ლიგა 1. გურკუფს ბორდოული ობსტრუქცია არ აშინებს

AutoSharing Option

ლორიანი-კაენი 21:00
მონაკო-ტულუზი 21:00
ნანსი-ბრესტი 21:00
სოშო-ნიცა 21:00
სენტ-ეტიენი-მონპელიე 21:00
ვალანსიენი-ლანსი 21:00
არლი-მარსელი 23:00
ხვალ
ლილი-ოსერი 19:00
პსჟ-რენი 19:00
ბორდო-ლიონი 23:00

რამდენიმე წლის წინათ, ან თუნდაც შარშან, ვინმეს რომ ეთქვა, გაისად შუაგულ სექტემბერში "ლიონი" საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-16 ადგილზე იქნება, ხოლო "ბორდო" - გასავარდნ ზონაშიო, პასუხად ირონიული ღიმილის მეტს ვერაფერს ეღირსებოდა. არადა დღეს მართლაც ასეთი სიტუაციაა.

სიმართლე ითქვას და, "ბორდოს" ჩავარდნა არცთუ მოულოდნელობაა – ზაფხულში ეს კლუბი მთავარმა მეგოლემ მარუან შამახმა დატოვა, ვისაც გოლები ახლა უკვე ლონდონის "არსენალისთვის" გააქვს, სატრანსფერო
სეზონის მიწურულს კი გუნდის ლიდერი იოან გურკუფიც წავიდა. ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ბორდოელთა დღევანდელ მეტოქეს შეუერთდა. ამხელა დანაკლისის უმტკივნეულოდ გადატანა კი "ბორდოზე" გაცილებით მძლავრ გუნდსაც გაუჭირდებოდა.

გასულ ტურში "ბორდო" ლაჟვარდოვან სანაპიროზე "ნიცასთან" 1:2 დამარცხდა და თავი გასავარდნ ზონაშიც ამოყო. გუნდის თამაშში არსებულ პრობლემებს ბორდოელთა დამრიგებელი ჟან ტიგანაც აღიარებს.

"იმ თამაშის პირველ ტაიმში ჩემი გუნდი ფეხბურთის გარდა ყველაფრით იყო დაკავებული. არ ვიცი, ბიჭებს რა დაემართა. გაოგნებული ვიყავი და შესვენებაზე შევეცადე, ფსიქოლოგიური განწყობა გამომეკეთებინა. მეორე ტაიმში უკვე მომენტების შექმნაც დავიწყეთ, მაგრამ დავმარცხდით და ჩვენთვის კატასტროფულ, მე-18 ადგილზეც აღმოვჩნდით, - თქვა ტიგანამ, - ვაღიარებ, იმ თამაშით, რომელსაც გუნდი იანვრიდან დღემდე დემონსტრირებს, გავარდნის ღირსნი ვართ".

აშკარაა, რომ ამ გუნდს ყოჩი აკლია – ისეთი, როგორიც ადრე იოან გურკუფი იყო, ან თუნდაც შამახი. მართალია, ახალგაზრდა ანტონი მოდესტმა 2 გოლის გატანა უკვე შეძლო, მაგრამ ეს ცენტრფორვარდი მეტისმეტად გამოუცდელია, რათა გუნდის ლიდერობა იტვირთოს. ჟირონდელთა ქომაგებს იმედი ჰქონდათ, რომ გურკუფ-შამახის არყოფნის პირობებში ფაჰიდ ბენ ჰალფალა გაიხსნებოდა, მაგრამ 27 წლის შუახაზელი სეზონს საოცრად ცუდ ფორმაში შეხვდა და მასზე გაცემულ ავანსებს არ ამართლებს.

"ლიონს" თავის ხვალინდელ მეტოქეზე რამდენადმე უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია ამ სახელოვანი გუნდის მრავალრიცხოვან ქომაგთათვის - ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ცხრილის მე-16 საფეხურზე იმყოფება. თუმცა, ისიცაა, რომ კლოდ პიუელს ოდნავი კმაყოფილების საფუძველი მაინც აქვს – მისი გუნდი თანდათანობით უმატებს და თუ ეს პროგრესი არ შეწყდა, "ლიონს" კვლავ ლიდერთა შორის ვიხილავთ.

მართალია, გასული უიქ-ენდი ლიონელთათვის იმედგაცრუებისა იყო, რაკი დიდი უპირატესობის მიუხედავად, გუნდმა თავის "სტად ჟერლანზე" "ვალანსიენს" ფრეზე გაეყარა – 1:1. თუმცკი, სამშაბათს პიუელის ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგაში "შალკე" დაამარცხეს, თანაც საკმაოდ კარგად ითამაშეს და ეს ოპტიმიზმის საბაბია.

"თამაშში პრაქტიკულად არაფერი გვაკლია. ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები მყავს და ბოლო ორ მატჩში მათ მიერ ნაჩვენები თამაში მართლაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. მთავარია, შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე გვქონდეს, თორემ ამხელა უპირატესობის ფონზე თამაშების ვერმოგება ნამდვილი საცოდაობაა", - თქვა პიუელმა.

ცალკე საუბრის თემა და დამატებითი ინტრიგა იოან გურკუფს უკავშირდება, რომელიც მშობლიურად ქცეულ "შაბან-დელმას" მოწინააღმდეგის როლში უბრუნდება. "აქ ორი საოცარი სეზონი გავატარე. ლორან ბლანისგან ბევრი რამ ვისწავლე, საფრანგეთის ჩემპიონიც გავხდი. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ვიცი, რომ გულშემატკივრები დამისტვენენ და ალბათ შემაგინებენ კიდეც. რა გაეწყობა, ატანა მომიწევს, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება", - წინასწარ ეგუება გურკუფი იმ ობსტრუქციას, რომელსაც განაწყენებული ბორდოელი ფანები უთუოდ შეაგებებენ.

საინტერესო სტატისტიკა: ამ გუნდების ბოლო 11 ბორდოული შეხვედრიდან მასპინძელმა გუნდმა ერთადერთი, შარშან გაზაფხულზე მოიგო.

ახლა საკადრო მდგომარეობაზეც ვისაუბროთ: ტიგანას გუნდს კვლავ ვერ დაეხმარებიან სერიოზულად ტრავმირებული მეკარე ულრიშ რამე და აბდულაი კეიტა. ცენტრალური მცველი მარკ პლანიუ პირველ გუნდთან კი ვარჯიშობს, მაგრამ ფეხი შეხვეული აქვს და არავინ იცის, ითამაშებს ლიონელთა წინააღმდეგ თუ ვერა. აი, ზემოთ ნახსენები მოდესტი კი ამ თამაშს ნამდვილად გამოტოვებს.

კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს ბრაზილიელი ვენდელი დაუბრუნდა, ვისაც გასული უქმეების მერე არ უვარჯიშია.

პიუელის საკადრო პრობლემები კი, ჩანს, დასასრულს უახლოვდება. კრისმა ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა, სულ მალე მწყობრში ალი სისოკოც ჩადგება, ხოლო მიშელ ბაშტუში და ლისანდრო ლოპესი თითქმის ოპტიმალურ ფორმაში შევიდნენ. ერთადერთი, ედერსონს ელის ხანგრძლივი მკურნალობა – სულ ცოტა, გაზაფხულამდე.

საკმაოდ დიდ ინტერესს კიდევ ერთი მატჩი იწვევს – "ლიუ II"-ზე "მონაკო" ლიდერ "ტულუზს" უმასპინძლებს. მონეგასკებმა გასულ ტურში ქულები ჩემპიონ "მარსელს" დააკარგვინეს და საერთოდ, ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობენ, ხოლო ტულუზელებმა ერთი კვირის წინათ სეზონში პირველი მარცხი "სენტ-ეტიენისგან" იგემეს. ორივე გუნდი შაბათის მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ამ სტადიონზე "მონაკომ" "ტულუზს" ბოლო ორი შეხვედრა მოუგო.

დედაქალაქურ "პარკ დე პრენსზე" ევროპის ლიგის პირველი ტურის ერთ-ერთი უმთავრესი სენსაციის ავტორი პსჟ ფრანგული პირველობის მეორეადგილოსან "რენს" უმასპინძლებს. თითქოსდა, ასამოა გიანის მოსაკლისებას ბრეტონული გუნდი უნდა დაესუსტებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით "რენმა" ჩატარებული მატჩების უმრავლესობა მოიგო და ლიდერ "ტულუზს" "კუდზე აზის". რაც შეეხება ნახსენებ სენსაციას, სწორედ ასე მოინათლა საფეხბურთო წრეებში პარიზელთა მიერ "სევილიას" სტუმრად ძლევა.

აი, საფრანგეთის ჩემპიონი "მარსელი" კი ევროპაში შერცხვა – საკუთარ "ველოდრომზე" მოსკოვის "სპარტაკთან" მარცხით თავისი საჩემპიონთალიგო სტარტი ჩააფლავა. თუმცა, დღეს ხმელთაშუაზღვისპირელებს რეაბილიტაციისთვის კარგი შესაძლებლობა მიეცემათ – ისინი "არლს" სტუმრობენ, რომელსაც ისტორიაში თავის პირველ "ელიტარულ" სეზონში ჯერჯერობით ქულაც ვერ მოუპოვებია. ალბათ დღესაც ვერ მოიპოვებს, რაკი გუნდი უმწვრთნელოდაა – დამრიგებელი მიშელ ესტევანი კლუბის ხელმძღვანელებთან ხანგრძლივი დავის მერე მაინც გადადგა. ძნელია, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუნდისგან ჩემპიონის დამარცხება თუ არა, მატჩის თუნდაც ფრედ დასრულება მოითხოვო.

დიდიე დეშანის გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება "ნიცასგან" ნაყიდი თავდამსხმელი ლოიკ რემი, ვინც უკვე მეორე კვირაა, საკლუბო ექიმების პაციენტია. გარდა ამისა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ სულეიმან დიავარას თამაშიცაა.

"ლილი" და "ოსერი" ევრობატალიებით არიან გადაღლილნი, პირველმა ევროპის ლიგაში ლისაბონის "სპორტინგთან" წააგო, მეორემ – ჩემპიონთა ლიგაში "მილანთან", ამიტომ ამ მატჩის შედეგის პროგნოზირება ორმაგად რთულია.

სლავა გასპაროვი

1. ტულუზი 5 4 0 1 8:3 12
2. რენი 5 3 2 0 7:2 11
3. სტ.-ეტიენი 5 3 1 1 8:6 10
4. ნიცა 5 2 3 0 6:4 9
5. მონპელიე 5 2 2 1 3:2 8
6. კაენი 5 2 2 1 6:6 8
7. პსჟ 5 2 1 2 9:6 7
8. ლილი 5 1 4 0 6:3 7
9. მონაკო 5 1 4 0 6:4 7
10. სოშო 5 2 1 2 8:7 7
11. ნანსი 5 2 1 2 5:8 7
12. ვალანსიენი 5 1 3 1 5:5 6
13. მარსელი 5 1 2 2 8:8 5
14. ლორიანი 5 1 2 2 5:6 5
15. ბრესტი 5 1 2 2 3:4 5
16. ლიონი 5 1 2 2 4:6 5
17. ოსერი 5 0 4 1 5:7 4
18. ბორდო 5 1 1 3 5:7 4
19. ლანსი 5 1 1 3 6:11 4
20. არლი 5 0 0 5 2:10 0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული