* * *
რაფაელის საფეხბურთო კარიერა შვიდი წლის ასაკში ქალაქ ლილის ნაკლებად ცნობილ კლუბ "ეიემში" დაიწყო. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ ის ჩრდილოური დერბის ორი მოსისხლე მტრის - "ლანსისა" და "ლილის" ინტერესის საგანი გახდა. ვარანმა "ლანსი" აირჩია და არ შემცდარა, რადგან
ვარანის პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ "ლანსის" პირველი გუნდის წევრებს. მას პირველი პროფესიული კონტრაქტი შესთავაზეს და სარეზერვო გუნდში მოუნახეს ადგილი, რომელიც საფრანგეთის სამოყვარულო ჩემპიონატში თამაშობდა.
იქ გატარებული ცხრა ტურის შემდეგ, 2010 წლის ოქტომბერში ჟან-გი ვაიომმა ახალგაზრდა ფეხბურთელი პირველ გუნდში მიიწვია. ძირითადი ცენტრალური ნახევარმცველის ალედინ იაიას ტრავმის გამო მან პირველად ითამაშა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში - საწყისი წუთებიდან შეება "მონპელიეს" (2:0). დებიუტი წამატებული გამოდგა - ასე შეაფასეს ვარანის თამაში მწვრთნელმა და პარტნიორებმა.
მომდევნო ორ შეხვედრაში რაფაელი თადარიგში დარჩა ("მარსელისა" და "ლიონის" წინააღმდეგ ვაიომმა არ გარისკა ნორჩი ფეხბურთელის მოედანზე გაშვება), სამაგიეროდ, 30 ნოემბერს გამოჩნდა მინდორზე "ბრესტის" წინააღმდეგ (ისევ ძირითადში). მართალია, "ლანსმა" 1:4 წააგო, მაგრამ ამაში ვარანის წვლილი ყველაზე ნაკლები იყო. და როცა იაიამ ლაზარეთი დატოვა, რაფაელს არ დაუკარგავს ძირითადში ადგილი - ის უბრალოდ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაიყვანეს ("ბორდოს" წინააღმდეგ - 2:2).
მას შემდეგ, მთავარი მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად (ვაიომის ნაცვლად მივიდა ბელენი), ვარანი ძირითადის სტაბილური მოთამაშე გახდა - ხან დაცვის ცენტრში მოქმედებდა, ხან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.
* * *
თავდაპირველად, "ლანსში" ვარანს თავის საყვარელ პოზიციაზე - მარჯვენა ცენტრალურ მცველად ათამაშებდნენ. გუნდის განვლილ მატჩებსა და ფეხბურთელის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე კარგად მისი გამოყენება სწორედ დაცვაში შეიძლება.
17 წლის ასაკში რაფაელმა 190 სანტიმეტრს მიაღწია, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით მას კიდევ შეუძლია მომატება - კუნთები ბოლომდე განვითარებული არ აქვს. ორთაბრძოლებში, ძირითადად, თავისი სიმაღლის ხარჯზე იმარჯვებს, მაგრამ უფრო გამოცდილ და ასევე გაბარიტიან მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა ჯერ უჭირს.
ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში - ჩაწოდებების უმრავლეობას იოლად იგერიებს. სასარგებლოა სტანდარტული სიტუაციების დროს, მაგრამ თავის კართან ყოველთვის უშეცდომო არ არის - თავდამსხმელს შეუძლია დაუსხლტეს და პირველი აღმოჩნდეს ბურთთან. ხელებით მუშაობა აქვს დასახვეწი - როდის მოქაჩოს მაისურზე, როდის ჩადგას კორპუსი...
ერთი ერთზე მოქმედებისას გაცილებით საიმედოა. ოპონენტს, რომელიც ზურგით დგას მეტოქის კართან, ხისტად ხვდება, შემობრუნების საშუალებას არ აძლევს. თუ მეტოქემ მაინც შეინარჩუნა ბურთი, რაფაელი არა კორპუსით, არამედ ფეხებით მოქმედებს.
შეიმჩნევა, რომ იუნიორთა გუნდებში მას კარგად შეასწავლეს დაზღვევა - ეხმარება განაპირა მცველებსა და ცენტრში პარტნიორს. შეუძლია სიტუაციის სწრაფად შეფასება და უნარიანი გადაადგილება.
განსაკუთრებული სასტარტო სიჩქარე არ გააჩნია, ამიტომაც ისეთ სიტუაციაში, როცა მეტოქეს მოძრაობაში აწვდიან ბურთს, ვარანი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ასწრებს კორპუსის ჩადგმას და ყოველი შემთხვევისთვის, "მცირე ჯარიმის" ტაქტიკასაც იყენებს - მთავარია, მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალება არ მისცეს. ამასთან, დისტანციური სისწრაფე კარგი აქვს, პირველ რიგში, გრძელი ნაბიჯის წყალობით.
ერთგვარი შიში შეიმჩნევა ხელოვნური თამაშგარეს შექმნისას, ხშირად არ რისკავს ოპონენტების უკან დატოვებას. თანამედროვე ფეხბურთში დაცვის ამგვარი მექანიზნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს სერიოზული ნაკლია. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას საჭირო სითამამე დროთა განმავლობაში მოვა. არ ღირს მოვთხოვოთ 18 წლის ფეხბურთელს ამ რთული ტექნიკურ-ტაქტიკური მანევრის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
წინ თითქმის არ მიდის. ცდილობს არ შეასრულეს დიაგონალური გადაცემები ან პასები ცენტრში. ამიტომაც, როგორც წესი, არაფერი იგონებს და უბრალოდ ახლო მყოფ პარტნიორს აწვდის პასს.
ბელენის ხელში უფრო ხშირად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ამასთან, მის გვერდით ყოველთვის იყო ამავე ამპლუის კიდევ ერთი ფეხბურთელი. მოქმედებს მარჯვენა ფლანგთან ახლოს, მეტოქის ნახევარზე თითქმის არ გადადის და ძირითადად მეტოქის შეტევების ჩაშლით არის დაკავებული.
თუმცა არც კონსტრუქციულ მოქმედებაზე ამბობს უარი. საკუთარ თავს სთავაზობს, ბურთის არ ეშინია... მუდმივად ჩადის მეტოქის საჯარიმოში სტანდარტული მდგომარეობის დროს.
საერთო ჯამში, ვარანი გასულ სეზონში ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ მას ბევრი გრანდის სკაუტმა მიაქცია ყურადღება და დღეს უკვე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია.
დოსიე
რაფაელ ვარანი
დაბადების თარიღი: 1993 წლის 25 აპრილი
დაბადების ადგილი: ლილი, საფრანგეთი
სიმაღლე: 191 სმ
წონა: 85 კგ
პოზიცია: ცენტრალური მცველი, საყრდენი ნახევარმცველი
კლუბი: რეალი
ნომერი: 19
კარიერა
კლუბები
2000–02 - ეიემი
2002–11 - ლანსი (23 მატჩი, 2 გოლი)
ნაკრები
2010 - საფრანგეთი U18 - 2 (1 გოლი)
2011 - საფრანგეთი U21 - 3 (0)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"