კარიერას ის "მონაკოში" გააგრძელებს, კლუბში, სადაც 1998/2004 წლებში გამოდიოდა. ვეტერანმა მეორელიგელებთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც მშობლიური კლუბი მას ადმინისტრაციულ თანამდებობას შესთავაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული