მარსელი ნიანგის ცრემლებით ტირის

AutoSharing Option

ეს უკვე აღარ არის სახუმარო ამბავი - საფრანგეთის ჩემპიონს ორი ტურის შემდეგ ქულა არა აქვს, ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული და ცხრილის ფსკერზეა. დიდიე დეშამის "მარსელმა" ჯერ ახლადგადმოსულ "კაენთან" წააგო, რაც ყველამ შემთხვევითობას მიაწერა, ახლა კი სტუმრად "ვალანსიენთან" 2:3 დამარცხდა, თანაც ბოლო წუთებამდე 0:3-ს აგებდა...

უფრო მეტიც, "ვალანსიენთან" მატჩი უკანასკნელი იყო "მარსელის" კაპიტნისა და ლიდერისთვის - დღეიდან, მამადუ ნიანგი თურქული "ფენერბაჰჩეს" წევრია. სენეგალელმა ფორვარდმა, რომელიც შარშანდელი სეზონის ბომბარდირია სტამბოლურ კლუბთან 4-წლიანი შეთანხმება გააფორმა. "მარსელში" კი ზუსტად 100 გოლი გაიტანა (227

თამაშში). მოკლედ, მამადუ დამსახურებულ პენსიაზე გავიდა და კარიერის ბოლო ოთხ სეზონს თურქეთში გაატარებს. 30 წლის ფეხბურთელი 2005 წელს გადავიდა "მარსელში" "სტრასბურიდან", მაშინ ის 7 მილიონ ევროდ იყიდეს, შაბათს კი 8 მილიონად გაყიდეს. მოკლედ, ხუთი სეზონის განმავლობაში ნიანგი გუნდის სული და გული იყო, კარიერის საუკეთესო წლები მარსელში გაატარა და კლუბმა ის სარფიანად გაყიდა. იხეირა ფორვარდმაც, რომელსაც "ფენერბაჰჩე" თვეში 480 ათას ევროს გადაუხდის.

"კარგი იქნებოდა, რომ დღეს მოგვეგო და ისე დავმშვიდობებოდი კლუბს. "მარსელში" ხუთი ფანტასტიკური სეზონი გავატარე. გული მიკვდება, რომ აქაურობას ვტოვებ, მარსელელი ვიქნები სიკვდილამდე. ახლა ჩვენი გზები იყრება, ჩემი კარიერა თურქეთში გაგრძელდება. "ოლიმპიკის" ფანებს კი ვთხოვ, ამ ბიჭებს მხარი დაუჭირონ", - განაცხადა აცრემლებულმა ნიანგმა.

"ვალანსიენისა" და "მარსელის" მატჩში ყველაფერი საინტერესო მე-2 ტაიმში მოხვდა, როცა ფილიპ მონტანიეს გუნდი გარდაისახა და შეუტია ჩემპიონს. უკვე 48-ე წუთზე გაელ დანიჩმა დავიდ დუკურტიუს პასით გაიტანა. შემდეგ გრეგორი პუჟოლმა აჯობა გაბრიელ ჰაინცეს და ანგარიში ორამდე გაზარდა. 57-ე წუთზე მოედანი დატოვა ნიანგმა, რომლის ნაცვლადაც ახალგაზრდა ჯორდან აეუ შემოვიდა. სულ მალე ანგარიში გამანადგურებელი გახდა, ახლა ესპანელ სესარ ასპილიკუეტას უყუადღებობის წყალობით გაეტან ბონგმა გადააწოდა პუჟოლს, რომელმაც დუბლი შეასრულა.

"მარსელი" ბოლო წუთებში გამოფხიზლდა და კინაღამ იხსნა ქულა. ლუჩო გონსალესის პასით საჯარიმოში ჯორდან აეუ შეიჭრა, რომელიც მოცელეს. პენალტი ნიგერიელმა მცველმა ტაიე ტაივომ გაიტანა. ზუსტად სამ წუთში ანდრე აეუმ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო და რიკოშეტით გაიტანა ნიკოლა პენეტოს კარში. ცოტაოდენი დრო კიდევ რჩებოდა, მაგრამ სტუმრებმა ვეღარ შეძლეს თამაშის გადარჩენა - 2:3.
დიდიე დეშამი (მარსელი): "ძალიან ბევრი რამ ხდება ნეგატიური გუნდში, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. მართალია, ფეხბურთელთა უმეტესობას კვლავ სურს "მარსელმა" გააგრძელოს მოგებები, მაგრამ მათი თამაშის დონე დაეცა. ბოლო დროს მომხდარმა ამბებმაც იქონია გავლენა ჩვენს თამაშზე. როდის მოვა ეს 31 აგვისტო, რომ დაწყნარდეს ბევრი, წამსვლელი ან წავიდეს ან დარჩეს. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებდე, უბრალოდ მირჩევნია გაცილებით პოზიტიურ გარემოში ვიმუშავო".

ტური ნაკლული გამოდგა, რადგან "მონაკო"-"მონპელიე" გადაიდო. ამის მიზეზი კოკისპირული წვიმაა, "ლუი II" სათამაშოდ გამოსადეგარი აღმოჩნდა.

ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა "რენს", რომელიც ჯერ სტუმრად ერთ-ერთ ფავორიტ "ლილს" დაუზავდა და ახლა ულაპარაკოდ აჯობა "ნანსის", რომელიც პირველ ტაიმში ათი კაცის ამარა დარჩა - 3:0. საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად ითამაშეს ხელოვნურ საფარზე. ნანსიში ცივი და ქარიანი ამინდები იცის, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს ხელოვნური საფარის დაგების უფლება მისცა. "ნანსიმ" ცუდად დასცადა სინთეტიკა - მე-13 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული ვიქტორ-უგო მონტანიო ალფრედ ნდიაემ ხელით დაიჭირა, რისთვისაც სამართლიანად გააძევეს. ხუთ წუთში კი ტრავმა მიიღო ფაბიან ლემოანმა. "ნანსიმ" პირველ ტურში სარეზერვო გოლკიპერით ითამაშა და სწორედ დამიენ გრეგორინის წყალობით შეძლო სამი ქულის შენარჩუნება, როცა გრეგორინიმ ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია. ამის მიუხედავად კარში კაპიტანი ჯენარო ბრასილიანო ჩადგა, რომელმაც სამი გოლი გაუშვა.

პირველ ტაიმში სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობისგან ხეირი ვერ ნახეს, მეორეში კი თავიდანვე დაწინაურდნენ: მონტანიომ კედელი ჟერომ ლეროასთან გაითამაშა, ნდიაე მოედანზე აღარ იყო, რომ ხელით დაეჭირა და 26 წლის კოლუმბიელმა ფორვარდმაც ანგარიში გახსნა. ათ წუთში "რენი" ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა, კოლუმბიელმა ახლა ასისტენტობა იტვირთა, გოლი კი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა იასინ ბრაჰიმიმ გაიტანა. თამაშის მიწურულს კონტრშეტევაზე გვინეელმა ისმაელ ბანგურამ იხეირა, რომელიც ბევრს კიევის "დინამოში" გამოსვლიდან ემახსოვრება.

უხვგოლიანი გამოდგა "სენტ ეტიენისა" და "სოშოს" მატჩი, მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. "ლე ვერტსი" 3:0-იც კი დაწინაურდა, თუმცა შემდეგ კინაღამ გაათანაბრებინა მეტოქეს - მოკლედ, აქაც "ვალანსიენი"-"მარსელის" სცენარი გათამაშდა. ამ თამაშში 10 წუთის განმავლობაში (57-ე წუთიდან 67-ის ჩათვლით) 4 გოლი გავიდა! მატჩის გმირი "სენტ ეტიენის" კაპიტანი ლოიკ პერენი გახდა, რომელმაც "სოშოს" კარში დუბლი შეასრულა.

ხელოვნური საფარით შეხვდა ახალ სეზონს "ლორიანიც" (იქაც, როგორც ნანსიში, სუსხიანი ამინდები იცის), რომელიც იან ჟოფრეს გოლით დაწინაურდა. "ნიცამ" ისმაელ გასეს წყალობით გაათანაბრა გამარჯვების გოლი კი 69-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ლოიკ რემიმ გაიტანა - 2:1 "ნიცას" სასარგებლოდ. სავარაუდოდ, ეს რემის ბოლო მატჩია "ნიცას" რიგებში, "ლაჟვარდოვანი სანაპიროს" მკვიდრს "ტოტენჰემ ჰოთსპური" ელის, 23 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ინგლისელებს 13 მილიონი ევრო აქვთ გადანახული.

ტურის საუკეთესო გოლი უდავოდ ბრეტონის მხარეში გავიდა, სადაც "ბრესტი" "ოსერს" მასპინძლობდა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა ბენუა პედრეტიმ მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კუთხური ჩაახვია მასპინძელთა კარში და "ოსერს" ქულა გადაურჩინა - 1:1. მანამდე საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა ნიკოლა რუმ მასპინძლები დააწინაურა...

საფრანგეთის ჩრდილოეთიდან უკიდურეს სამხრეთში, ჰოლანდიელი მხატვარის ვინსენტ ვან გოგის საყვარელ ქალაქ არლში  ჩავიდა "ლანსი" და ახალგაზრდა დავიდ პოლეს გოლის წყალობით შინ 3 ქულიYთ ხელდამშვენებული დაბრუნდა.   

 მომდევნო ტური

21 აგვისტო: ლანსი-მონაკო, ლიონი-ბრესტი, მარსელი-ლორიანი, ნიცა-ნანსი, რენი-სენტ ეტიენი, ტულუზი-არლი, ოსერი-ვალანსიენი.
22 აგვისტო: მონპელიე-კაენი, სოშო-ლილი, პსჟ-ბორდო.

ფოტო: მამადუ ნიანგი კაპიტნის სამკლავურს ტაიე ტაივოს უტოვებს

სრული სტატისტიკით იხილეთ "ლელოში"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული