რა საჭიროა ჟინიაკი, როცა ბრაატენია
როგორც იქნა, ჩემპიონმაც მოიგო! სანამ მარსელის "ოლიმპიკის" შეტევის ხაზში პერტურბაციაა, თამაში თავის თავზე გამოცდილმა მცველებმა აიღეს და დიდიე დეშამს სეზონის პირველი 3 ქულა მათ მოუტანეს - გადაჭედილ "ველოდრომზე" "მარსელმა" გაბრიელ ჰაინცესა და ტაიე ტაივოს გოლების წყალობით 2:0 მოუგო "ლორიანს".
გაბრიელ ჰაინცემ მუნდიალზეც იკისრა ლოკომოტივის ფუნქცია, როცა არგენტინის ნაკრების პირველი გოლი გაიტანა ნიგერიის ნაკრების კარში (სხვათა შორის, იმ მატჩში ჰაინცე და ტაივო სხვადასხვა ბანაკში იყვნენ) და ახლაც პირველ გამარჯვებას საძირკველი 32 წლის "ელ გრინგომ" ჩაუყარა, როგორც აფრიკაში,
ჰაინცეს გოლის შემდეგ თავისი გამოჩენა ბრაზილიელ ბრანდაოს შეეძლო, რომელიც ძალიან ახლოს იყო მიზანთან. ყურებჩამოყრილი არც კრისტიან გურკუფის გუნდი ყოფილა, "ლორიანი" სახიფათოდ უტევდა დროდადრო, რაც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდის კევინ გამეიროს დამსახურებაა. 22 წლის გამეირო ყველაზე აქტიური იყო "ლორიანის" რიგებში. ტაიმის ბოლომდე გამეიროს ჯერ თავად შეეძლო გატანა, შემდეგ მისი პასით - ფაბიენ რობენს, თუმცა მეორე ეპიზოდში სტივ მანდანდამ სასწაული ჩაიდინა, როგორ მოასწრო ფეხით რეაქცია, ალბათ, თავადაც არ უწყის.
მეორე ტაიმში გამეიროს საპასუხო გოლის გატანა აშკარად მართებდა, ერთ ეპიზოდში ის "მარსელის" მცველებს გაეპარა, მაგრამ მაინცდამაინც მანდანდას დაუმიზნა...
"მარსელს" გაუჭირდა და მხსნელად ისევ მცველი მოევლინა, ამჯერად ნიგერიელი ტაივო. 71-ე წუთზე აფრიკელმა თავისი საფირმო ყუმბარისებული დარტყმით (უკვე მეორედ ამ სეზონში და, ვინ მოთვლით, მერამდენედ კარიერაში) "ველოდრომი" შვებით ამოასუნთქა - 2:0.
სტივ მანდანდა (მარსელი): "ეს ჩემი პირველი მატჩი იყო "მარსელის" კაპიტნის სამკლავურით და ძალიან მიხარია, რომ თამაში მოვიგეთ. როგორც იქნა, გავიმარჯვეთ, ახლა გუნდი უკვე სულ სხვა განწყობით განაგრძობს თამაშს ჩემპიონატში".
ორი დღის წინ ვწერდით, რომ "მარსელმა" ორი კარგი ფორვარდი დაიბევა ლოიკ რემი "ნიცადან" და პიერ-ანდრე ჟინიაკი "ტულუზიდან". მოედანზე არც ერთი ვიხილეთ და არც მეორე, ჟინიაკის შემთხვევაში სატრანსფერო ფორმალობები არ მოესწრო, რემის ხელმოწერა კი ჯერ არ დასმულა ქაღალდზე - სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდს პრობლემები აქვს გულზე, ახლა მის მდგომარეობას უფრო დაწვრილებით შეისწავლიან.
პირველი გამარჯვება ჩაიწერა ჩემპიონობის პრეტენდენტმა "ლიონმაც". ფავორიტს საკმაოდ გაუჭირდა "სტად დე ჟერლანზე" ლიგა 2-დან აღზევებული "ბრესტის" დამარცხება. მატჩის ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე Kჟან IOI მაკუნმა გაიტანა - 1:0. კლოდ პუელის გუნდი წინა ტურში მოულოდნელად დამარცხდა "კაენთან" დაპირისპირებაში, ბრეტონელმა სტუმრებმაც გამოაჩინეს, რომ "ლიონს" ჯერჯერობით ბევრი პრობლემა აქვს. პირველ ტაიმში გოლის გატანა მირალემ პიანიჩსა და ბაფეტიმბი გომისს შეეძლოთ, მაგრამ მათ დარტყმულებს "ბრესტის" გოლკიპერი სტივ ელანა გაუმკლავდა, აი, კამერუნულ მაკუნის გასროლას კი - ვერა.
სესარ დალგადოს შორეული ჩაწოდება გადაცდა გომისსაც და ჯიმი ბრიანსაც, თუმცა მაკუნმა იყოჩაღა, გაცდა აჰმედ კანტარის და გაიტანა. მეორე ტაიმში "ბრესტმაც" გამოაჩინა "ბრჭყალები" - მე-6 წუთზე უგო ლორისი უკვე უძლური, რომ არა მასპინძელთა კარის ძელი - ურტყამდა რომენ პოიე... ამის შემდეგ "ლიონის" კართან სტუმართა შეტევები გახშირდა. პოიე და ლარსონ ტურე აქტიურობდნენ, თუმცა საბოლოოდ ბრეტონელთა ლიდერების აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია.
პირველობას სათავეში "ტულუზი" მოექცა და არაფრით თმობს პოზიციებს, პიერ-ანდრე ჟინიაკის წასვლის მიუხედავად, გუნდს 3 თამაშიდან 3 მოგება აქვს 6-2 ბურთების შეფარდებით. შაბათს "ტულუზმა" ლიგა 1-ის დებიუტანტი "არლი" დაამარცხა - 2:1. ჟინიაკობა გუნდში ნორვეგიელმა ფორვარდმა დანიელ ბრაატენმა იტვირთა, რომელმაც ჩემპიონატში მე-3 გოლი გაიტანა. სტუმართა რიგებში დებიუტი ჰქონდა ორ ბერძენს, ანგელოს ბასინასსა და ანგელოს ხარისტეასს, თუმცა მათ დებიუტს წარმატებულს ვერ დავარქმევთ. "არლში" დებიუტი კიდევ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა - კამელ მერიემს, ერთ დროს "ახალ ზიდანად" მონათლულს. მერიემი უგუნდოდ იყო, როცა ზამთარში "არისის" მწვრთნელმა ექტორ კუპერმა აიყვანა, მაგრამ სეზონის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა 30 წლის მერიემს კონტრაქტი გაუწყვიტა და თავისუფალ აგენტად გაუშვა.
ჟინიაკი პარასკევს გადავიდა "მარსელში", კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ცოტა სარისკო გადაწყვეტილებაა, რადგან მის შემცვლელად დასახული ქსავიერ პენტეკო მუხლის ტრავმის გამო 6 თვეს გამოტოვებს. ალან კაზანოვამ მახვილგონივრული გამოსავალი მოძებნა სიტუაციიდან, მან ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ბრაატენი დააწინაურა, ნორვეგიელმა ვიკინგმაც გაუმართლა იმედები მწვრთნელს. პირველ ტაიმში, "ტულუზის" უპირატესობის მიუხედავად, სტუმართა კართან ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა და ისიც გამოიყენა ბრაატენმა - 36-ე წუთზე მან საჯარიმოში ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.
62-ე წუთზე "ტულუზი" ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა, ბრაატენმა ამჯერად ასისტენტობა იკისრა, გოლი კი ეტიენ დიდომ გაიტანა. ორიოდ წუთში სტუმრებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, მერიემის ჩაწოდებულ საჯარიმოს თავით ფრანკ ჯა ჯეჯე შეწვდა - 2:1. "არლმა" გასათანაბრებლად შეუტია, ყველაზე მეტად შეცვლაზე შესულ კამელ ღილასი აქტიუტობდა, რომელიც "ჰალ სიტიდან" იჯარის წესით თამაშობს, მაგრამ მის აქტიურობას მეკარე მატიო ვალვერდესა და მცველ მაურო სეტოს დამაჯერებელი თამაშის გამო შედეგი არ მოჰყოლია, "არლ-ავინიონი" ცხრილის ფსკერზეა უქულოდ.
"ოსერს" პოლონელმა ფორვარდმა ირენეუშ იელენმა ქულა გადაურჩინა, მასპინძლები გაელ დანიჩის გოლის წყალობით იგებდნენ - 1:1. "რენი" კვლავ დაუმარცხებელია, თუმცა ამ ტურში გუნდი შინ დაუზავდა "სენტ ეტიენს" 0:0, რაც ნამდვილად არ არის კარგი შედეგი. შეტევაში ასამოა გიანისა და ვიქტორ-უგო მონტანიოს დუეტმა ვერაფერი გააკეთა. "ლე ვერტის" რიგებში პირველად ითამაშა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ამერიკელმა მცველმა კარლოს ბოკანეგრამ.
მომდევნო ტური
28 აგვისტო: არლი-რენი, ლორიანი-ლიონი, ნანსი-ტულუზი, სენტ ეტიენი-ლანსი, ვალანსიენი-მონპელიე, კაენი-ბრესტი.
29 აგვისტო: ლილი-ნიცა, მონაკო-ოსერი, სოშო-პსჟ, ბორდო-მარსელი.
ტულუზი-არლი 2:1
გოლები: 1:0 ბრაატენი (36), 2:0 დიდო (62), 2:1 ჯა ჯეჯე (64)
რენი-სენტ ეტიენი 0:0
ნიცა-ნანსი 1:1
გოლები: 1:0 ფაე (26), 1:1 ალო ეფულუ (85)
ლანსი-მონაკო 2:2
გოლები: 0:1 ნიკულაე (19), 0:2 ობემიანგი (69), 1:2 ადრიანო (73 ს.კ.), 2:2 რუდე (83)
მარსელი-ლორიანი 2:0
გოლები: 1:0 ჰაინცე (6), 2:0 ტაივო (72)
ლიონი-ბრესტი 1:0
გოლი: 1:0 მაკუნი (19)
ოსერი-ვალანსიენი 1:1
გოლები: 0:1 დანიჩი (66), 1:1 იელენი
საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სრული მიმოხილვა და სრული სტატისტიკა იხილეთ ორშაბათის "ლელოში".