”პარი სენ-ჟერმენი”: ულტიმატუმი კომბუარეს

AutoSharing Option
“ეკიპის” მტკიცებით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა ლიგა 1-ში გუნდის უღიმღამო სტარტით შეშფოთებულია და იმის მიუხედავად, რომ ანტუან კომბუარემ თანამშრომლობა ორი თვის წინ გაახანგრძლივა, თუკი 47 წლის მწვრთნელი უახლოეს ორ ტურში ექვს ქულას ვერ აიღებს, მას თანამდებობიდან დაუფიქრებლად გაათავისუფლებენო.

დედაქალაქელებს მე-3 ტურში, 21 აგვისტოს “ვალანსიენთან” დაპირისპირება ელით, ხოლო მე-4-ში, 28 აგვისტოს “ტულუზთან” გასვლა.

გუშინაც გაუწყებდით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომბუარეს წასვლა მოუწევს, ლეონარდო “პარი სენ-ჟერმენში” კარლო ანჩელოტის მოყვანას აპირებს. კლუბის ყატარელმა მესაკუთრეებმა სპორტული დირექტორის იდეას მხარი დაუჭირეს. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელ ჩინოვნიკს
მწვანე შუქი აუნთეს. თავის მხრივ იტალიური წყაროები ამტკიცებენ, რომ ანჩელოტი მისი სამსახურით ფრანგების დაინტერესებას ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა, ამ თემაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხს კი თავი აარიდაო.

ფრანგმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ლეონარდოს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება გაიხსენეს, სადაც ბრაზილიელი სატრანსფერო კამპანიის დასრულებაზე ლაპარაკობდა. შესაბამისად მათ არ იციან დაუჯერონ თუ არა ერთი მხრივ ინგლისელებს, მეორე მხრივ კი - ესპანელებს, რომლებიც ისევ წერენ “პარი სენ-ჟერმენის” სატრანსფერო გეგმებზე.

პირველები ამტკიცებენ, ლეონარდოს “არსენალიდან” ნიკლას ბენდტნერის შეძენა სურს და მზადაა 11 მილიონი ფუნტი გაიღოსო. მეორენი ირწმუნებიან, რაულმა ინგლისურ და ესპანურ კლუბებზე უარი პარიზელთა ხათრით თქვაო. მართალია “ხუმარების” ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ესპანელ ლეგენდას არ უშვებს, მაგრამ ამ სიტყვებს რატომღაც ყურადღებას არავის აქცევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული